რძის ნაწარმის დამატებითი 10 ნიმუშის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე
2023 წლის 19 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ 10 რძის პროდუქტის მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმების შედეგები, იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6817. როგორც აღნიშნულ სტატიაში იყო მითითებული, დამატებითი 10 ნიმუშის შემოწმება ლაბორატორიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ლაბორატორიის პასუხები 21 დეკემბერს მივიღეთ. 3 ნიმუშში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა.
საერთო ჯამში, 20 ნიმუშის შემოწმების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:
- 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა.
- 5-დან 4 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო.
- 5-დან 3 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია.
- სავარაუდოდ, ყველა ნიმუში შედარებით მცირე მეწარმეების მიერაა წარმოებული.
შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შემდეგი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია:
- კვლევის მასშტაბის გათვალისწინებით, შედეგების მთელ ქვეყანაზე განზოგადება არ შეიძლება, თუმცა, ამგვარი მცირე მასშტაბისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ნიმუშების 25%-ში დარღვევების გამოვლენა იმაზე მოწმობს, რომ რძის ნაწარმის მცენარეული ცხიმის შერევით ფალსიფიკაცია ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შედარებისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ 2023 წელს მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმებული 216 ნიმუშიდან, დარღვევები მხოლოდ 7-ში, 3%-ში იქნა გამოვლენილი. 2024 წლის 20 თებერვალს სეს-მა 2023 წელს განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შეჯამებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ეს მონაცემები მცირედით განსხვავდება, კერძოდ, შემოწმდა 250 ნიმუში და მცენარეული ცხიმი გამოვლინდა 11 ნიმუშში, 4.4%.
- არაეტიკეტირებული სურსათი, რომელიც რიგით მომხმარებელს ნატურალური სოფლის პროდუქცია ჰგონია, შეიძლება ასეთი სულაც არ იყოს და მოქალაქე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მანიპულაციების მსხვერპლი აღმოჩნდეს.
- სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს მცირე მეწარმეების გასაკონტროლებლად. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი თვისებრივი კვლევის ანგარიში https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6816.
დამატებითი 10 ნიმუშის შემოწმების შედეგები იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: ბებოს ყველი იმერული
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ფიდან ნატურა, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 18.12.23 - 08.01.24
შესყიდვის ადგილი: გუდვილი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მაწონი ქობულეთური 3,2%
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს საუერ ქრიმ მასტერი, საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.12.23 - 22.12.23
შესყიდვის ადგილი: მაღაზია უნივერსამი, შპს მემო, ნუცუბიძის 179ა, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: არაჟანი ასაწონი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. დავით მუჯირიშვილი, დიღმის მას., მე-5 მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
_________________________________________________
პროდუქტის დასახელება: კარაქი ასაწონი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. დავით მუჯირიშვილი, დიღმის მას., მე-5 მ/რ, მე-3 კორპუსის მიმდებარედ, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________________
პროდუქტის დასახელება: კარაქი ასაწონი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: შპს მ ნ 1985, იოანე პეტრიწის 4, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
__________________________________________
პროდუქტის დასახელება: მაწონი
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ფიზიკური პირი, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ჩოჩეთი, საქართველო
ვარგისიანობის თარიღი: 12.12.2012 როგორც ჩანს, ეტიკეტზე თარიღი არასწორადაა მიწერილი
შესყიდვის ადგილი: შპს მ ნ 1985, იოანე პეტრიწის 4, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მაწონი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: ი.მ. დავით ჯიქიძე, გიორგი ბრწყინვალის 5, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: რძე
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: მარკეტი, ი.მ. ვასილი ბაცანაძე, გიორგი ბრწყინვალის 14, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: საჩხერის ყველი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: ხილ-ბოსტანი, ი.მ. ხათუნა ჭელიძე, ბორის პაიჭაძის 5ა, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ყველი
ქვეყანა: საქართველო
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -
შესყიდვის ადგილი: გია ბარდაველიძე, გლდანის აგრარული ბაზარი, თბილისი შესყიდვის ქვითარი
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი
_________________________________________________
დარღვევების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) და შესაბამის მეწარმეებს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში წამოვიწყეთ კამპანია რძის ნაწარმის შესამოწმებლად მოქალაქეთა შემოწირულობების შესაგროვებლად. კამპანიის შედეგად 932 ლარი შეგროვდა, რაც 13 ნიმუშის შესამოწმებლად იყო საკმარისი. ყველა შემომწირველს დიდი მადლობა ყურადღებისა და ნდობისათვის!
მოქალაქეთა შემოწირულობებს ჩვენმა ორგანიზაციამ საკუთარი თანხაც დაამატა, საერთო ჯამში 20 ნიმუში შევისყიდეთ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6814.
ეს სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
---------------------
2024 წლის 1 თებერვალს მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა განახორციელა იმ მაღაზიების კონტროლი, სადაც ჩვენ დარღვევები გამოვავლინეთ.
ი/მ დავით მუჯირიშვილის მაღაზიაში შემოწმების დროს ასაწონი არაჟანი არ აღმოჩნდა.
თუმცა, ბიზნესოპერატორს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში არ ჰქონდა მითითებული ოპერირების ფაქტობრივი მისამართი, რის გამოც 500 ლარით დაჯარიმდა.
ი/მ დავით ჯიქიძის მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი არაეტიკეტირებული მაწვნის მიმწოდებელი აღმოჩნდა ფიზიკური პირი (მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. ორბეთი). პირის სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები არ არის მითითებული.
მაღაზიაში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევებისა: მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა და ვადაგასული სურსათის განთავსება. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით და შეუჩერდა საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.
ი/მ ხათუნა ჭელიძის მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი „საჩხერის ყველის“ მიმწოდებელი აღმოჩნდა ფიზიკური პირი (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ არის მითითებული).
მაღაზიაში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით და შეუჩერდა საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.
სეს-ის პასუხიდან ირკვევა, რომ არ მოხდა ი/მ დავით ჯიქიძისა და ი/მ ხათუნა ჭელიძის მაღაზიებში რეალიზებული ჩვენს შეტყობინებაში მითითებული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა რძის ცხიმის სისუფთავეზე. შესაბამისად, გაუგებარია სცადა, თუ არა სეს-მა ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების დადასტურება, აღნიშნული დარღვევების ჩამდენი პირების გამოვლენა და, ამის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. ზემოაღნიშნულის თაობაზე 2024 წლის 1 თებერვალს მივმართეთ სეს-ს.
---------------------
2024 წლის 5 მარტს მივიღეთ სეს-ის მორიგი პასუხი, რომლის თანახმადაც, ი/მ დავით ჯიქიძისა და ი/მ ხათუნა ჭელიძის კუთვნილ მაღაზიებში კონტროლის განხორციელებისას ვერ მოხერხდა ჩვენს შეტყობინებაში მითითებული სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღება. ნიმუშის ასაღებად საჭიროა სურსათის შესაბამისი რაოდენობა - ერთი ნიმუში ლაბორატორიისთვის, ხოლო მეორე - რეფერენტული ნიმუში სააგენტოში შესანახად.
თუმცა, როგორც ჩანს, სეს-მა ყველის მიმწოდებლების კონტროლი არ განახორციელა, რისი მიზეზების შესახებაც სეს-ის განმარტება კვლავ მოვითხოვეთ.
---------------------
2024 წლის 21 მარტს სეს-ის მორიგი პასუხი მივიღეთ, რომელშიც მხოლოდ განმეორებულია წინა წერილებში გადმოცემული ინფორმაცია და არ არის ახსნილი, თუ რატომ არ მოხდა ი/მ დავით ჯიქიძისა და ი/მ ხათუნა ჭელიძის მაღაზიებში რეალიზებული ყველის მიმწოდებლების კონტროლი, რომელთა ნიმუშებშიც მცენარეული ცხიმი გამოვლინდა.
21.12.2023
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია