ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. საიტს მართავს ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა.
ცენტრმა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა ამ სექტორში. ცენტრი მიზნად ისახავს ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნას.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შემდეგია:
- სამოქალაქო განათლება.
- სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და ბაზრის მონიტორინგი.
- სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირება.
თავდაპირველად ბაზრის მონიტორინგი სურსათის შემოწმებით დავიწყეთ და დღეისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგსაც ვახდენთ.
2011 წლიდან შეიქმნა ინტერაქციული საიტი momxmarebeli.ge, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობა შუქდება. აქ მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასარგებლო სხვადასხვა ინფორმაცია ნახონ:
- რა უფლებები აქვს მომხმარებელს;
- რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელსა და გამყიდველს;
- ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა.
გარდა ამისა, მომხმარებელთა მომართვების საფუძველზე, ან ჩვენივე ინიციატივით სავაჭრო ქსელიდან ვიღებთ გაფუჭებული, ან საეჭვო სურსათის ნიმუშებს, ლაბორატორიულად ვამოწმებთ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციას ვებსაიტზე ვაქვეყნებთ, რეაგირებისათვის მივმართავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და იმ მეწარმეებს, რომელთა პროდუქციაშიც დარღვევები აღმოვაჩინეთ.
2019-2020 წლებში ლაბორატორიულად შევამოწმეთ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა არასასურსათო პროდუქცია, რომლის უსაფრთხოების კონტროლიც საქართველოში არ მოქმედებს. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის შემოღებას.
ჩვენ, ასევე, შემდეგ აქტივობებს ვახორციელებთ:
- იურიდიული კონსულტაციები მომხმარებლებისათვის.
- იმ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის მონიტორინგი, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ.
- მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე დაკვირვება.
- რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.
- მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში მედიის მხარდაჭერა.
- მომხმარებლის უფლებების სფეროში საქმიანობის დაწყებაში სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარება.
ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან ჩვენი ვებსაიტის, ფეისბუქის გვერდისა თუ ტელეფონის მეშვეობით.
მიღწევები - ის რითაც ვამაყობთ
- ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღებაში. ჩვენ წლების მანძილზე ვმონაწილეობდით კანონპროექტის შემუშავებაში და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მოვითხოვდით მის დამტკიცებას. 2022 წელს მიღებულმა კანონმა ქართველი მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობა თითქმის გაუთანაბრა ევროკავშირის მოწინავე კანონმდებლობას. ასევე, შექმნა კანონის სახელმწიფო ზედამხედველობისა და მეწარმეებთან დავებში მომხმარებლების უსასყიდლო დახმარების მექანიზმი.
- ცენტრმა საგულისხმო როლი შეასრულა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესებაში. ჩვენი აქტიური ადვოკატირების შედეგად,
- სურსათის უვნებლობის კონტროლის მონაცემების საჯაროობას მტკიცე საკანონმდებლო საფუძველი შეექმნა, რის შემდეგაც, ჩვენი ძალისხმევით, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა სულ უფრო გამჭვირვალე ხდება;
- სურსათის ეროვნულ სააგენტოს საეჭვო სასურსათო პროდუქციასთან დაკავშირებით მომხმარებელთა მიმართვებზე ოპერატიული რეაგირება დაევალა, რის შემდეგაც სააგენტოს ყოველწლიურად ასობით მომხმარებელი მიმართავს;
- საქართველოში აიკრძალა რძის პროდუქტების სახელწოდებით ისეთი პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.
- ორგანიზაციამ სასურსათო ბაზარზე მომხმარებლის უფლებების დარღვევის ასობით ფაქტი გამოააშკარავა და მათ გამოსწორებას შეუწყო ხელი.
- ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომხმარებლის უფლებების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაში:
- მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფეისბუქის გვერდს https://www.facebook.com/momxmarebeli.ge 30 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს;
- მედია რეგულარულად აშუქებს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის მუშაობას;
- პროგრამას ყოველწლიურად ასობით მოქალაქე მიმართავს მომხმარებლის უფლებების კუთხით ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად. ჩვენი დახმარების შედეგად, არაერთმა მოქალაქემ შეძლო მეწარმესთან დავაში საკუთარი სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
- ორგანიზაციამ ხელი შეუწყო მომხმარებლის უფლებების დასაცავად მოქალაქეთა გააქტიურებას და უშუალოდ ჩართო ისინი სასურსათო ბაზრის მონიტორინგში:
- დარღვევების დიდი უმრავლესობა მან სწორედ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე გამოავლინა.
- მოქალაქეებმა თავად დაიწყეს შემოწირულობების გაღება პროგრამის საქმიანობის ხელშესაწყობად.