საიტის მომხმარებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს. თითოეული მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
გთხოვთ თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან!
კომენტარი, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის გამონათქვამებს, წაიშლება:
- ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა, დაცინვა, დამცირება;
- მუქარა, თავდასხმა;
- უცენზურო ლექსიკა, პორნოგრაფიული სურათები ან ბმულები;
აგრეთვე წაიშლება კომენტარები, რომლებიც რაიმე ბიზნესის ან კომერციული საქმიანობის რეკლამას, ან მასში მომხმარებელთა ჩართვას ემსახურება.
ადმინისტრაციას უფლება აქვს კომენტარი სხვა, უფრო შესაფერის განყოფილებაში გადაიტანოს. კომენტარის წაშლისას ან სხვა განყოფილებაში გადატანისას მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მის მიერ მითითებული ელფოსტის მისამართზე.
გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჰაკერული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით კომენტარებში დაშვებულია მხოლოდ ასოების, ციფრების და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება (წერტილი, მძიმე, ორწერტილი, წერტილ-მძიმე, ტირე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, ბრჭყალები). სხვა ნიშნების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი იბლოკება!
ინფორმაცია მეწარმეებისთვის
სურსათთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულ საჩივრებს ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად გადაამოწმებს და შედეგებს ამ ვებსაიტზე გააშუქებს. გარდა ამისა, პერიოდულად ლაბორატორიულად ვამოწმებთ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციას და ვაქვეყნებთ შედეგებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულია მაღაზიაც, რომელშიც პროდუქტის შეძენა მოხდა, და პროდუქტის მწარმოებელიც. ჩვენ გვესმის, რომ ასეთმა გაშუქებამ შესაძლოა კონკრეტული მეწარმეების ინტერესები სერიოზულად დააზიანოს, ამიტომ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებებს აქვე, ამ ვებსაიტზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საწარმო ან ნაწარმი კრიტიკულად არის მოხსენიებული ჩვენი შემოწმებების აღმწერ ინფორმაციაში, თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესინტერესების დაცვის შემდეგი შესაძლებლობები:
-
თუ მიგაჩნიათ, რომ გამოთქმული კრიტიკა არასწორია, ან უკვე გამოასწორეთ ის დარღვევა, რომელიც ჩვენს სტატიაშია გაშუქებული, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია იქვე, იმავე სტატიაზე კომენტარის საშუალებით. კომენტართან ერთად შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფოტოები ან ვებბმულები. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენს მიერ ატვირთული მთელი ინფორმაცია უცვლელად, და ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაციის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის;
-
თუ გსურთ, რომ თქვენს მიერ დარღვევის გამოსწორება გადავამოწმოთ და გავაშუქოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებსაიტის, ფეისბუქის გვერდის, ან ტელეფონის მეშვეობით (239 90 19/18). ამის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი გაუფრთხილებლად ეწვევა თქვენს ობიექტს ფაქტის გადასამოწმებლად და, საჭიროების შემთხვევაში, შეისყიდის ჩვენს მიერ ადრე შემოწმებული კონკრეტული დასახელების პროდუქტის შემთხვევით არჩეულ ნიმუშს. მიღებული შედეგები გაშუქდება იმავე გვერდზე, სადაც აღმოჩენილ დარღვევაზე იყო საუბარი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, მიღებული დადებითი შედეგი კიდევ გადამოწმდება.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ პროდუქტის ერთობლივი შემოწმების ჩატარება.
თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პირობები სამართლიანი არ არის, გთხოვთ კომენტარებში მოგვწეროთ ამის შესახებ და შემოგვთავაზოთ გაუმჯობესების გზები.
ერთობლივი შემოწმება
მეწარმეთა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პროდუქტის შემოწმება მეწარმესთან ერთად განვახორციელოთ. თუმცა, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
- მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელმა, ოფიციალური წერილით უნდა მოგვთხოვოს ერთობლივი შემოწმების ჩატარება და თავის წერილში მიუთითოს თავისი წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი), ვინც ერთობლივი შემოწმების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას.
- შემოწმდება გასაყიდად განკუთვნილი, ჩვენს მიერ ადრე შემოწმებული კონკრეტული დასახელების პროდუქტის შემთხვევით არჩეული ნიმუში და არა ის ნიმუში, რომელსაც მეწარმე მიგვითითებს.
- თუკი შემოწმება ხდება მაღაზიის თხოვნით, სადაც ნიმუშის აღება უნდა მოხდეს, მაღაზიას მხოლოდ მას შემდეგ ვაცნობებთ ნიმუშის შესყიდვის თაობაზე, როცა ჩვენი წარმომადგენელი მაღაზიაში მივა.
- როცა შესყიდვა ხდება მაღაზიაში, მაგრამ შესყიდვით დაინტერესებულია არა მაღაზიის მეპატრონე, არამედ სხვა მეწარმე (მწარმოებელი, დისტრიბუტორი), მას შესყიდვის თაობაზე ვაცნობებთ მხოლოდ 1 საათით ადრე (შეიძლება ეს დრო მცირედით გაიზარდოს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თუკი მეწარმის წარმომადგენელს, ობიექტური მიზეზების გამო, მეტი დრო სჭირდება შესყიდვის ადგილამდე მოსასვლელად).
- ლაბორატორია, სადაც ნიმუშები შემოწმდება, ჩვენსა და მეწარმეს შორის წინასწარი შეთანხმებით შეირჩევა.
- მეწარმის სურვილის შემთხვევაში, ლაბორატორიული შემოწმება განხორციელდება იმგვარად, რომ ლაბორატორიას არ ჰქონდეს შესაბამისი სინჯ(ებ)ის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ამისთვის, გარდა ძირითადი სინჯისა, შემოწმდება იდენტურ შეფუთვაში მოთავსებული რამდენიმე საკონტროლო სინჯი. იმისთვის, რომ ძირითადი და საკონტროლო სინჯების გარჩევა შეუძლებელი იყოს, გამოიყენება სინჯების ფარული ნომრებით დანომვრის მეთოდიკა (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, თუ ეს შესაძლებელია, სინჯების გამოცდა განხორციელდება ერთდროულად ორ, ან მეტ ლაბორატორიაში.
- ლაბორატორიაში სინჯების ჩაბარება და ასევე ლაბორატორიიდან პასუხის გამოტანა მოხდება მეწარმესთან ერთად. ასევე ერთობლივად განხორციელდება სინჯების აღების ოქმში ფარული ნომრების გახსნა (თუკი მეწარმე ზემოთა პუნქტში აღნიშნულ პროცედურას აირჩევს).
- ერთობლივი შემოწმების შედეგები განთავსდება ვებსაიტზე momxmarebeli.ge.
- ერთობლივი შემოწმების შედეგები შეიძლება ისევ გადამოწმდეს დამოუკიდებელი შესყიდვის საშუალებით, მეწარმის გაფრთხილების გარეშე. შედეგები აგრეთვე განთავსდება საიტზე momxmarebeli.ge.
დაფარული ნომრებით სინჯების დანომვრა:
დაფარული ნომრები წარმოადგენს მცირე ზომის (დაახლოებით 1,5 სმX4 სმ), გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცლებს, რომლებსაც ერთი მხრიდან, ორივე ბოლოზე, უშლელი მარკერით აწერია ერთი და იგივე ნომერი:
ამ ფურცელს ზემოდან (ნომრების მხრიდან), ორმხრივი სკოჩით ეკვრება ამავე ზომის, შავი (ან სხვა) ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცელი:
ასე გამზადებული სხვადასხვა ნომრები კარგად აირევა. სინჯების აღებისას თითოეული ნომერი (შავი პლასტიკის მოშორების გარეშე) იჭრება შუაზე და მისი ერთი ნახევარი ეკვრება სინჯს, მეორე კი ჩაიკვრება სინჯის აღების ოქმში. სინჯზე დაკრული ნომრის გახსნა (ზედა პლასტიკის მოშორება) ხდება სინჯების ლაბორატორიისთვის ჩაბარებისას. სინჯების აღების ოქმში ჩაკრული ნომრები კი იხსნება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების პასუხის მიღების შემდგომ. ამ მომენტამდე სინჯის აღების ოქმი შეინახება საგულდაგულოდ დაბეჭდილ, გაუმჭვირვალე კონვერტში, მეწარმესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.
მედიასაშუალებებს
ამ ვებსაიტის დანიშნულებაა მომხმარებლების ინტერესების დაცვა, მათი განათლება და ინფორმირება იმისთვის, რომ მათ სასურველი პროდქუციისა, თუ მომსახურების არჩევა გაუიოლდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებენ, ამ მიზანს იზიარებენ. იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესები არ დაზარალდეს, აუცილებელია მომხმარებლს მიუკერძოებელი, სრული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. განსაკუთრებით ეს ეხება ინფორმაციას, სადაც კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები (უვნებლობა, ხარისხი) არის აღწერილი. ასეთი ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია ზუსტად მიეთითოს, თუ სად და როდის იქნა შეძენილი ამა თუ იმ მახასიათებლის მქონე პროდუქტი, ეთანხმება თუ არა მეწარმე ამ მონაცემებს და აპირებს თუ არა მათ შეცვლას, ჩატარდა თუ არა ამავე პროდუქტის შემოწმებები სხვა დროს და რა იყო მათი შედეგი, იყო თუ არა ინფორმირებული სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და მოხდა თუ არა რეაგირება მისი მხრიდან. ყოველივე ეს მომხმარებელს აძლევს სრულ სურათს, რომელზე დაყრდნობითაც ის იღებს გადაწყვიტილებას, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ვცდილობთ, ყოველ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაცია ერთ სტატიაში იყოს თავმოყრილი. გთხოვთ სტატიების გაშუქებისას მასში აღწერილი ინფორმაცია სრულად ასახოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფორმაციის არასრულად გადმოცემა ან დამახინჯება, რაც მომხმარებელს არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის პროდუქტზე და დააზარალებს როგორც მომხმარებელს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმესაც. ჩვენი საიტიდან ინფორმაციის გამოყენებისას გთხოვთ არ დაუშვათ ინფორმაციის დამახინჯება, არასრულად გადმოცემა, ან სხვამხრივ მოდიფიცირება, რამაც მომხმარებელი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს! გთხოვთ, ჩვენი მასალის გამოყენებისას, მიუთითოთ www.momxmarebeli.ge , როგორც ინფორმაციის წყარო. |