კარფურში შეძენილი ტკბილეული
2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივარი გმოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემომწმება.
საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 27 ივნისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ორი პროდუქტი „სანდომი ვაფლი“ და „GEO BACKERS პეჩენია“. ორივე პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, პეჩენიასაც და ვაფლსაც აღენიშნება სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი.
გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.
__________________________________
2017 წლის 10 ივლისს „სანდომის“ მწარმოებელი შპს „ვასაძის პურისაგან“ მივიღეთ წერილი:
შპს „ვასაძის პურის“ წერილის საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ ორგანოლეპტიკური კვლევები ოფიციალურად არის დანერგილი ლაბორატორიებში და ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს ამ მეთოდისათვის, მაშინ როდესაც პროდუქტის ნაკლის აღმოჩენა ამ მეთოდითაც შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ არა გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ლაბორატორიის დასკვნებში. მოცემული ფაქტის შესახებ ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც შევატყობინეთ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მაღაზიაში, ისე პროდუქტების წარმოებებში არსებული პირობები. დაველოდებით სააგენტოს ქმედებებს, რაც იმედია მეტ ნათელს მოჰფენს იმას, თუ რამ გამოიწვია პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების შეცვლა.
______________________________
2017 წლის 21 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, სააგენტოს მიერ ფირმების შპს „ვასაძის პური“ და შპს „ჯეო ბეიკერსი“ შემოწმების შედეგეზე. წერილიდან ირკვევა რომ სააგენტოს მიერ საწარმოებში განხორციელებული კონტროლისას არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება მაღაზია კარფურის შემოწმებას, ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ გამოუგზავნია. გაიგზავნა წერილი სააგენტოში, განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ არ მოხდა კარფურის შემოწმება.
--------------
2017 წლის 27 ივლისს შპს „ვასაძის პურმა“ მოგვაწოდა მათი პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, რომლის მიხედვითაც შემოწმებული ვაფლი „თბილისური“ შესაბამისი ნორმების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
--------------
2017 წლის 9 აგვისტოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვაცნობა, რომ მაღაზია კარფური შეამოწმა და მის საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
თუმცა, აღნიშნული შეუსაბამობები, როგორც ჩანს, კავშირში არ არის ჩვენს მიერ შემოწმებული ტკბილეულის ნაკლთან.
-------------
2017 წლის 5 ოქტომბერს, აღმოჩენილი დარღვევების გადასამოწმებლად, ვეწვიეთ თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურს ორივე პროდუქტის შესაძენად. შპს GEO BACKERS-ის „პეჩენია“ მაღაზიაში არ დაგვხვდა და მხოლოდ შპს „ვასაძის პურის“ პროდუქტი „სანდომი ვაფლი“ შევიძინეთ. პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. ამჯერად, პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გარდა, მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრებიც შევამოწმებინეთ.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში შემოწმებული ყველა პარამეტრი ნორმაშია, ერთის გარდა, მასში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა 1.4 მგ/კგ აღმოჩნდა (ნორმა 0.5 მგ/კგ)[1].
გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზია კარფურში და შპს „ვასაძის პურში“.
[1] ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი, სანიტარიული წესები და ნორმები, სანწდან 2.3.2.00 -00, პ. 6.5.5 ფქვილის საკონდიტრო ნაწარმი. მოგვიანებით გაირკვა, რომ კიდევ ერთი პარამეტრის გადაჭარბება აღმოჩნდა, რაც ჩვენ გამოგვრჩა. ეს არის მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები (მაფანმრ).
-----------------------------------------
2017 წლის 8 ნოემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა რომ ჩვენს მიერ სანდომის ვაფლში ტყვიის აღმოჩენის შესახებ შეტყობინების საპასუხოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელახალი შემოწმება პროდუქტში ტყვიის შემცველობის დასადგენად არ ჩაუტარებია, არამედ ამას მომავალში გეგმავს. სააგენტო თავად დაინტერსებული მხარის -- მწარმოებლის მიერ დაკვეთილი ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებით დაკმაყოფილდა, რომელთა მიხედვითაც პროდუქტში ტყვიის გადამეტებული ოდენობა არ აღმოჩნდა. თუმცა, გაურკვეველია, შემოწმდა თუ არა იგივე პარტია, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ჰიპერმარკეტ კარფურში (თბილისი მოლი) იყიდებოდა. ჩვენთვის გაუგებარი დარჩა სააგენტოს ასეთი რეაგირების მართებულობა და ამასთან დაკავშირებით სააგენტოს წერილით მივმართეთ.
------------------------------------------
2017 წლის 14 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ შპს „ვასაძის პურის“ მიერ წარმოებული ყველა დასახელების ვაფლის ნიმუშები შეამოწმა ტყვიის შემცველობაზე, მაგრამ მათში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ვერ აღმოაჩინა.
სააგენტომ, ასევე, დაავალა შპს „ვასაძის პურს“ ვაფლის რიგ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე კვლევა (მათ შორის, მაფანმრ), რის შედეგადაც ნორმებისაგან გადახრები არ დაფიქსირებულა.
სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება მისასალმებელია, თუმცა, ჩვენთვის მაინც გაუგებარი დარჩა, ჩვენი შეტყობინების მიღებისთანავე, რატომ არ აიღო სააგენტომ ვაფლის ნიმუში ჰიპერმარკეტ კარფურში, რაც იძლეოდა ტყვიით დაბინძურებული პარტიის აღმოჩენის შანსს. სრულიად შესაძლებელია, რომ 16 დღის შემდეგ, უშუალოდ საწარმოში უკვე აღარ მოიპოვებოდა ტყვიით დაბინძურებული პარტია.
----------------------------------------------
2018 წლის 12 იანვარს, გადამოწმების მიზნით, კარფურში შევიძინეთ შპს „ვასაძის პურის“ მიერ წარმოებული პროდუქტი „ვაფლი თბილისური შოკოლადით“, რომელიც ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ტყვიის შემცველობის განსასაზღვრად.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ვაფლში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
22.01.2018
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია