სურსათის უვნებლობის სფეროს ეფექტიანობის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიში“ გამოაქვეყნა. იხილეთ ბმული.

ანალოგიური ეფექტიანობის აუდიტი სამსახურმა 2015 წელს ჩააატარა. ბოლო აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ წინა ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, თუმცა, კვლავ არსებობს სხვადასხვა ნაკლოვანება, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა.

ანგარიში მრავალმხრივ საყურადღებოა. გამოვყოფთ რამდენიმე საკითხს:

  • მონაცემთა ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ობიექტები შეირჩევა, ძალზე არაზუსტია და ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ სეს დროულად ფლობდეს ინფორმაციას გაუქმებული ან ახლადდარეგისტრირებული ბიზნესოპერატორების შესახებ.
  • შეუმოწმებლად დარჩენილი ობიექტების პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაღალრისკიანი ბიზნესოპერატორების შემოწმება ხორციელდება სრულად, საშუალორისკიანების − ნაწილობრივ, ხოლო დაბალრისკიანების შემოწმება ფაქტობრივად არ ხორციელდება.
  • სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება, რასაც შემდეგ სახელმწიფო კონტროლი უნდა დაეფუძნოს, სათანადოდ ვერ ხდება, ამისათვის საჭირო მონაცემების არარსებობისა და პროცედურების დაუხვეწაობის გამო. საგულისხმოა, რომ ამ საკითხს ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს.
  • და ბოლოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოჩნდა პირველი საჯარო უწყება, რომელმაც ოფიციალურად დააფიქსირა სეს-ის მიერ გამოვლენილი მავნე პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დროული და სათანადო გავრცელების პრობლემა და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. მოცემული საკითხი ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს დავაყენეთ. მას შემდეგ არაერთხელ მივმართეთ თავად სეს-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ამაოდ.

2021 წლის აუდიტის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩვენს ორგანიზაციას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ანგარიშში, ჩვენს მიერ შეკრებილი მასალებიცაა გამოყენებული. რაც მთავარია, მისასალმებელია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ დასმული პრობლემები აუდიტის ანგარიშში აისახა.

იმედი გვაქვს, სურსათის უვნებლობის რეგულირებაზე პასუხისმგებელი უწყებები ახლა მაინც გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად.

24.01.2022


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია