სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რძის ნაწარმის ფალსიფიკაციისთვის
ჩვენ წლებია ვაკვირდებით რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევებს. საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია ტექნიკური რეგლამენტი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.
აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) აკონტროლებს. ეს უწყება წელიწადში რამდენიმე ათეულ ნიმუშს ამოწმებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სეს ავალებს მეწარმეებს სურსათის შესაბამისი პარტიები სავაჭრო ქსელიდან ამოიღონ და მწარმოებლებს/დისტრიბუტორებს აჯარიმებს ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო, 200-დან 500 ლარამდე. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მ.66,6.
წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, სეს-ისა, თუ ჩვენი ორგანიზაციის ყოველი შემოწმების შედეგად, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმი რიგ პროდუქტებში მაინც ფიქსირდებოდა სეს-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები იხ. https://nfa.gov.ge/Ge/StateControl - მონიტორინგი. განსაკუთრებით საგულისხმო ის იყო, რომ ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქციაში ეს დარღვევა განმეორებითაც არაერთხელ აღმოჩნდა, კანონით გათვალისწინებული სანქციები და სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის მასშტაბი არ იყო საკმარისი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
2021 წლიდან სეს-მა რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეტყობინება დაიწყო, რადგან აღნიშნული ფაქტები სისხლისსამართლებრივი დანაშაულის, ფალსიფიკაციის ნიშნებსაც შეიცავს, რისთვისაც უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული, ვიდრე ზემოაღნიშნული ჯარიმები სისხლის სამართლის კოდექსი, მ. 197 და 1971. თუმცა, 2021 წელს სეს-ის მიერ გამოვლენილი ყველა ასეთი დარღვევის თაობაზე საგამოძიებო სამსახურის შეტყობინება მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხდა.
კითხვები წარმოშვა საგამოძიებო სამსახურის პასუხებმაც, მიღებულ შეტყობინებებზე სათანადო რეაგირების კუთხით. ზემოაღნიშნულ საკითხებზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად იხილეთ სტატიაში ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6773?f=3.
ამჯერად დავინტერესდით რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის თაობაზე გამოძიებების 2022 წლის შედეგებით.
სეს-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2022 წელს რძის ცხიმის სისუფთავეზე სურსათის 100 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც 6 დარღვევა გამოვლინდა. ეს იყო შემდეგი საწარმოების საქონელი:
- შპს ათინათი - მაწონი, არაჟანი, ხაჭო.
- შპს ზეკარი - ყველი.
- შპს ,,ფიდან ნატურა'' - ბებოს ყველი იმერული.
- შპს ამალთეა - მაწონი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე. 1 საქმეზე დანაშაული დადასტურდა და გაფორმდა განრიდება, ხოლო კიდევ 1 საქმე გადაიგზავნა სასამართლოში. 15 თებერვლის მდგომარეობით, 2022 წელს დაწყებული გამოძიებებიდან გრძელდებოდა გამოძიება 4 საქმეზე. ხოლო 1 მარტის მდგომარეობით, გრძელდებოდა 2021 წელს დაწყებული კიდევ ერთი გამოძიება ამავე სახის დანაშაულზე. საგამოძიებო სამსახურის 15.02.23-ის და 01.03.23-ის წერილები
„განრიდებას“ რაც შეეხება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება არ დაიწყოს ან შეწყდეს ზოგიერთი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) გარკვეულ პირობებს შეასრულებს, როგორებიცაა მაგალითად, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჯარიმის გადახდა, საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება და სხვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 1681
სასამართლოში გადაგზავნილ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2022 წელს საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ფალსიფიკაციის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 197 და 1971 მუხლები) შესულ ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ასე რომ, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ზემოაღნიშნულ საქმეზეც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოტანილიყო.
როგორც ვხედავთ, 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელს სეს-მა საკუთარი ინიციატივით გააგზავნა რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოვლენის შესახებ ყველა შეტყობინება საგამოძიებო სამსახურში და ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებების დაწყებასთან დაკავშირებითაც კითხვები არ ჩნდება.
გამოძიებების ეფექტიანობის შესაფასებლად საკმარის ინფორმაციაზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. თუმცა, სისხლის სამართლის გამოძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია ისინი დიდ ხანს გაგრძელდეს.
რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის გამოვლენაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართვამ რამდენად შეამცირა ამ დანაშაულის მასშტაბები ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნების გამოტანა. თუმცა, საგულისხმოა, რომ იმ ფირმების პროდუქციაში, რომლებსაც 2021 წელს გამოუვლინდათ დარღვევები, 2022 წელს იგივე დარღვევები აღარ გამოვლენილა. ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფირმების ნაწილის პროდუქცია რძის ცხიმის სისუფთავეზე 2022 წელს საერთოდ არ შემოწმებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით სეს-ისაგან განმარტებას გამოვითხოვთ. ზოგადად, რამდენად ეფექტიანად ხდება შესამოწმებელი ნიმუშების შერჩევა, ცალკე საკითხია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეს-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს რძის ცხიმის სისუფთავეზე 100 ნიმუში შემოწმდა და 6 დარღვევა გამოვლინდა, ანუ შემოწმებული ნიმუშების 6%-ში. 2021 წელს ამავე მაჩვენებელზე 116 ნიმუში შემოწმდა და 10 დარღვევა გამოვლინდა, ანუ ნიმუშების 8.6%-ში. მცირედი კლება შეინიშნება. თუმცა, ამ მონაცემების სიზუსტის გადამოწმება, ან სეს-ისაგან დამოუკიდებელი კვლევების შედეგებზე დაყრდნობა არ შეგვიძლია.
შედარებისათვის 2020 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ რძის ცხიმის სისუფთავეზე 76 პროდუქტი შეამოწმა და დარღვევა 11 ნიმუშში გამოავლინა, რამაც 14.5% შეადგინა. ხოლო იმავე წელს სეს-მა 60 ნიმუში შეამოწმა და 8 დარღვევა გამოავლინა (შემოწმებული ნიმუშების 13.3%). მათ შორის იყო ჩვენი შეტყობინებებით ჩატარებული შემოწმებები იმ ფირმების პროდუქციისა, რომლებშიც დარღვევები ჩვენ გამოვავლინეთ. იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6737?f=2 და https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6715?f=2
ნებისმიერ შემთხვევაში, რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართვა დადებითი ნაბიჯია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება საკმარისი აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. გადამწყვეტი სიტყვა აქ სეს-ს ეკუთვნის, რომელიც სურსათის სისტემატურ კონტროლს ახორციელებს. აუცილებელია, რომ ეს კონტროლი ეფექტიანი იყოს, ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდებოდეს და საზოგადოების მხრიდანაც გარკვეული მონიტორინგი მიმდინარეობდეს.
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავ გავაგრძელებთ აღნიშნულ საკითხზე დაკვირვებასა და საზოგადოების ინფორმირებას.
--------
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ მეწარმეების ნაწილის პროდუქცია, რომლებშიც მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა 2021 წელს, მომდევნო წელს სეს-ს აღარ გადაუმოწმებია. მიზეზების დასადგენად სეს-ს მივმართეთ. პასუხად 2023 წლის 4 აპრილს მივიღეთ წერილი, რომლის თანახმადაც დისტრიბუტორი შპს დავითი, შპს ფუდ ლაინ+ და ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, აღნიშნულ ბიზნესოპერატორებთან სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ნაყინის საწარმოებს შპს 4ბროსი და შპს აისი, მათ ინგრედიენტებში მიუთითეს მცენარეული ცხიმი, რაც ნაყინის შემთხვევაში საკმარისია კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე, სეს-ს 2022 წელს ამ საწარმოების პროდუქციის განმეორებითი ნიმუშები აღარ აუღია.
23.03.2023
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია