კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. კანონი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისადაა მომზადებული და ამიერიდან საქართველოში მომხმარებლებს თითქმის იგივე უფლებები გვაქვს, როგორც ევროკავშირში.
კანონი იცავს მომხმარებელს, მხოლოდ როგორც კერძო, ფიზიკურ პირს მაშინ, როდესაც ის იძენს პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ საქონელს ან მომსახურებას. ფიზიკურ პირზე კანონი არ ვრცელდება, თუ ის მოქმედებს გარკვეული პროფესიული ან საქმიანი მიზნით. მაგალითად, ხელოსნის მიერ სამუშაო იარაღის შეძენაზე, ან მხატვრის მიერ საღებავების შეძენაზე და ა.შ.
რა უფლებებს გვანიჭებს კანონი მომხმარებლებს და რას ავალდებულებს იგი მეწარმეებს?
ინფორმაცია
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების შესახებ, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მომხმარებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს. ეს არის:
- საქონლის ან მომსახურების დასახელება.
- მწარმოებლის დასახელება.
- საქონლის ან მომსახურების არსებითი მახასიათებლები, მაგ. ზომა, წონა, შესაძლებლობები.
- მოვაჭრის ვინაობა, მისამართი და საკონტაქო მონაცემები.
- შესაბამის შემთხვევაში, საქონლის ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელება და მისამართი, ტრანსპორტირების, ან მონტაჟის ხარჯები და სხვა.
ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროებისთვის გამიზნულ წვრილმან ყოფით გარიგებაზე, თუ ის მაშინვე სრულდება.
სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დეტალური მოთხოვნები ცალკე ტექნიკური რეგლამენტითაა გაწერილი.
საქონლის მიწოდება
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თუ მოვაჭრემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, მომხმარებელს შეუძლია მას დამატებითი ვადა თავად განუსაზღვროს. თუ პირობა ამ ვადაშიც არ შესრულდა, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას გარიგებაზე და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ საქონლის მიწოდება გარკვეულ თარიღთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ დაბადების დღისათვის ტორტი შევუკვეთეთ, მაგრამ საკონდიტრომ იგი იმ დღეს ვერ გამოაცხო, მაშინ არ ვართ ვალდებული მას დამატებითი დრო მივცეთ.
ნაკლის მქონე საქონელი ან მომსახურება
თუ საქონელი ან მომსახურება ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მოვაჭრე ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი; თუ ეს ვერ ხერხდება - ნივთის შემთხვევაში, შეცვალოს იგი სხვა ანალოგიური ნივთით, ან თუ ესეც ვერ ხერხდება ნივთის ან მომსახურების ფასი შეამციროს, ან მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს.
საქონელი ან მომსახურება ნაკლის მქონედ ითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი არ შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წინასწარ მიწოდებულ აღწერას.
ნაკლი უნდა გამოსწორდეს ან საქონელი შეიცვალოს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს მნიშვნელოვანი შეფერხება არ შეექმნას.
საქონლის შეკეთების ან შეცვლისათვის საჭირო ყველა ხარჯი (მათ შორის, ტრანსპორტირების, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯები) მოვაჭრემ უნდა დაფაროს.
გარიგების მოშლის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
ნაკლის მქონე საქონლის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოაღწერილი პირობებით, თუ საქონლის ნაკლი მისი გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. ცხადია, თუკი საქონლის ვარგისიანობის ვადა გასული არ არის.
მომხმარებელს არა აქვს უფლება მოშალოს გარიგება, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას. ამ შემთხვევაში მოვაჭრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მიწოდებისას საქონელი უნაკლო იყო.
გარანტია
გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია. მაგალითად, თუ გარანტიის პირობა, საქონლის შეძენიდან მხოლოდ რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში ითვალისწინებს ნაკლის მქონე საქონლის შეცვლას, იგი ბათილია.
დისტანციურად შეძენილ საქონელსა ან მომსახურებაზე უარის თქმა
საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს 14 დღის განმავლობაში უარი თქვას მასზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.
ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების შემთხვევაში − გარიგების დადებიდან;
ბ) საქონლის შემთხვევაში − საქონლის მიღებიდან.
უარის სათქმელად მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს გაუგზავნოს სპეციალური შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას.
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა (მათ შორის, საქონლის მიწოდების თანხა) დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
თავის მხრივ, მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს დაუბრუნოს საქონელი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა,
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.
თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, დაბრუნება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია.
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
- საქონელი ჰერმეტულად იყო შეფუთული და მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და სხვა.
დისტანციურ შეძენასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პირობები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
გარიგების პირობები
გარიგების (ან ხელშეკრულების) სტანდარტული პირობა არის მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის დადგენილი, წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ჰქონდა.
მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შეთავაზებული გარიგების სტანდარტული პირობები მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. გარიგების ორაზროვანი პირობები მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება.
გარიგების სტანდარტული პირობები ბათილია, თუ ისინი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და მოვაჭრეს, მომხმარებელთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მათ შორის, ბათილია შემდეგი პირობები:
- დებულება, რომელიც გამორიცხავს მოვაჭრის პასუხისმგებლობას მომხმარებლისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.
- დებულება, რომელიც მომხმარებელს ართმევს უფლებას მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის ნაკლის გამოსწორება ან გარიგებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება.
- დებულება, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას აკისრებს ან მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, მომხმარებელს გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა მოსთხოვოს.
- დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე მაშინ, როდესაც მომხმარებელს არ ეძლევა ასეთივე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
- დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, უარი თქვას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის გარეშე.
- დებულება, რომლითაც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ავტომატურად გრძელდება, ან რომლითაც მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაგრძელების ნების გამოსავლენად არაგონივრულად მცირე ვადაა დადგენილი.
- დებულება, რომლითაც მოვაჭრე საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ დიდ ვადებს აწესებს ან რომლითაც ვადები ბუნდოვნად არის განსაზღვრული.
- დებულება, რომელიც მომხმარებელს უწესებს ისეთ პირობებს, რომელთა გაცნობის რეალური შესაძლებლობა მას ხელშეკრულების დადებამდე არ ჰქონდა.
- დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს საქონლის ან მომსახურების თვისებები/მახასიათებლები.
- დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა საქონელი ან მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ცალმხრივად განმარტოს.
- დებულება, რომელიც მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ავალებს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა მოვაჭრე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას.
- დებულება, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და სხვა.
თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისებიც.
შეცდომაში შემყვანი ან აგრესიული კომერციული საქმიანობა
აკრძალულია:
- მომხმარებლისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, ან პირიქით, სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობა.
- პირამიდული სქემების ჩამოყალიბება, მართვა ან ხელშეწყობა, რომელშიც ფინანსური სარგებელი მიიღება სხვა მომხმარებლების ჩართვით და არა საქონლის ან მომსახურების გაყიდვით.
- ფარული რეკლამა.
- საქონლის ან მომსახურების იმგვარად რეკლამირება, თითქოს ეს საქონელი ან მომსახურება სხვა მეწარმის მიერ არის წარმოებული/მიწოდებული.
- მომხმარებლისათვის სისტემატურად არასასურველი შეთავაზებების გაგზავნა.
- ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი და სხვა.
დისკრიმინაცია
დაუშვებელია მომხმარებელთა დიკსრიმინაცია, ანუ მათი რაიმე ნიშნით გამორჩევა და არათანაბარი მოპყრობა.
კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან
2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“) ზედამხედველობას გაუწევს კანონის აღსრულებას, შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად (თუკი ასეთები არსებობს, მაგალითად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).
დარღვევების გამოვლენისას, სააგენტო მითითებებს მისცემს მეწარმეებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. დაუმორჩილებლობისას, სააგენტოს შეეძლება დააჯარიმოს მეწარმე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლა
სააგენტო შეისწავლის შესაძლო დარღვევების ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ეხება მომხმარებელთა ჯგუფის უფლებებს.
სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.
ვადის ათვლა წყდება დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და დაყოვნებამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს საქმისათვის მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვება, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით.
საქმის შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილების სრულ ტექსტს, დასაბუთების ჩათვლით.
სააგენტოსთვის მიმართვა
მომხმარებლის უფლებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ) პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს (ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს), მარტივი განცხადებით. უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანა აუცილებელი აღარ იქნება.
არ არის აუცილებელი სააგენტოს უშუალოდ დაზარალებულმა მიმართოს.
სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა, დარღვევის ჩადენიდან, არაუგვიანეს 2 წლისა.
სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე.
პირობითი ვალდებულება
საქმის შესწავლის დასრულებამდე, მოვაჭრეს შეუძლია თავად შესთავაზოს სააგენტოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება, დარღვევის აღმოსაფხვრელად. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს.
ასეთ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას ვალდებულებების შესრულების პირობებისა და ვადის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს ვებსაიტზე ქვეყნდება.
სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ: ა) მოვაჭრე მის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს; ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.
ჯარიმა
- სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
- თუ მოვაჭრე ახალი დაფუძნებულია, ჯარიმის ოდენობა იანგარიშება დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის ბრუნვიდან.
- ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და ხანგრძლივობა.
- მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება.
- ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
სააგენტოს წლიური ანგარიში
სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში თავისი საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში სააგენტოს ვებსაიტზე ქვეყნდება.
სრული ინფორმაციისათვის გთხოვთ წაიკითხოთ კანონი.
04.07.2022
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია