სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები

2013 წლიდან საქართველოში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების მკვეთრი ზრდა დაიწყო. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მონაცემებით, თუკი 2012 წელს სურსათის ბიზნესოპერატორების 504 ინსპექტირება ჩატარდა, 2013 წელს წელს ამ მაჩვენებელმა 2000-ს გადააჭარბა, ხოლო 2019 წელს - 16 ათასს. თუკი 2012 წელს ლაბორატორიულად შემოწმდა სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის 428 ნიმუში), 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 800-ს გადააჭარბა, ხოლო 2019 წელს - 5000-ს. მატება აღინიშნა კონტროლის სხვა მიმართულებებითაც.

თუმცა, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა 2020-2021 წლებში, როცა სახელმწიფო კონტროლის რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ,

  • 2020 წლიდან დაიწყო ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ნიმუშების რაოდენობის კლება და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2013 წლის შემდეგ - 2437 ნიმუში.
  • 2016 წლიდან სისტემატურად მცირდებოდა დოკუმენტური შემოწმებების რაოდენობა და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2014 წლის შემდეგ - 6352 შემოწმება.
  • მთლიანობაში, 2020-2021 წლებში, 2019 წელთან შედარებით, სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. 2019 წ. 30 641 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, ხოლო 2021 წ. - 23 562, ანუ 23%-ით ნაკლები.
  • 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ლაბორატორიულად შემოწმებული ვეტპრეპარატების რაოდენობა და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2014 წლის შემდეგ - 196 ნიმუში.

სეს ამას შემდეგი მიზეზებით ხსნის:

  • დოკუმენტური შემოწმებების რაოდენობის შემცირება კონტროლის მექანიზმის გამარტივებითაა გამოწვეული, რაც 2016 წელს მოხდა. ინსპექტირებისას დაფიქსირებულ დარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ შეავსონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე, რაც მანამდე საჭიროებდა დოკუმენტური აქტის შევსებასაც.
  • შემოწმებული ვეტპრეპარატების რაოდენობის კლება გამოწვეულია წინა წლებში განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების მცირე ოდენობით, ბოლოს კი არარსებობით. 2014-2018 წლებში გამოკვლეული 1042 ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშიდან უვარგისად იქნა მიჩნეული 17 პრეპარატის ნიმუში, ხოლო 2019-2021 წლებში - არცერთი. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ უფრო მნიშვნელოვანია, გაკონტოლდეს ვეტერინარული პრეპარატების შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების პირობები დამამზადებელ საწარმოებში, სარეალიზაციო ობიექტებსა და ვეტერინარულ კლინიკებში. ამგვარად, შეიცვალა მიდგომა და 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოწმებული ვეტერინარული ობიექტების რაოდენობა. თუკი 2019 წ. 399 ობიექტი შემოწმდა, 2020 წ. ამ მონაცემმა 450 ობიექტი შეადგინა, ხოლო 2021 წ. – 1042. ანუ 2019 წელთან შედარებით ზრდამ 104% შეადგინა.
  • 2020-2021 წლებში კონტროლი პანდემიის შედეგად შემცირდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სურსათის ბევრ ბიზნესოპერატორს მუშაობა შეჩერებული ჰქონდა. მათ შორის იყო პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრული საბავშვო ბაღებისა (წელიწადში 2-ჯერ) და სკოლის ბუფეტების (წელიწადში ერთხელ) კვების ბლოკების შემოწმება. ასეთი კი 2000-ზე მეტია.

ამასთანავე,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციის საფუძველზე, პანდემიიდან გამომდინარე, შემცირდა სურსათის ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში საგრძნობლად გაიზარდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი.  თუკი 2019 წელს 150 ასეთი ობიექტი შემოწმდა, 2020 წ. ამ მაჩვენებელმა 500-მდე ობიექტი შეადგინა, ხოლო 2021 წ. – 700-ზე მეტი, რაც დაახლოებით 365%-იანი ზრდაა, 2019 წელთან შედარებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2022 წლიდან სურსათის უვნებლობის კონტროლი გაფართოვდება.

ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ისიც, რომ სურსათის ლაბორატორიულად შემოწმებული ნიმუშების რაოდენობა 2020 წლამდეც არ იყო საკმარისი საქართველოს ზომის ქვეყნისათვის. რაც მთავარია, ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ მუშაობს სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასებისა და კონტროლის დაგეგმვის ეფექტიანი სისტემა. ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6776 და https://docs.google.com/document/d/1CwLI9vGvY1mW86_ezbVzk06jKv9kNNI9X83kWhjUMRM/edit#

 

წყაროები:

  1. სურსათის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშები - https://nfa.gov.ge/Ge/Reports;
  2. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ლაბორატორიული კვლევის შედეგები - მონიტორინგი (2021) https://nfa.gov.ge/Ge/StateControl.
  3. სურსათის ეროვნული სააგენტოს 07/03/2022-ის წერილი N 09/1364 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს.
  4. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, კოვიდ-19 და სურსათის უვნებლობა: სახელმძღვანელო სურსათის უვნებლობის კონტროლის ეროვნულ სისტემებზე პასუხისმგებელი უწყებებისათვის, 2020 წლის 22 აპრილი, https://www.who.int/publications/i/item/WHO-2019-nCoV-Food_Safety_authorities-2020.1.
  5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიში, https://bit.ly/3Ig0Q4Z.
  6. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სურსათის უვნებლობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულების შეფასების მატრიცის კომენტარები, https://docs.google.com/document/d/1CwLI9vGvY1mW86_ezbVzk06jKv9kNNI9X83kWhjUMRM/edit#.

 

18.03.2022


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია