სურსათის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე
თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა სურსათის 6 ნიმუში და შევამოწმეთ სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში საღებავები არ აღმოჩნდა.
შემოწმება ჩატარდა ლევან სამსახაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. იხილეთ ექსპერტიზის დასკვნა.
სურსათში სიცოცხლისთვის საშიში საღებავი სუდანი ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოვაჩინეთ. მაშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) დაბინძურების სავარაუდო წყაროდ იმპორტირებული დაფქული წითელი წიწაკა მიიჩნია და მისი კონტროლის გასამკაცრებლად საგანგებო ბრძანებაც გამოსცა. ამის შემდეგ, 2020 წელს კიდევ ორჯერ ჩავატარეთ სურსათის კვლევა სუდანის შემცველობაზე და ორივეჯერ ჯამში 8 ნიმუშში აღმოჩნდა სუდანი (ბოლო კვლევის შედეგები იხილეთ აქ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6740). ამ საღებავით დაბინძურებული საკვები 2020 წელს სეს-მაც აღმოაჩინა (34-დან 9 ნიმუშში), ხოლო 2021 წლისათვის 33 ნიმუშის შემოწმება დაგეგმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 2021 წელს სეს-ის მიერ შემოწმებულ ნიმუშებში სუდანი არ აღმოჩნდა.
ამგვარად, სეს-ის მიერ შემოწმებული ნიმუშების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო და რჩებოდა კითხვა, თუ რამდენად საკმარისი იყო მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ საღებავ სუდანზე დამატებითი ნიმუშების შემოწმება.
მანამდე პროდუქციის კვლევას ძირითადად უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ვახორციელებდით. ბოლო წელიწადნახევარია ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო დაფინანსება არ გვაქვს. ამიტომაც 2021 წლის სექტემბერში წამოვიწყეთ კამპანია კვლევისათვის საჭირო თანხების მოქალაქეებისაგან შესაგროვებლად (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6769). 2022 წლის 16 იანვრისათვის მოქალაქეების შემოწირულობებმა 2317 ლარი შეადგინა. ამას ჩვენი ორგანიზაციის რეზერვიდან 130 ლარიც დავამატეთ და 6 ნიმუშის შემოწმება შევძელით (თითო ნიმუშის კვლევა 400 ლარი ღირს, იხ. ლაბორატორიაში თანხის გადარიცხვის დოკუმენტი).
ვეცადეთ პირველ რიგში, ისეთი პროდუქტები შეგვერჩია, რომლებშიც წინა შემოწმებების დროს სუდანი ყველაზე მეტჯერ აღმოჩნდა და რომლებიც მაღაზიებში ახლაც ხელმისაწვდომი იყო.
სასიხარულოა, რომ ჩვენი და სეს-ის ბოლო შემოწმებების შედეგად სუდანით დაბინძურებული სურსათი საქართველოს ბაზარზე აღარ გამოვლინდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენმა აქტიურობამ და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ზომებმა თავისი შედეგი გამოიღო.
თუმცა, შემოწმების მასშტაბი მაინც მცირეა და სუდანის შემცველობაზე სურსათის მონიტორინგის გაგრძელება მომავალშიც საჭირო იქნება.
გულითად მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ამ კვლევის ჩასატარებლად თანხა შემოგვწირა და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა დიდი სტიმულია!
შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ სურსათის ბაზრის მონიტორინგს და, როგორც ყოველთვის, გავავრცელებთ მოპოვებულ ინფორმაციას.
შემოწმებული სურსათის სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: წითელი ტყემალი
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა"/საქართველო
წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 11.07.2021-11.07.2023
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური", თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, შესყიდვის ქვითარი
_______________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: Supremo ტომატის საწებელი ცხარე
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფუდსერვისი"/საქართველო
წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 06.05.2020-06.05.2023
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სპარი" (სს "ფუდმარტი"), თბილისი, ვაჟა-ფშაველას 2, შესყიდვის ქვითარი
_________________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: ხათოს აფხაზური აჯიკა
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. "თამარ ყოლბაია"/საქართველო
წარმოების თარიღი: 01.06.2021
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნიკორა", თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვ., მიქელაძის 9, შესყიდვის ქვითარი
__________________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: Nena აჯიკა აფხაზური
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო-ჩოხატაური"/საქართველო
წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 30.07.2021-30.07.2023
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი", თბილისი, ფარნავაზ მეფის 1, შესყიდვის ქვითარი
______________________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: "ხომლი" წითელი წიწაკა დაფქული
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფარკონი"/საქართველო
წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 06.01.2021-06.01.2023
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნიკორა", თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვ., მიქელაძის 9, შესყიდვის ქვითარი
_______________________________________________________________________
პროდუქტის დასახელება: Waime! ბოსტნეულისთვის- ბოსტნეულის ნარევი
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. "გეორგი გოგია"/საქართველო
წარმოების/ თარიღი: 18.08.2021
შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ბადაგი", თბილისი, მიცკევიჩის 18, შესყიდვის ქვითარი
21.02.2022
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია