პეტიცია სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის თაობაზე
საქართველოში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.
სამომხმარებლო პროდუქციისაგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და სხვა.
სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში. ევროკავშირის ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად თავსდება ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე „საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა“ (Safety Gate: the rapid alert system for dangerous non-food products).
საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთი პროდუქციის შემოწმების შედეგები განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge.
მართალია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს.
ამგვარად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა.
საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის.
მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად.
---------------
პეტიციის ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამისათვის საჭიროა გახსნათ ეს ხელმოწერის ფორმა, შეიტანოთ თქვენი მონაცემები, ამობეჭდოთ, მოაწეროთ ხელი, გადაუღოთ ფოტო, ან დაასკანეროთ და გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე tamar@csrdg.ge. თქვენი წერილის გახსნის შემდეგ გამოგეგზავნებათ დასტური.
ხელმოწერების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 თებერვალი.
თუკი პეტიციას მხარს უჭერთ, გულითადად გთხოვთ, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მოაწეროთ ხელი და სხვებსაც გააგებინოთ მის შესახებ!
სულ მცირე, 300 ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებული იქნება პეტიცია განიხილოს. თუმცა, რაც უფრო მეტი ადამიანი მოაწერს პეტიციას ხელს, მით უფრო იზრდება ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი!
---------------
თუკი პეტიციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ დაესწროთ ზუმშეხვედრებს, რომლებსაც მომავალი კვირების განმავლობაში გავმართავთ. პირველი ასეთი შეხვედრა 27 იანვარს შედგა.
დანარჩენი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენი ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/momxmarebeli.ge.
---------------
ინიციატივა ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“. ინიციატივაზე პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
---------------
2021 წლის 26 თებერვლისათვის პეტიციას 1001-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი! იმავე დღეს პეტიცია პარლამენტში წარვადგინეთ.
პარლამენტმა 2 კვირის განმავლობაში უნდა გვაცნობოს პეტიციის პირველი განხილვის შედეგები.
მოვლენების შემდგომი განვითარების თაობაზე ინფორმაციას განვათავსებთ ამ საიტზე და ჩვენი ფეისბუქის გვერდზე.
პეტიციის ყველა ხელმომწერს გულითად მადლობას ვუხდით!
---------------
2021 წლის 1 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაავალა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი პეტიცია და დასკვნა ბიუროს წარუდგინოს.
---------------
2021 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შედგა პეტიციის განხილვა. სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პეტიციის განხილვის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, კერძოდ მის გადაგზავნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში.
---------------
2021 წლის 5 მაისს მივიღეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხი. წერილში აღწერილია სამინისტროს გეგმები პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის კუთხით და ის საქმიანობა, რომელიც გასაწევია ყოველი ახალი სფეროს რეგულირების დასაწყებად. ფაქტობრივად, წერილში ჩვენთვის ახალი არაფერია. სამინისტრო არ არის მზად რაიმე დამატებითი ვალდებულების ასაღებად.
---------------
2021 წლის 18 მაისს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი, რომლის თანახმადაც უწყება „მიესალმება ადამიანის ჯანმრთელობაზე სამომხმარებლო პროდუქციის მავნე ზემოქმედების რისკების გამოვლენისა და შემცირების მიმართულებით აქტივობების დაწყებას და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისათვის.“ ველით შემდგომ ნაბიჯებს პარლამენტიდან.
---------------
2021 წლის 16 ივლისს მივიღეთ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წერილი, რომელიც გაიგზავნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა მინისტრებთან. წერილის თანახმად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ სამინისტროებთან თანამშრომლობა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მიზნით.
მისასალმებელია, რომ კომიტეტი იზიარებს პეტიციის მოთხოვნას, თუმცა, წერილიდან არაფერი ჩანს კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს კომიტეტი და რა ვადებში.
ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ პეტიციას რაიმე ხელშესახები შედეგი მოჰყვება და ველით მის შემდგომ განხილვებს.
20.01.2021
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია