პირგასამტეხლო სესხებზე

პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმებას, რომელიც მათ აკისრებს ვალდებულებას გადაიხადონ გარკვეული ფულადი თანხა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.პირგასამტეხლოს პირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მ. 417-420. პირგასამტეხლოზე შეთანხმება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს დადებული.

გამსესხებლები, მათ შორის, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფართოდ იყენებენ პირგასამტეხლოს, მათ მიერ გაცემული სესხების დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

პირგასამტეხლოს ორი სახე აქვს: ჯარიმა და საურავი.

თუ მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ერთჯერადად თანხის  გადახდაზე, მაშინ ეს არის ჯარიმა. ამ შემთხვევაში კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც. თუმცა, კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გამოირიცხება.

თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს თანხის გადახდა გათვალისწინებულია სესხის დაფარვის გრაფიკის შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მაშინ საურავთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საურავის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და სესხის დაბრუნებაც.

პირგასამტეხლოს დასაკისრებლად უნდა არსებობდეს ძირითადი ვალდებულება, ვთქვათ, სესხი. თუ სესხი გაუქმდა, ავტომატურად უქმდება პირგასამტეხლოც.

პირგასამტეხლო განსხვავდება სესხის პროცენტისაგან. იგი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის  დამატებითი საშუალებაა. პროცენტი კი წარმოადგენს ნასესხები თანხის სარგებელს.  პირგასამტეხლოსგან განსხვავებით, პროცენტი თავადაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ერთგვარი სანქცია.

პირგასამტეხლო მეტად ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს კრედიტორებისთვის, ვინაიდან კანონით გათვალისწინებულია რომ მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა. სწორედ ამ მიზეზის გამო,  ის შესაძლოა კრედიტორის მიერ მიღებულ ზიანს აღემატებოდეს კიდეც.  ასევე, პირგასამტეხლო ათავისუფლებს კრედიტორს მტკიცების ტვირთისგან: მიადგა თუ არა ზიანი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით.

თუმცა, სასამართლოს შეუძლია მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჯერ კიდევ გადაუხდელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაა შესაძლებელი.

საქართველოს სასამართლოებმა უკანასკნელი წლებში შექმნეს პირგასამტეხლოს შემცირების პრაქტიკა. პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვა ბევრ შემთხვევაში „უფლების არაკეთილსინდისიერად  და არამართლზომიერად გამოყენების“ ფაქტად იქნა მიჩნეული. სამართლებრივ პრაქტიკაში გვაქვს პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირების შემთხვევებიც კი. საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-848-814-2016 (2016-12-28)

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს  შემცირებისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას:

  • ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს.
  • ვალდებულების დამრღვევი პირის უშუალო ბრალეულობას, მიზეზებს რის გამოც ვერ ან არაჯეროვნად შესრულდა ვალდებულება, მის ქონებრივ მდგომარეობას.
  • პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება და არ იქცეს „დამსჯელ“ მექანიზმად კრედიტორის ხელში.

სასამართლო მიიჩნევს რომ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს პირგასამტეხლოს ოდენობა მოაქციონ ფარგლებში, რომლებიც არ სცდება მის მთავარ დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს მხარეს.

პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად მაღალი სარგებელი არ უნდა მიიღოს, ის უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციისა და მხარის დარღვეული უფლების აღდგენის და არა მისი გამდიდრების საშუალება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,  სასამართლოს აქვს უფლება, პირგასამტეხლო თანაზომიერ ოდენობაზე დაიყვანოს.

შესაბამისად, თუ ფიქრობთ რომ თქვენზე დაკისრებული პირგასამტეხლო  არამათლზომიერია, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ დათანხმდით ამ პირობებს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.

                                                                                                 

 

 

 

 

04.06.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია