ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

მომხმარებლისათვის თავს მოხვეულმა სახელშეკრულებო პირობებმა იგი შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს. შესაბამისად, მას სათანადო დაცვა სჭირდება. სხვადასხვა კომპანიის მიერ ათასობით ხელშეკრულება იდება ყოველდღიურად და შეუძლებელია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად მოხდეს ხელშეკრულების პირობების განხილვა. სწორედ ამიტომ, კომპანიები წინასწარ გამზადებულ სახელშეკრულებო პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს უწოდებენ. მომხმარებლებიც ხშირად ყოველგვარი ინდივიდუალური მოლაპარაკებებისა და პირობების დეტალური გაცნობის გარეშე დებენ ხელშეკრულებებს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 თავი იცავს მომხმარებელს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობებისაგან. „ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არის მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის დადგენილი, წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ჰქონდა“ (მ. 21, 1).

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მომხმარებელს მისი გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა და იგი დაეთანხმა ამ პირობებს.

მეწარმე ვალდებულია მომხმარებელთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ნათელ და არაორაზროვან დებულებებს. თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, თუ მეწარმე, მომხმარებელთან დასადებ ხელშეკრულებაში ისეთ პირობებს გაითვალისწინებს, რომლებიც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, ასეთი პირობების ბათილობის საკითხი შეიძლება დაისვას.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თქვენი უფლებების დარღვევა, გირჩევთ:

არ დაიზაროთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.
• თუკი ხელშეკრულებაში თქვენთვის რაიმე გაუგებარია, მოითხოვეთ განმარტება.
• თუკი ხელშეკრულების რომელიმე პირობა თქვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება ან ბუნდოვანია, მოითხოვეთ მისი შეცვლა-დაზუსტება.

გახსოვდეთ:

• თქვენ გაქვთ დადებული ხელშეკრულების გაუქმების უფლება!
• თუკი, ხელშეკრულების დადების შემდეგ, აღმოაჩენთ, რომ მისი პირობები უსამართლოა, გაქვთ უფლება ამ პირობების გაბათილება ან შეცვლა მოითხოვოთ!

31.05.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია