რკინის კარები

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 17 სექტემბერს დაგვიკავშირდა მომხმარებელი თხოვნით დავხმარებოდით მის მიერ შეძენილ რკინის კარებთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, ქალბატონი რუსთავში ცხოვრობს და თავის ბინისთვის რკინის კარების შესაძენად მიაკითხა რუსთავში განთავსებულ სავაჭრო ცენტრ "ტიტანში" განთავსებულ შპს დიანა-2011-ს (მომხმარებლის ინფორმაციით ეს შპს თბილისში არსებული "ზოდი პლიუსის" მაღაზიის რუსთავის ფილიალია). როგორც აღმოჩნდა, კარის გაღების მიმართულების შერჩევისა და კარის ზომების ადგილზე აღების მომსახურება მაღაზიას არ ჰქონდა. ამიტომ მომხმარებელმა თავისი ვარაუდით შეარჩია კარები, დატოვა ბე 20 ლარი და წავიდა სახლში, რომ შეემოწმებინა, სწორად ახსოვდა თუ არა კარის გაღების მიმართულება (მარცხნივ თუ მარჯვნივ, შიგნით თუ გარეთ). სახლში მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ მისი არჩეული კარი მისი ბინის კარების ღიობს არ მოერგებოდა (სხვა მხარეს იღებოდა). იგი დაბრუნდა მაღაზიაში, აუხსნა მდგომარეობა და ითხოვა შეკვეთის გაუქმება ან არჩეული კარების შეცვლა. თუმცა გაუქმების შემთხვევაში მოხმარებელი ბეს დაბრუნებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრესხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში ბე მართლაც არ ბრუნდება . მაღაზიამ მომხმარებელს მისცა საშუალება აერჩია სხვა კარი, რომელიც მისთვის სასურველ მხარეს გაიღებოდა.

აქ კიდევ ერთი პრობლემა აღმოჩნდა: მომხმარებლის მიერ აღებული ზომებით კარის სიმაღლე 220 სმ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ვინაიდან ე.წ. "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში ცხოვრობდა, მაღაზიის პერსონალმა იგი დაარწმუნა, ასეთ ბინებში 205 სმ-ზე უფრო მაღალი კარი არ ეტევაო. ამიტომ მომხმარებელმა 205 სმ სიგრძის კარი აირჩია. კარი 500 ლარი ღირდა, მაღაზია დათანხმდა ფასის დაკლებაზე და იგი მომხმარებელს 470 ლარად მიჰყიდა. თუმცა კარის მონტაჟი ამ თანხაში არ შედიოდა. ამიტომ ქალბატონს ცალკე მოუხდა კარის ღიობის ნგრევისა 30 ლარის და კარის მონტაჟის 50 ლარის გადახდა. 

205 სმ სიგრძის კარის ადგილზე ჩაყენების შემდეგ აშკარა გახდა, რომ 220 სმ სიგრძის კარი, რაც ქალბატონს თავიდან უნდოდა, აგრეთვე კარგად ჩაეტეოდა კარის არსებულ ღიობში და იგი შეცდომაში შეიყვანეს, როცა 205 სმ სიგრძის კარის ყიდვა ურჩიეს. ამიტომ მომხმარებელმა კვლავ მიაკითხა მაღაზიას და ითხოვა, კარი გამოეცვალათ და ისევ 220 სმ-იანი მიეცათ. მაღაზია დასთანხმდა. ქალბატონს საწყობიდან 220 სმ-იანი კარი გაუგზავნეს. თუმცა კარის ღიობის გაგანიერებისათვის 10 ლარის და კარის ხელახლა დამონტაჟებისთვის 50 ლარის გადახდა მას ხელახლა მოუწია.

ამის შემდეგ მომხმარებელმა დაყენებულ კარზე დეფექტები აღმოაჩინა - რამოდენიმე ადგილას ლითონის ფურცელი ყანყალობდა და კარის ძირში კი ოდნავ აწეული იყო, ისე რომ ღრიჩო რჩებოდა. გარდა ამისა, ვინაიდან კარს არავითარი საბუთი არ მოჰყვა, მომხმარებელს ეჭვი შეეპარა, რომ დაყენებული კარის მახასიათებლები (რკინის ფურცლის სისქე) განსხვავდებოდა იმისგან, რაც მას მაღაზიაში აჩვენეს - მაღაზიაში ხომ იგი დაარწმუნეს, რომ მის მიერ არჩეული კარები 1,3 მმ სისქის რკინის ფურცლისგან იყო დამზადებული, ხოლო ტელეფონით დაკავშირებისას კი მას უთხრეს, თქვენ კარებში "ჟეშტი" 0,8 მმ სისქისააო. გარდა ამისა, მაღაზიის მენეჯერმა მას ტელეფონზე ძალზე უხეშად უპასუხა. ამიტომ მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ იგი შესაძლოა მოატყუილეს და თავის უფლებების დასაცავად მიმართა თბილისში მაღაზია "ზოდი პლიუსს" და აგრეთვე მოგვმართა ჩვენ დახმარებისთვის. მისი ძირითადი მოთხოვნა იყო დაედგინათ, არის თუ არა მისთვის დამონტაჟებული კარი იმ ფასის, რაც მან გადაიხადა და იმ ხარისხის, რაც მას შეჰპირდნენ. საქმის გარკვევამდე მომხმარებელმა კარის ჩარჩოს ამოლესვაზე თავი შეიკავა.

ზოდი პლიუსის თბილისის ოფისიდან მომხმარებელს უპასუხეს, რომ მისი საჩივარი მხოლოდ 24 სექტემბერს გაირჩეოდა. ამიტომ 19 სექტემბერს ჩვენ წავყევით მომხმარებელს რუსთავის იმ მაღაზიაში, სადაც მან კარი შეიძინა, მენეჯმენტთან გასაუბრებისა და საქმის გარემოებებში უკეთ გარკვევისთვის. მაღაზიის მენეჯერმა აღიარა, რომ მომხმარებელს ტელეფონზე მართლაც უხეშად უპასუხა - ზარი გვიან საღამოს მოხდა და იმ მომენტში მისი მცირეწლოვანი შვილი ტიროდა და მან ვერ გააკონტროლა თუ რა უპასუხა მომხმარებელს, რის გამოც ძალზე წუხდა და ბოდიში მოიხადა. ჩვენ მენეჯერს შევთავაზეთ, რომ ერთად გვენახა მომხმარებელთან დაყენებული კარი, რათა გაგვერკვია, მართლა ჰქონდა თუ არა მას ნაკლი. მენეჯერმა განაცხადა, რომ იგი ენდობა მომხმარებელს და მზადაა კარი კიდევ ერთხელ გამოცვალოს. მომხმარებელს კიდევ ერთხელ დააათვალიერებინეს მაღაზიაში არსებული კარებები. პარალელურად აგვიხსნეს, რომ კარებები ჩინეთში იწარმოება და ტრანსპორტირებისას დაზიანება (მაგალითად მცირე ჩაღუნვა) გამორიცხული არ არის, აქ კი მათი შეკეთება არ ხორციელდება. მომხმარებელმა, რომელიც ამგვარ მცირე ხარვეზებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, უმჯობესია შეიძინოს უფრო სქელი (2 მმ და მეტი) ლითონის ფურცლისგან დამზადებული კარები, რომელიც ტრანსპორტირებას უკეთ უძლებს. მაღაზიაში ასეთი კარებებიც იყო და ერთ-ერთი მათგანი მომხმარებელმა შეარჩია კიდეც. ეს კარები 550 ლარი ღირდა, თუმცა მაღაზია დათანხმდა კარები თანხის დამატების გარეშე გამოეცვალა. ურთიერთშეთანხმებით კარების შეფუთვის გახსნა და დეტალური დათვალიერება 21 სექტემბრისთვის გადაიდო - მომხმარებელს სურდა ოჯახთან კონსულტაცია გაევლო.

21 სექტემბერს მომხმარებელი მივიდა აღნიშნულ მაღაზიაში. მას გაუხსნეს ის კარები, რომელიც ადრე შეიგულიანა. აღმოჩნდა, რომ კარებს საკეტი ისეთ მხარეს ჰქონდა, რომელიც მომხმარებელს არ აწყობდა. მაღაზია შეჰპირდა მომხმარებელს, რომ საჭირო მახასიათებლების კარს ორშაბათისთვის (24 სექტემბრისთვის) ჩამოიტანდნენ.

25 სექტემბერს მომხმარებელმა კვლავ მიაკითხა მაღაზიას და მართლაც დახვდა ისეთი კარი, როგორსაც შეჰპირდნენ. თუმცა მისი საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ე.წ. "გლაზოკთან" ორივე მხარეს ზედაპირი გადაქექილი იყო. ასეთი კარის წაღებაზე მომხმარებელმა უარი თქვა. გამყიდველი გაწიწმატდა, დაუბრუნა მომხმარებელს მის მიერ კარებში გადახდილი 470 ლარი და მომხმარებლის თქმით, საკმაოდ უკმეხად გამოისტუმრა იგი. 

ამის შემდეგ მომხმარებელს ტელეფონით დაუკავშირდნენ მაღაზიიდან და მოითხოვეს მის სახლში დაყენებული კარის დაუყოვნებლივ დაბრუნება. იმისთვის რომ კარის გარეშე არ დარჩენილიყო, მომხმარებელს სასწრაფოდ უნდა შეეძინა ალტერნატიული კარები.

26 სექტემბერს მომხმარებელი კარების ასარჩევად თბილისში გაემგზავრა და  წერეთლის გამზირის 115ა-ში განთავსებულ "ზოდი-პლიუსის"  მაღაზიას მიაკითხა. აქ მან შეარჩია სასურველი მახასიათებლების კარები. 2 ასეთი კარები მას გაუხსნეს და დაათვალიერებინეს. ორივე მათგანზე მომხმარებელმა აღმოაჩინა მცირე დეფექტები (ცოტა შეღუნული ზედაპირი, გადაქექილი საღებავი), თუმცა სხვა ასეთი კარებების გახსნა-დათვალიერებაზე მას უკვე უარი უთხრეს. ამავე დროს, მომხმარებელს აჩქარებდა რუსთავის მაღაზია, რომელსაც თავის კარები უნდა წაეღო. ამიტომ მომხმარებელი იძულებული გახდა, მიუხედავად დეფექტებისა, კარები შეეძინა. შერჩეული კარები ღიდრა 480 ლარი, მაგრამ მომხმარებლის მიერ მითითებული ზედაპირული დეფექტების გამო მაღაზიამ ფასდაკლება განახორციელა და მომხმარებელს იგი 450 ლარად მიჰყიდა. ამ თანხაში არ შედიოდა კარების ტრანსპორტირების ფასი 30 ლარი და მონტაჟის ფასი 50 ლარი.  

27 სექტემბერს, შუადღისას, დაგვიკავშირდა მომხმარებელი და გვაცნობა, რომ კარი ჩამოტანილი და დაყენებული კვლავ არ იყო. იგი ძალზე წუხდა იმის გამო, რომ რუსთავის მაღაზია თავის კარის წაღებას ჩქარობდა, თბილისი კი ახალი კარის ჩამოტანას აგვიანებდა. ქალბატონი მუშაობს და ბინას კარების გარეშე ხომ ვერ დატოვებდა?! რამოდენიმე შეხსენეის შემდეგ თბილისის მაღაზია მომხმარებელს შეჰპირდა, რომ 28-ში კარს ნამდვილად დაუყენებდნენ.

28 სექტემბერს დილით 10 საათზე რუსთავის მაღაზიამ თავისი კარები მოხსნა და წაიღო. 12 საათზე კი, როგორც იქნა, ზოდი-პლიუსმა ჩამოიტანა ახალი კარები და დააყენა. 

მომხმარებელს მიაჩნია, რომ ვინაიდან საერთო ჯამში კარების დაყენება და მოხსნა სამჯერ მოუხდა, მან გარდა ბევრი დროისა და ნერვების ხარჯვისა, აგრეთვე თანხობრივადაც იზარალა - კარის ორჯერ მონტაჟის თანხა (ჯამში 100 ლარი) ტყუილად გადაიხადა.

14.11.2017


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია