სათამაშოებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოება
ვაგრძელებთ იმაზე დაკვირვებას, თუ როგორ ხდება საქართველოში სხვადასხვა (არასასურსათო) სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი.
ჩვენს მიერ ამ საკითხზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6770
სამწუხაროდ, საქართველოში უსაფრთხოების კონტროლს დაქვემდებარებული (არასასურსათო) სამომხმარებლო პროდუქციის ამ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობთ ისეთ პროდუქციას, რომელსაც რიგითი მოქალაქეები პირადი საჭიროებისათვის ყიდულობენ ან იყენებენ/შეხება აქვთ. სახელმწიფო უწყებები ცალკე გამოყოფენ „სამომხმარებლო პროდუქტებს“ და „სამშენებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებს“ ჩამონათვალი ვრცელი არ არის, ესენია:
- სათამაშოები.
- სამშენებლო მასალების ნაწილი (ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები, ელექტროსადენები, თაბაშირ-მუყაო).
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მექანიკური ზემოქმედებისგან, სითხეებისგან, სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან და სხვა დაცვა).
- მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ. მაგ. აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ჯაჭვები, ღვედები და სხვა).
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები (მაგ. ცეცხლმაქრები, ჟანგბადის ბალონები და სხვა).
ზემოაღნიშნული საქონლის უსაფრთხოების კონტროლზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებაა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.
ამჯერად სააგენტოდან გამოვითხოვეთ 2021 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები: იხილეთ სააგენტოს პასუხი, დანართი 1, დანართი 2.
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რაიმე საგრძნობი წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება:
- კონტროლის მასშტაბები მცირეა.
- ისევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.
- სააგენტოს კვლავ არ გააჩნია საკუთარი ვებსაიტი და არც თავისი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას.
კონტროლის მასშტაბებთან დაკავშირებით დავამატებთ, რომ სააგენტო ახორციელებს საბაჟოზე იმპორტით შემოსული პროდუქტების დოკუმენტურ ზედამხედველობას. ქვეყნის სავაჭრო ქსელში მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება; კერძოდ, 2021 წ. მე-4 კვარტალში შემოწმდა: 40 სათამაშო, 22 სამშენებლო მასალა, 12 აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობა, 4 წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა (ცეცხლმაქრი), 2 ინდივიდუალური დაცვის საშუალება (ხელთათმანი). მანქანა-დანადგარები საერთოდ არ შემოწმებულა.
ყველა შემთხვევაში, ერთის გარდა, მხოლოდ დოკუმენტების, ან/და ეტიკეტების შემოწმება განხორციელდა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პროდუქტის (არმატურის) ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების შემოწმება.
საბაჟოზე განხორციელებული კონტროლის შედეგად, იმპორტის პირველადი წინასწარი შეტყობინებებიდან უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა სათამაშოებზე, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე. დანარჩენი სახის საქონელზე კი წინასწარი შეტყობინებები უმეტესად თავიდანვე დაკმაყოფილდა.
ქვეყნის სავაჭრო ქსელის კონტროლის მცირე მასშტაბის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევებში, შემოწმებული საქონელი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც სააგენტომ შესაბამისი ნაწარმის რეალიზაციის დროებით შეჩერების (შეუსაბამობების გამოსწორებამდე), ან, გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საერთოდ აკრძალვის განკარგულებები გამოსცა.
საბოლოო დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლიც კი საკმარისად ვერ ჩაითვლება, რომელზეც სახელმწიფო ზედამხედველობაა დაწესებული, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რაზეც უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.
27.01.2022
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია