ნოუთბუქი მაღაზია ”ციფროვიკი”-დან
სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას
2012 წლის 14 აგვისტოს მომხმარებელმა მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით ნაკლის მქონე ნოუთბუქთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა, მომხმარებელმა თბილისში, გამსახურდიას 14ა-ში განთავსებულ მაღაზია ”ციფროვიკში” 2012 წლის 26 ივლისს უპროცენტო განვადებით შეიძინა ნოუთბუქი ACER Aspire.
13 აგვისტოს მომხმარებელმა შეამჩნია, რომ ნოუთბუქის როგორც კორპუსი, ასევე ეკრანი ძალიან ხურდებოდა, შემდეგ ეკრანმა ციმციმი დაიწყო, ხოლო 14 აგვისტოს დილით რომ ჩართო, აღმოაჩინა რომ ეკრანს ლაქები ჰქონდა და მის გვერდით ჩარჩო ერთ ადგილას დეფორმირებულიც იყო გადახურებისგან. 14 აგვისტოსვე მომხმარებელმა ნოუთბუქი მაღაზიაში მიიტანა. მომხმარებელი შეაშფოთა მაღაზიის პერსონალის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ნოუთბუქის დეფექტი თავად მომხმარებლის ბრალეულობით ყოფილიყო გამოწვეული (ალბათ დაგივარდათო, უთხრეს). მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიამ დაიტოვა ნოუთბუქი შესამოწმებლად, პერსონალის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო შემოწმების ობიექტურობაში მომხმარებელს ეჭვი შეეპარა და ჩვენ მოგვმართა თხოვნით, მისი უფლებების დაცვაში დავხმარებოდით.
15 აგვისტოს მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზია ”ციფროვიკს” სიტუაციაში გასარკვევად. მაღაზიის პერსონალმა განგვიმარტა, რომ ნოუთბუქს გააჩნდა 1-წლიანი ქარხნული გარანტია და იმ შემთხვევაში, თუ ნოუთბუქი მომხმარებლის მიერ დაზიანებული არ იყო, გარანტიის ფარგლებში მისი შეკეთება ან გამოცვლა აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა საგარანტიო ტალონი მომხმარებელს არ გააჩნდა - მის ხელთ იყო მხოლოდ საგარანტიო ბუკლეტი, რომელიც საქართველოზე საერთოდ არ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, მაღაზიამ ნოუთბუქი მომხმარებლისგან უპრობლემოდ ჩაიბარა საგარანტიო რემონტისათვის (მომხმარებელს მისცეს ამის დამადასტირებელი კვიტანცია). როგორც მაღაზიამ განგვიმარტა, ნოუთბუქი 14 აგვისტოსვე გადაეგზავნა თბილისში ჭავჭავაძის 17-ში არსებულ ACER-ის სერვის-ცენტრსროგორც შემდგომ გაირკვა, იგულისხმებოდა ფირმა იუ-ჯი-თი გამოსაკვლევად და შესაკეთებლად. ჩვენი თხოვნით მაღაზიის პერსონალმა გადარეკა სერვის-ცენტრში და გაარკვია, რომ ნოუთბუქის ეკრანს მართლაც ქარხნული ნაკლი აღმოაჩნდა და საგარანტიო მომსახურების ფარგლებში იგი უფასოდ გამოიცვლებოდა. თუმცა ამ მომსახურებას 2-3 კვირა დასჭირდებოდა (ახალი ეკრანი უცხოეთიდან გამოიწერეს და მის ჩამოსვლას დრო სჭირდებოდა).
მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებლის შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ვინაიდან ეკრანის გახურებამ ჩარჩო დააზიანა, შესაძლოა ნოუთბუქის სხვა ნაწილებიც დაზიანებულიყო. ამიტომ იგი მაღაზიისგან პროდუქტის ახალზე გადაცვლას ითხოვდა. მაღაზიის პერსონალმა განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნა წერილობით უნდა გაფორმდეს, რათა დირექციამ განიხილოს - განხილვას კი 7 დღე სჭირდება. ჩვენი დახმარებით მომხმარებელმა მართლაც წარადგინა მაღაზიაში წერილობითი განცხადება:
21 აგვისტოს მომხმარებელს მაღაზიიდან დაურეკეს, რომ დირექციის პასუხი თქვენს განცხადებაზე მზად არის და წაიღეთო. ამ პასუხის მიხედვით, მაღაზია ნიუთბუქს ახლით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლიდა, თუკი სერვის-ცენტრიდან მიიღებდა დასკვნას იმის თაობაზე, რომ შეკეთებული ნოუთბუქი ტენიკურად არასაიმედოა:
ვინაიდან პროდუქტის გამოცვლაზე ფაქტობრივად უარი მიიღო, მომხმარებელმა მოითხოვა მაღაზიისგან, მისთვის დროებით მოხმარებაში მიეცათ მსგავსი ნოუთბუქი, რათა მისი პროდუქტის რემონტის განმავლობაში გამოეყენებინა, თუმცა მაღაზიის პერსონალმა ამისათვის კვლავ წერილობითი განცხადების წარდგენა მოითხოვა, რომელზე პასუხსაც 7 დღის განმავლობაში მიიღებდა. მომხმარებლისთვის მისდამი ასეთი ფორმალური მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა და მან მეორე განცხადების დაწერა არ მოინდომა.
ამის შემდეგ მაღაზიის პერსონალთან მომხმარებელი დაინტერესდა, შეკეთებისას ნოუთბუქს მხოლოდ ეკრანს გამოუცვლიდნენ, თუ ეკრანის გადახურების შედეგად დეფორმირებულ ჩარჩოსაც. მაღაზიის პერსონალმა სერვის-ცენტრთან სატელეფონო კომუნიკაციით ამის გარკვევა ვერ შეძლო. ამიტომ, მომხმარებელთან ერთად, 21 აგვისტოს ჩვენ მივაკითხეთ სერვის-ცენტრს (ჭავჭავაძის 17-ში განთავსებულ კომპანია იუ-ჯი-თის). გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ ეკრანის გამოცვლას გეგმავდნენ. მომხმარებელმა მათ განუმარტა, რომ ეკრანის გადახურებისგან დეფორმირებული იყო ეკრანის ჩარჩო და აგრეთვე საჭიროებდა გამოცვლას. კომპანიის პერსონალმა ჩვენთან ერთად ხელახლა დაათვალიერა ნოუთბუქი და მართლაც აღმოაჩინა ჩარჩოს მარჯვენა ქვედა კუთხეში მცირე დეფორმაცია. დირექციასთან მოკლევადიანი კონსულტაციის შემდეგ გვაცნობეს, რომ ნოუთბუქის ეს დეფექტიც საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, უფასოდ გამოსწორდებოდა (ჩარჩო გამოიცვლებოდა), თუმცა ვინაიდან ეს დეტალი აგრეთვე უნდა გამოეწერათ, შეკეთებას შესაძლოა ოდნავ მეტი დრო დასჭირვებოდა. ჩვენ ავუხსენით, რომ მომხმარებელი სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში მიდიოდა სამუშაოდ და ნოუთბუქი აუცილებლად ესაჭიროებოდა და კომპანიის პერსონალი შეგვპირდა, რომ შეეცდებოდნენ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ჩატეულიყვნენ.
7 სექტემბერს მომხმარებელს დაუკავშირდნენ იუ-ჯი-თი-დან და აცნობეს, რომ მისი ნოუთბუქი მზადაა. ცოტა ხანში მაღაზიამაც დაურეკა და სთხოვა მოსულიყო ნოუთბუქის წასაღებად. ჩვენ და მომხმარებელი მაღაზიაში ერთად მივედით. მაღაზიაში კომპიუტერი ჩაგვირთეს და მოგვცეს საშუალება კარგად დაგვეთვალიერებინა. ეკრანი და მის გარშემო ჩარჩო ნამდვილად წესრიგში იყო.
კომპიუტერს არც რაიმე სხვა დეფექტი ემჩნეოდა. ამიტომ მომხმარებელმა იგი უკან ჩაიბარა.
სამწუხაროდ, 20 სექტემბერს შევიტყვეთ, რომ კომპიუტერს კვლავ პრობლემა აღმოაჩნდა - ამჟამად აკუმულატორი აღარ იტენებოდა. მომხმარებელმა დახმარებისთვის სერვის-ცენტრს მიმართა. ველით მათგან ინფორმაციას.
03.12.2014
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია