ასოცირების შეთანხმების შესრულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმება მოიცავს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ევროკავშირთან უნდა დააახლოვოს. შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სფერო, რომლის განვითარების მთავარი მამოძრავებელი პრაქტიკულად ასოცირების შეთანხმებაა, არის სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. ამ სფეროში 2015 წელს დამტკიცდა საკანონმდებლო დაახლოების მრავალწლიანი, მასშტაბური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 270-მდე ნორმატიულ აქტთან 2015-2027 წლებში.
გეგმის შესრულების შემთხვევაში საქართველო მიიღებს გაცილებით გაუმჯობესებულ, თანამედროვე საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ბევრად უკეთესად დაიცავს მომხმარებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებას, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას იმპორტზე და ქართულ პროდუქციას ახალი ბაზრების ათვისებაში შეუწყობს ხელს.
გეგმის ამოქმედებიდან 6 წელი გავიდა და ვფიქრობთ საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს ის, თუ რამდენად სრულდება ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენ შევისწავლეთ ამ სამუშაოს მიმდინარეობა და გვსურს რამდენიმე ზოგადი დასკვნა გაგიზიაროთ. დეტალური ინფორმაციის მიღება და დამუშავება შესაძლებელია ასოცირების შეთანხმებისადმი მიძღვნილი ჩვენი საიტიდან www.asocireba.ge/timeline. ამჟამად სახელისუფლებო სტრუქტურებისაგან ვიღებთ კომენტარებს კვლევასთან დაკავშირებით. ასე რომ, შესაძლოა მასალებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. თუმცა, ზოგადი სურათი უკვე ნათელია.
2015 წლიდან 2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს 111 ნორმატიული აქტი და 4 სახელმძღვანელო მითითება. შეიძლება ითქვას, რომ გეგმის შესრულება წარმატებით მიმდინარეობს. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო რეგულირება დღესდღეობით უფრო მაღალ საფეხურზეა, ვიდრე 2015 წლამდე იყო.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო დაახლოებას შემდეგი მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: გაწერილია ნორმატიული აქტების დამტკიცების და არა მათი ძალაში შესვლის ვადები. შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს, მაგრამ მისი ამოქმედება მხოლოდ წლების შემდეგ იწყება. ამას იმით ხსნიან, რომ ახალი მოთხოვნებისადმი მოსამზადებლად დრო სჭირდებათ როგორც მეწარმეებს, ისე მაკონტროლებელ სახელმწიფო უწყებებს. თავისთავად, ეს გამართლებულია. თუმცა, კითხვებს ბადებს ის ვადები, რომლებიც ამ მომზადებისათვის არის გათვალისწინებული და, ასევე, ამ ხანგრძლივი ვადების შემდგომი გახანგრძლივების შემთხვევები, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავმხდარვართ.
გადავადებები, რთულად განჭვრეტადს ხდის რეფორმის პროცესს, აზარალებს იმ კეთილსინდისიერ და მოწესრიგებულ მეწარმეებს, რომლებიც ახალი მოთხოვნების ძალაში შესვლას მომზადებულები ხვდებიან, ამისათვის შესაბამის რესურსს გაიღებენ; აქვეითებს მეწარმეების მხრიდან რეფორმისათვის ფეხის აწყობის სტიმულს და, პირიქით, უპასუხისმგებლობას ახალისებს.
ამ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება დამატებით კვლევებს საჭიროებს. ამჯერად, მხოლოდ ზოგადი სურათის წარმოდგენით შემოვიფარგლებით:
- მიღებული 111 ნორმატიული აქტიდან ძალაშია მხოლოდ 67.
- აქედან 7 აქტი სრულად არ არის ამოქმედებული და ეს მხოლოდ 2022-2027 წლებისთვისაა გათვალისწინებული. მათ შორისაა 2015-2016 წლებში მიღებული აქტებიც.
- 44 აქტი, რომელიც ჯერ საერთოდ არ ამოქმედებულა, ძალაში შედის 2022-2026 წლებში. მათ შორისაა 2016-2017 წლებში მიღებული არაერთი ნორმატიული აქტი.
- 7 აქტის ამოქმედების, ან სრულად ამოქმედების თავდაპირველად გათვალისწინებულმა ვადამ გადაიწია, ზოგიერთისა 2-ჯერ. ეს აქტები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვები დონის განსაზღვრა, სურსათის ეტიკეტირება, მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის თაობაზე და სხვა.
ამგვარად, სანამ აქტები იურიდიულად ამოქმედდება, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკას დაუახლოვდა. ამასთანავე, ამა თუ იმ აქტის ფორმალური ამოქმედება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ეფექტიან აღსრულებას. ეს ცალკე გამოწვევაა. ასოცირების შეთანხმებაც ითხოვს, რომ მის ფარგლებში მიღებული კანონმდებლობა ეფექტიანად განხორციელდეს/აღსრულდეს (მუხლი 274, პ. 1).
თუმცა, მხოლოდ იურიდიულად ამოქმედების კუთხით რომ შევაფასოთ, როგორც ვხედავთ, 2021 წლის 1 ივლისისათვის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები დაახლოებით მხოლოდ 20%-ით არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის განხორციელების ვადის ნახევარია გასული.
ასე რომ, მოცემულ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაახლოების პროცესი, ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია.
11.08.2021
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია