აკრედიტაცია
ზოგიერთი ტიპის საქმიანობისთვის (მაგალითად, გამზომი ლაბორატორიების საქმიანობისთვის) განსაკუთრებული ცოდნის მქონე პერსონალის ყოლა ან სპეციალური მოწყობილობის ქონა არის აუცილებელი. როგორც წესი ასეთი საქმიანობის განხორციელებას სპეციალური ნებართვები ესაჭიროება, რომელთა მისაღებად განსაკუთრებული პროცედურების გავლაა საჭირო.
ერთ-ერთი ასეთი პროცედურა არის აკრედიტაცია. აკრედიტაცია ნიშნავს პირის ან ორგანიზაციის მიერ რაიმე სპეციალური საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასებას.
აკრედიტაციის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს, ე.წ. აკრედიტაციის ორგანოებს.
შეფასების დადებითი დასკვნის შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო შემოწმებულ პირს ან ორგანიზაციას აძლევს აკრედიტაციის მოწმობას. მოწმობა ადასტურებს, რომ პირი ან ორგანიზაცია აკრედიტებულია (ანუ უფლებამოსილია) შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე (მოწმობის ნიმუში).