რას ნიშნავს კანონმდებლობა?

”კანონმდებლობა” ნიშნავს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობას. 

საკანონმდებლო აქტებია:
კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი,
ორგანული კანონი
კანონი
პრეზიდენტის დეკრეტი
პარლამენტის რეგლამენტი
კანონქვემდებარე აქტებია:
მინისტრის ბრძანებები
საკრებულოს გადაწყვეტილებები 
და სხვა.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გაცნობისთვის შემდეგ საშუალებებს ვიყენებთ:

ძირითადი წყაროა ნორმატიული აქტების ბაზა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. ეს ვებ-გვერდი არის ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ოფიციალური ორგანო (ანუ, როგორც წესი, ნორმატიული აქტი შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდგომ). ცოტა ხნის წინ კოდიფიცირებული დოკუმენტების ჩამოტვირთვა ამ ვებ-გვერდიდან ფასიანი იყო. ამჟამად ისინიც თავისუფლად ხელმისაწვდომია.
ყველა საჯარო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ტექსტი. ბევრი მათგანი ამ ტექსტებს თავიანთ ვებ-გვერდზეც აქვეყნებს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე;
არსებობს ფირმები (მაგალითად, ”კოდექსი", "GSS კოდექსი”), რომლებსაც საქართველოს ნორმატიული აქტების ავტომატურად განახლებადი ელექტრონული ბაზები გააჩნიათ. მათ შეუძლიათ ეს ბაზა თქვენს კომპიუტერში დააყენონ და საქართველოს მთელი კანონმდებლობა თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება. ბუნებრივია, ეს მომსახურება ფასიანია. 
გარდა ამისა, ჩვენ ამ საიტზე შევეცდებით განვათავსოთ ყველა იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დასაცავად აქტუალურია. მოგვწერეთ, რა დოკუმენტის ტექსტი გესაჭიროებათ ამ მიზნით და ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ იგი თქვენთვის.

21 მაისი, 2020