სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან

2019 წლის 25 სექტემბერს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.  

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული  „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. 

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან.

----------

მივიღეთ პასუხები სურსათის ეროვნული სააგენტოდან (წერილი 06.11.19, ლაბორატორიული კვლევის ოქმი 1, ლაბორატორიული კვლევის ოქმი 2, წერილი 08.11.19). პასუხებიდან ირკვევა, რომ სააგენტომ განახორციელა ი.მ. ,,ნოდარ ლაზარეშვილი“-ს სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა ყველის შენახვის პირობები, რეალიზაციის ვადები, მიკვლევადობა, ეტიკეტირების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. რძის ცხიმის სისუფთავისა და რძის ფხვნილის აღმოჩენის მიზნით, აღებულ და გამოკვლეულ იქნა სულგუნის ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევებით სულგუნში რძის ცხიმისა და მცენარეული ცხიმების შემცველობა არ აღმოჩნდა. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ვერ მოიძია ჩვენს მიერ შემოწმებული სულგუნის პარტია (გამოშვების თარიღი 23.09.19.).