მოგზაურობის ხარვეზები

მოგზაურობის ხარვეზად ჩაითვლება ნებისმიერი ფაქტი, გარემოება თუ მოვლენა, რომელსაც შეუძლია გააუფასუროს ან შეამციროს მოგზაურობის მნიშვნელობა, ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

ტუროპერატორს, ესე იგი მოგზაურობის მომწყობს ხარვეზისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ დაეკისროს, აუცილებელია ხარვეზის არსებობაში მისი ბრალეულობა იკვეთებოდეს. ტუროპერატორის ბრალის გარეშე, მოვლენის თუ ფაქტის მოგზაურობის ხარვეზად მიჩნევა სწორი არ იქნება. მაგალითად, მოგზაურობის მომწყობს პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ ამინდის გამო, დანიშნულების ადგილას საპროტესტო აქციების გამო და ა.შ.

ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა, ან მოგზაურობის ღირებულების შემცირება. მას ასევე შეუძლია თავად აღმოფხვრას ხარვეზი და მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტურისტმა მოგზაურობის მომწყობს გარკვეული ვადა უნდა მისცეს, თუკი ეს შესაძლებელია. თუმცა, თუ მიცემულ ვადაში მოგზაურობის მომწყობი შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს. ტურისტს უფლება აქვს შეწყვიტოს მასთან დადებული ხელშეკრულება.
ტურისტს უფლება აქვს ტუროპერატორისათვის ვადის მიცემის გარეშეც, პირდაპირ შეწყვიტოს მოგზაურობის შესახებ დადებული ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში, თუ მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ანდა აქვს საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც აცნობა მოგზაურობის მომწყობს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოგზაურობის მომწყობს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან უკან, საწყის წერტილში დააბრუნოს ტურისტი, თუ ეს ხელშეკრულებით იყო გაწერილი; თუნდაც ამის გამო დამატებითი ხარჯების გაწევა უწევდეს.
ხელშეკრულების შეწყვეტა ტუროპერატორს ასევე არ ათავსიფულებს ზიანის ანაზღაურებისგან, კერძოდ, მან უნდა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ტურისტს მიადგა. მათ შორის, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

გარდა ამისა, მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია დაზღვეული იყოს იმ შემთხვევებისათვის, როცა მას მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს, ან ამისათვის გარანტიის სახით, სპეციალურ საბანკო ანგარიშზე გააჩნდეს შესაბამისი თანხა. ტუროპერატორმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს მომხმარებელს.

ხარვეზის შესახებ ტურისტმა ტუროპერატორს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და შემდგომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს მას 6 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი დიდი ალბათობით დაკარგავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას (თუ სასამართლომ ვადის გადაცილება რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საპატიოდ არ მიიჩნია).