ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

მომხმარებელმა გვაცნობა, რომ მაღაზია „სპარის“ ქსელში იყიდება პროდუქტი „შუამთა, სულგუნი“, რომელსაც შემადგენლობაში მითითებული აქვს მხოლოდ „სულგუნი“.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 25 ივნისს მაღაზია „სპარში“ (თბილისი, 26 მაისის მოედანი #1, სს „ფუდმარტი“) შევიძინეთ  ი.მ. ლევან ბეჟანიშვილის მიერ დამზადებული პროდუქტი „შუამთა, სულგუნი“, რომელსაც შემადგენლობაში მართლაც მხოლოდ „სულგუნი“ ჰქონდა მითითებული, ხოლო მწარმოებლის მისამართი ეტიკეტზე არ იყო დატანილი.

ეს წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტის „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ დარღვევას. 

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროდუქტი უკვე ვადაგასული იყო. წარმოების თარიღად 19 მაისი იყო მითითებული, ხოლო შენახვის ვადად - 30 დღე, ანუ მისი შენახვის ვადა 19 ივნისს გავიდა. 

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზიასა და მწარმოებელთან.

______________________________________________

2019 წლის 27 ივნისს დაგვიკავშირდა და წერილი გამოგვიგზავნა ი.მ. ლევან ბეჟუაშვილმა. 

 

--------

17 ივლისს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომლის მიხედვითაც სააგენტომ 11 ივლისს ჩაატარა მაღაზია „სპარის“ (სს ,,ფუდმარტი“, თბილისი, 26 მაისის მოედანი №1) სახელმწიფო კონტროლი. დახლ-მაცივრებსა და საწყობში არ აღმოჩნდა ჩვენს წერილში აღნიშნული სურსათი. ასევე, შემოწმდა სხვადასხვა დასახელების ყველის შენახვის პირობები, რეალიზაციის ვადები, ეტიკეტირების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. დარღვევები არ გამოვლინდა.

16 ივლისს სააგენტომ შეამოწმა ი/მ „ლევან ბეჟანიშვილი“-ს (ს/კ 20001008282) რძისა და რძის პროდუქტების საწარმო (თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. კურდღელაური). დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეეწყვიტა ჩვენს მიერ მითითებული ეტიკეტით სურსათის რეალიზაცია და დაემზადებინა ახალი ეტიკეტი, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შემოწმებისას
გამოვლენილი არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად მეწარმეს დაუდგინდა ვადა.