კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

2019 წლის 29 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქზე კომენტარით გვაცნობა, რომ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ იყიდება კარაქი „ვალიო“, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფერილობა და ცუდი გემოს აქვს.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 აპრილს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ კარაქი „ვალიო“ (დაფასოების თარიღი - 29.03.2019, ვარგისიანობის ვადა - 13.04.2019) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის. 

  ჩვენს მიერ შეძენილ ნიმუშსაც არაერთგვაროვანი შეფერილობა ჰქონდა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კარაქის ნიმუში (ეტიკეტზე წარწერით „კარაქი ვალიო“) გამოკვლეული ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით (არაერთგვაროვანი შეფერილობა, გემო, სუნი) არ შეესაბამება ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“, ასევე: „გარეთა, შედარებით მუქ ფენას დაჰკრავს სიმძაღის სუნი და გემო“.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

------

2 მაისს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომ სააგენტომ ჰიპერმარკეტ „კარფურში“ აიღო „ვალიო“-ს 82% კარაქის ნიმუში და ლაბორატორიულად შეამოწმა შემდეგ მაჩვენებლებზე: სალმონელა და Listeria monocytogenes, რის შედეგადაც დარღვევა არ გამოვლინდა.

აღნიშნული დასახელების პროდუქტის ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ორგანოლეპტიკური ლაბორატორიული კვლევის შედეგად, გამოვლენილი იყო სიმძაღის სუნი და გემო, რაც, სავარაუდოდ, არასათანადო ტემპერატურულ რეჟიმში პროდუქტის შენახვასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ არ შემოწმდა პროდუქტის შენახვის პირობები ჰიპერმარკეტ „კარფურში“ და შენახვა-ტრანსპორტირების პირობები პროდუქტის სადისტრიბუციო კომპანიაში/ებში. ამის თაობაზე კვლავ მივმართეთ სააგენტოს.