სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 13 მარტს გამოვითხოვეთ ინფორმაცია (წერილის დანართი) რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენას, სეს-ის რეაგირებას მავნე პროდუქტების გამოვლენისა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის შემთხვევებში. 27 მარტს მიღებული პასუხიდან ირკვევა შემდეგი:

---------

11 აპრილს სეს-ისაგან მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია  (დანართი) სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენასთან დაკავშირებით. სეს-ის წერილიდან ირკვევა, რომ 8-დან 5 შემთხვევაში ლაბორატორიაში შემოწმებული პარტიები რეალიზატორებთან უკვე ვეღარ იქნა მიკვლეული, ხოლო სუნელის ერთი მწარმოებელი საერთოდ ვერ მოიძებნა. ანუ ტყვიით დაბინძურებული ნიმუშები უკვე გაყიდული იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აუცილებელია სეს-მა სურსათის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევების გამოვლენისას მოსახლეობისათვის გაფრთხილებები გაავრცელოს, ხოლო მეწარმეებს დაბინძურებული პარტიების მომხმარებლებისაგან გამოთხოვა დაავალოს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სეს-ის მიერ 2017 წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგადაც აღმოჩნდა ტყვიის გადამეტებული ოდენობა შემდეგი მეწარმეების მიერ რეალიზებულ სუნელებში: გიგა შარანგია, მადონა თოდუა, ზაქრო კახაძე.

ყველაზე დიდ გაურკვევლობად რჩება სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროები. სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში, ტყვიით დაბინძურებელი სუნელების საწყისი მიმწოდებელი იყო შპს „ჯეო“ - ქართული და უცხოური სუნელების ყველაზე დიდი დისტრიბუტორი საქართველოში. თუმცა, თავად „ჯეო“-ში აღებულ ნიმუშებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა 2018 წელს არ გამოვლენილა. ამგვარად, გაუგებარი რჩება, თუ საიდან მოხვდა ტყვია სუნელებში.

მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ კიდევ რიგი საკითხების დაზუსტება გვჭირდება სეს-თან. რისთვისაც ამ უწყებას კვლავ მივმართავთ და მიღებულ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.

---------

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შემდგომი მიმოწერის შედეგად, ერთი საგულისხმო ფაქტი გაირკვა. სს „ფუდმარტში“ (მის: თბილისი, ჩანტლაძის N40) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიით დაბინძურებული, გასანადგურებლად განკუთვნილი, დალუქული სურსათი (სვანური მარილი, 27 ცალი, მწარმოებელი შპს „ოლო“) ვეღარ აღმოაჩინა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით.

სს „ფუდმარტის“ წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, ამ უკანასნელმა დაბინძურებული სურსათის პარტია დაუბრუნა მწარმოებელს, რომელიც სააგენტოს მიერ ვერცერთ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული. ამის გამო საკითხი სამართალდამცავებს გადაეცა.

სააგენტოსთან ხანგრძლივი მიმოწერის მიუხედავად, მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რა ქმედებები განახორციელა ამ უწყებამ ი.მ. „მალხაზ კახაძესთან“ და შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების მისაკვლევად. ამ საკითხს ისევ ვარკვევთ.

---------

ზემოაღნიშნული საკითხის გასარკვევად, 6 მაისს მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 13 მაისს გამოგზავნილი პასუხით სააგენტომ გვაცნობა ი.მ. „მალხაზ კახაძის“ შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული მიკვლევადობის შესახებ. 

თუმცა, კვლავ გაურკვეველი რჩება რამ შუშალა ხელი შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევას. ამის თაობაზე 16 მაისს კიდევ ერთხელ მივმართეთ სააგენტოს.

---------

დიდი დაგვიანების შემდეგ, 2019 წლის 24 ივნისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განგვიმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა შპს „iProduct“-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევა. კერძოდ, ი.მ. „ნანა ფალიანს“, რომელმაც სუნელები „iProduct“-ს მიაწოდა, თავის მხრივ, ეს პროდუქცია ბაზარზე, ფიზიკური პირებისაგან ჰქონდა შეძენილი. ამ პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი სუნელ-სანელებლების რეალიზაციას აღარ ახორციელებენ.  

ნინო   17:09:54 2019-07-30  უპასუხე   
„კარფურში“ მუდმივად აქვთ „იმერული ყველი“, რომელიც პალმის ზეთს შეიცავს.
თამარ, CSRDG   12:56:54 2019-07-31  უპასუხე   
ნინო ანუ პროდუქტს დასახელებად აქვს იმერული ყველი და შემადგენლობაში პალმის ზეთი უწერია?

ეკა   15:48:55 2019-05-06  უპასუხე   
ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ მოუგვარებელი რჩება სუნელებში ტყვიის შემცველობისა და რძის ნაწარმის სახელით მცენარეული ცხიმის პროდუქტის გაყიდვების საკითხი. ისედაც სასაცილო სანქციებია გათვალისწინებული კანონმდებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშ შეუსაბამობებზე და ამ დროს დანაშაულად არ განიხილება თურმე ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევები. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მხრიდან მაინც იქნება სათანადო ზეწოლა განხორციელებული.