„არაჟანი სვანური 25% - ნატურალ+“ - მაღაზია ფრესკოდან

2019 წლის 25 თებერვალს მოქალაქემ გვაცნობა, რომ თბილისში, გორგასლის ქუჩა N. 61-ში მდებარე მაღაზია „ფრესკოში“ იყიდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი არაჟნის დასახელებით.

ჩვენ გადავამოწმეთ მომხმარებლის საჩივარი და ზემოაღნიშნულ მაღაზიაში მართლაც აღმოვაჩინეთ, რომ იყიდება ასაწონი პროდუქტი, დახლზე განთავსებული წარწერით „არაჟანი სვანური 25% - ნატურალ+“ და შემადგენლობის აღწერით, სადაც მითითებულია მცენარეული ცხიმი (პალმის, მზესუმზირის).

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევას. დაუშვებელია, რომ მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდებოდეს.

აღნიშნულ დარღვევაზე გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

---------

11 მარტს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ 28 თებერვალს განახორციელა სახელმწიფო კონტროლი ზემოაღნიშნულ სასურსათო მაღაზიაში. შემოწმებისას დადგინდა, რომ მომხმარებლისთვის განკუთვნილ სურსათის ეტიკეტზე
მითითებული იყო „სვანური - 25% - ნატურალ+“. რძისა და რძის პროდუქტების სექციაში დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეტიკეტირების წესის მოთხოვნები, სურსათის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები.

როგორც ჩანს, ჩვენი წერილის მიღების შემდეგ, მაღაზიამ პროდუქტის ეტიკეტი შეასწორა.

---------

3 მაისს, დარღვევის გადამოწმების მიზნით, კვლავ ვეწვიეთ გორგასლის ქუჩა N. 61-ში მდებარე მაღაზია „ფრესკოს“. ეტიკეტირების წესების ზემოაღნიშნული დარღვევა აღარ დაგვიფიქსირებია.