მუქი ქიშმიში

2019 წლის 1 თებერვალს მომხმარებელმა ელექტრონულ ფოსტაზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელიც მაღაზია „აგროჰაბში“ შეძენილ მუქ ქიშმიშს ეხებოდა. მომხმარებლის ინფორმაციით, ქიშმიში თბილ წყალში გარეცხვისას გამოყოფდა დიდი ოდენობით ცხიმს, რომელიც მომხმარებელმა ვერ გააცალა და ამიტომაც გადაყარა პროდუქტი. 

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 7 თებერვალს, მაღაზია „აგროჰაბში“ (მარშალ გელოვანის 22) შევიძინეთ მოხმარებლის მიერ მითითებული, ირანული წარმოების ქიშმიში (მუქი), დისტრიბუტორი შპს IProduct. პროდუქტის დათვალიერებისას მართლაც შეიმჩნეოდა ცხიმის საკმაოდ დიდი ოდენობა, რაც ქიშმიშისათვის არაბუნებრივად გვეჩვენა. გავიგეთ ისიც, რომ ძველი ქიშმიშისათვის მიმზიდველი სახის მისაცემად ზოგიერთი მეწარმე მას ზეთში ავლებს. იმისათვის, რომ განგვესაზღვრა პროდუქტში ცხიმის ოდენობა და შეგვედარებინა იგი ეტიკეტზე მითითებულ ცხიმის მაჩვენებელთან (0.5%) პროდუქტი ლაბორატორიაში  ჩავაბარეთ.

  

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, „პროდუქტის შეფუთვაზე შეიმჩნევა უფერო, ცხიმისმაგვარი დანაშრევები... ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქიშმიშის ნიმუშში ცხიმის შემცველობა შეადგენს 0,40%-ს. აღნიშნული მაჩვენებლით ნიმუში შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“.