სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

დიდი დაგვიანების შემდეგ, 29 ნოემბერს, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გამოგვიგზავნა მესამე კვარტალში მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები (სეს-ის წერილი). როგორც თითქმის ყოველთვის, ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის, იკვეთება არაერთი უზუსტობა და დამატებით გვჭირდება ინფორმაციის გამოთხოვა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა მოწოდებული და შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოებისა და პროდუქტების შემოწმების შედეგები:  

1. მესამე კვარტლის ზოგადი ანგარიში

2. საწარმოთა ინსპექტირება

3. სურსათის ლაბორატორიული კვლევები

4. დოკუმენტური შემოწმება

5. ზედამხედველობა

6. ვეტერინარული კონტროლი - ზოგადი ანგარიში

7. ვეტერინარული პრეპარატები, ბიზნესოპერატორების კონტროლის შედეგები

8. პესტიციდები და აგროქიმიკატები

ამ მონაცემებიდან, ისევე როგორც ადრე, განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში სასმელი წყლის დაბინძურება (შემოწმებული ნიმუშების თითქმის ნახევარში), ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების სიჭარბე (შემოწმებული ნიმუშების მესამედი). საყურადღებოა ისიც, რომ მცენარეული ცხიმების შემცველობაზე შემოწმებული 12 რძის პროდუქტის ნიმუშიდან, 10-ში მცენარეული ცხიმები გამოვლინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტები რძის პროდუქტებს არ წარმოადგენენ და მეწარმეები მათ ასეთებად მოტყუებით ასაღებდნენ.

დანარჩენ ინფორმაციას მათი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 

------------

5 დეკემბერს სეს-იდან ის მონაცემები გამოვითხოვეთ, რომლებიც არ მოგვაწოდეს. სამწუხაროდ, სეს-მა არც ამჯერად უღალატა „ტრადიციას“, 24 დეკემბერს, დაგვიანებით მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემების მცირე ნაწილი. ესენია:

- საწარმოთა ინსპექტირების შედეგები, სადაც მითითებულია, თუ რომელ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.

- იმ ყველის ნიმუშის მონაცემები, რომელშიც, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რძის ფხვნილი აღმოჩნდა.[CIT=შეგახსენებთ, რომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ სახელწოდებით დაუშვებელია ისეთი პროდუქტის გაყიდვა, რომელიც რძის ფხვნილს შეიცავს. ეს შეზღუდვა მხოლოდ ყველს ეხება. ყველა დანარჩენი რძის პროდუქტის დამზადება რძის ფხვნილის გამოყენებით დასაშვებია.](*)[/CIT] ამ ყველის მწარმოებელი აღმოჩნდა თბილისში მდებარე საწარმო შპს „რესპუბლიკა“.

სეს-ისაგან კვლავ ველით დარჩენილ მონაცემებს. ამავე დროს, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით და არასრულად მოწოდება სეს-ის მხრიდან უკვე ძალიან ხშირია, პრობლემის გამოსასწორებლად მივმართეთ სეს-ის ზემდგომ უწყებას - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

------------

26 დეკემბერს სეს-მა მოგვაწოდა მის მიერ კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმის „ზედამხედველობის“ განხორციელების შედეგები. ზედამხედველობის დროს ხორციელდება ბიზნესოპერატორის შემდეგ საქმიანობაზე დაკვირვება:

ა) სურსათის განადგურება;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვა;
გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულება.[CIT=სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 26​1, 4.](*)[/CIT]

ამჯერად უკვე მონაცემებში მითითებულია, თუ რომელმა საწარმოებმა შეასრულეს, ან არ შეასრულეს სეს-ის მითითებები, სად გამოვლინდა ვადაგასული, ან მავნე სურსათი და სხვა.