სტანდარტი თუ გოსტი?

საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები („გოსტები“), რომელთა დაცვა სავალდებულო იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი წარმოებული პროდუქტი ამ პროდუქტისთვის დადგენილი „გოსტის“ შესაბამისი უნდა ყოფილიყო. იმისთვის, რომ პროდუქცია უკიდურესად ერთგვაროვანი არ გამოსულიყო, „გოსტებში“ არსებობდა სავალდებულო ნაწილი, რომლის დაცვა ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო და არასავალდებულო ნაწილი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.

დამოუკიდებელ საქართველოში 90-იან წლებში „გოსტების“ დიდი ნაწილი ძალაში დარჩა, როგორც გამოყენებისთვის დაშვებული ტექნიკური დოკუმენტაცია. პარალელურად დაიწყო საქართველოს სტანდარტების შემუშავებაც (რომლებიც უმეტესწილად ქართულად ნათარგმნ „გოსტებს“ წარმოადგენდნენ). თუმცა, სტანდარტების სავალდებულო ძალა თანდათან შერბილდა - სტანდარტთან შესაბამისობა მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციას მოეთხოვებოდა (არსებობდა ასეთი პროდუქციის ჩამონათვალი). 2005 წლიდან კი ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ საქართველოში სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია[CIT=ამჟამად ეს განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, მუხლი 64, პუნქტი 2.](*)[/CIT]. თუმცა, ამავე დროს შემოღებულ იქნა სხვა დოკუმენტები, ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომელთა დაცვა სავალდებულოა.