სემინარები თელავსა და ლაგოდეხში

2018 წლის 21-22 ივნისს თელავსა და ლაგოდეხში გავმართეთ სემინარები თემაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვა“. სემინარებს ესწრებოდნენ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებთანაც ჩვენი ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ მუშაობს.

სემინარის მონაწილეებს მივაწოდეთ ზოგადი ინფორმაცია მომხმარებლის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაზე, სახელმწიფო სტრუქტურებსა და მექანიზმებზე. ასევე, მონაწილეებისაგან მოვისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ, როგორც მომხმარებლებს აწუხებთ და მათ კითხვებს ვუპასუხეთ. შეხვედრის ბოლოს მოხდა მონაწილეთა წერილობითი გამოკითხვა მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, რეგიონებში, მწირია ინფორმაცია მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება, რათა მათ უკეთ შეძლონ პროდუქტებისა, თუ მომსახურების შეძენისას საკუთარი ჯანმრთელობისა და მატერიალური ინტერესების დაცვა.