შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება

2018 წლის აპრილში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გაავრცელა ცნობა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმების შედეგად ცხენისა და ვირის ხორცის აღმოჩენის შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა თხოვნით შპს ბოკოლასა (29.03.201803.04.2018)  და ი/მ გიორგი ლონდარიძის წარმოებული პელმენების შემოწმების თხოვნით. სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები იყო მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებშიც ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. ამიტომ ჩვენთვის უცნობი იყო შეამოწმა თუ არა სეს-მა ზემოაღნიშნული მეწარმეების პროდუქცია.

2018 წლის აპრილის დასაწყისში გამოვითხოვეთ სეს-ის მიერ 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები, მათ შორის, ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი შემოწმების სრული შედეგებიც. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მონაცემები მხოლოდ ივნისში მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საწარმოების პროდუქცია სეს-ს ცხენისა და ვირის ხორცის შემცველობაზე არ ჰქონდა შემოწმებული. 

იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, ცხენისა და ვირის ხორცის არალეგალური გაყიდვა გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში და სეს-ის შემოწმების შედეგად მომხმარებლების ინტერესი შპს ბოკოლასა ი/მ გიორგი ლონდარიძის მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ არ აღმოჩნდა დაკმაყოფილებული, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროდუქტების ლაბორატორიული შემოწმება. 

2018 წლის 14 ივნისს, ორივე საწარმოსთან არსებულ მაღაზიაში -- შპს ბოკოლა  (ბოცვაძის 8) და  ი/მ გიორგი ლონდარიძე ( რობაქიძის გამზ  07  2, ფართი 12) შევიძინეთ გაყინული, დაფასოებული პელმენი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მათში ცხენის და ვირის ხორცის შემცველობის დასადგენად.

ნიმუშები ლაბორატორიაში დაინომრა პირობითი აღნიშვნებით: ნიმუში B - შპს ბოკოლა და ნიმუში D - ი/მ გიორგი ლონდარიძე.

                        

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით  შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის  პროდუქტებში დარღვევა არ გამოვლენილა.

თუმცა, ი/მ გიორგი ლონდარიძის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი ეტიკეტირებული არ იყო და, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, გამყიდველმა არ წარმოგვიდგინა თანმხლები დოკუმენტაცია, რომელიც პროდუქტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ეს ეტიკეტირების წესების დარღვევაა, რის თაობაზეც მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

----------

სააგენტოდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ჩვენი მიმართვის შემდეგ, სააგენტომ შეამოწმა ი/მ გიორგი ლონდარიძის მაღაზია, გამოავლინა ეტიკეტირების წესების დარღვევა და საწარმო 400 ლარით დააჯარიმა.