თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა

2018 წ. 1 მაისიდან ამოქმედდა ცვლილებები კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს:
• თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება;
• თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.

იკრძალება თამბაქოს (მათ შორის, ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტის) მოწევა:
• ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ტერიტორიებზე და საზოგადოებრივ შეკრებებზე;
• სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ დაწესებულებებში და ტერიტორიებზე;
• ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
• სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

გამონაკლისი შემთხვევები - თამბაქოს მოწევა ნებადართულია:
• ფიზიკური პირის სახლში;
• ტაქსისა და კატერში;
• აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას;
• სამორინეში;
• სიგარაბარში;
• წინასწარი დაკავების იზოლატორში;
• პენიტენციურ დაწესებულებაში;
• სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით).
• თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში.

კანონის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება ეკისრება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციას, ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მესაკუთრეს/მფლობელს.

იმ დაწესებულებების ხელმძღვანელები, სადაც მოწევა დაშვებულია, ვალდებული არიან უზრუნველყონ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილების გამოყოფა. თუმცა, თუ ამას ვერ შეძლებენ, სულ მცირე, იმ პარამეტრებით, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული, მაშინ იგულისხმება, რომ ამ ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან. უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

ვის მივმართოთ, კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში?

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის შეზღუდვის წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება აქვს უშუალოდ მძღოლს მოსთხოვოს მსგავსი ფაქტის აღკვეთა.

დაწესებულებებში კანონდარღვევის შემსწრე პირს შეუძლია ადმინისტრაციას მიმართოს, ხოლო მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში ან ლიფტში წესების დარღვევის შემთხვევაში -- პოლიციას.

თუკი მძღოლი, ან ადმინისტრაცია ვერ შეძლებს კანონდარღვევის აღკვეთას, მოქალაქეს შეუძლია სამართალდამცველებს მიმართოს. შენობა-ნაგებობის კანონდარღვევით მოწყობის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოქალაქეს შეუძლია ფინანსთა სამინისტროს მიმართოს.

წესების დარღვევისათვის შემდეგი ჯარიმებია გათვალისწინებული[CIT=საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მ. 1711. მსგავს კანონდარღვევებზე სხვა სახის ჯარიმები ამავე კოდექსში იხილეთ.](*)[/CIT]:

• შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, და სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლი ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო, განმეორების შემთხვევაში, თანხა გაორმაგდება;
• ფიზიკური პირის მიერ სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ჯარიმდება 50 ლარით, რაც, განმეორების შემთხვევაში, გაორმაგდება.
• ფიზიკური პირი მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, ლიფტში, სხვენში, სარდაფში (ან სახლის სხვა ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა) მოწევისათვის ჯარიმდება 50 ლარით, რაც, განმეორების შემთხვევაში, გაორმაგდება.

gio   20:27:22 2018-05-20  უპასუხე   
გამარჯობა, დიდი ხანია აღარ ამოწმებთ პროდუქტებს და რატომ? ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საიტის არსებობა საზოგადოებისთვის. მოგიწოდებთ გააქტიურდეთ და ბევრი რაღაცეები შეამოწმოთ. :) :)
თამარ, CSRDG   12:37:16 2018-05-21  უპასუხე   
გიო სამწუხაროდ დაფინანსება გვაქვს ძალიან შეზღუდული, შესაბამისად მხოლოდ მომხმარებლების მხრიდან შემოსულ საჩივრებზე, რომელიც კონკრეტულ დარღვევებს ეხება, ვრეაგირებთ. მადლობა რომ გვენდობით