ჯარიმები

ჯარიმებთან დაკავშირებით, იქნება ეს „სითი პარკის“, პატრულისა თუ ავტობუსში დაჯარიმების შემთხვევა,  ხშირად ისმის კითხვები:

·       რა შემთხვევაში ითვლება ჯარიმა ჩაბარებულად?

·       რა მოხდება თუ ჯარიმის ფურცელს ხელს არ მოვაწერთ?

·       როგორ იღებს დაჯარიმებული, ჯარიმის შესახებ ინფორმაციას?

·       რა მოხდება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში?

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს რომ თუ ისინი ჯარიმის ფურცელს არ ჩაიბარებენ, ესე იგი ხელს არ მოაწერენ, ამით თავს აარიდებენ ჯარიმის გადახდას.

ეს მოსაზრება და მიდგომა არასწორია. კანონმდებლობის თანახმად, პირი  ჯარიმის ფურცლის მიღებას ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა, მას ჯარიმის გადახდა მაინც დაეკისრება.

დაჯარიმებულები, ასევე, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის დაჯარიმების შესახებ არ შეუტყობინებიათ.

რა საშუალებები არსებობს იმისთვის რომ „სითი პარკის“ ჯარიმის შესახებ ავტომფლობელმა ინფორმაცია მიიღოს? დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, არის სამი გზა:

1.    გამოწერილი ჯარიმის ერთი ეგზემპლარი ფოსტის მეშვეობით იგზავნება დაჯარიმებულის იურიდიულ მისამართზე.

2.    მეორე ეგზემპლარს კი „სითი პარკის“ თანამშრომელი ავტომობილის საქარე მინაზე ტოვებს. 

3.    ასევე, არსებობს „სითი პარკის“ ვებსაიტი და  ცხელი ხაზი, რომელთა მეშვეობითაც მძღოლებს მარტივად  შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხართ თუ არა დაჯარიმებულთა სიაში. ვებსაიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მობილური ტელეფონის ნომერზეცაა შესაძლებელი მოგივიდეთ  შეტყობინება ჯარიმისა და მისი გადახდის ვადების შესახებ. 

აქ იბადება ერთი აქტუალური კითხვაც: ითვლება თუ არა  ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებული ,,სითი-პარკის“ ჯარიმა მძღოლისთვის ჩაბარებულად?

ჯარიმის განთავსება მხოლოდ ავტომობილის საქარე მინაზე არ ითვლება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად და არ წარმოშობს ქონებრივ პასუხისმგებლობას. ამას მხოლოდ დამატებითი საინფორმაციო ხასიათი აქვს.

რა საშუალებები არსებობს იმისთვის რომ პატრულის ჯარიმის შესახებ ავტომფლობელმა ინფორმაცია მიიღოს? 

ავტოსაგზაო მოძრაობის დარღვევისას მობილურ ტელეფონზე SMS გეგზავნებათ.

ხოლო იმისთვის რომ გადაამოწმოთ, გერიცხებათ თუ არა ვიდეოჯარიმა  შეგიძლიათ  გადაამოწმოთ საიტზე videos.police.ge.

აღსანიშნავია, რომ  გარდა თავად დამრღვევისა, ჯარიმის ფურცლის ჩაბარების უფლება მისი ოჯახის წევრსაცა აქვს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ  ჯარიმა  ჩაბარებულადითვლება, მხოლოდ დამრღვევთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარების შემთხვევაში. ესე იგი, თუ ფოსტის თანამშრომელი ჯარიმას  აბარებს დამრღვევის საცხოვრებელ ფართში დროებით მყოფ პირსან მეზობელს, რის გამოც დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია თქვენამდე ვერ მოვიდა, ჯარიმაზე დარიცხული საურავის გაუქმების მიზნით, შეგიძლიათ  გასაჩივრების პროცედურებს მიმართოთ.

მაგრამ, რა მოხდება  თუ ოჯახის წევრი უარს იტყვის ჯარიმის ჩაბარებაზე?  

ამ შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, ესე იგი რამდენიმე დღის შემდეგ, ფოსტის თანამშრომელმა ჯარიმის ფურცელი ისევ უნდა მიიტანოს დაჯარიმებული პირის იურიდიულ მისამართზე.  მეორედ მისვლის დროს ოჯახის წევრის მიერ გამოთქმული უარი და ჯარიმის ჩაუბარებლობა, უკვე აღიქმება, როგორც  გააზრებული ქმედება და  ჯარიმისგან თავის არიდების მცდელობა. ამიტომ, ოჯახის წევრის უარის მიუხედავად, ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება და დაიწყება მისი გადახდის 30-დღიანი ვადის ათვლა.

რა სამართლებრივი შედეგები დადგება  ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში?  

30-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება საურავის დარიცხვა. ესე იგი, დამატებითი ხარჯის გაწევა მოგიწევთ:

·      პატრულის 10 და 20 ლარიან ჯარიმებზე à საურავი 150 ლარი.

·      50, 200, 300 ლარიან ჯარიმებზე à საურავი 500 ლარი.

·      ავტობუსის 5 ლარიან ჯარიმაზე à საურავი 50ლარი.

·      „სითი პარკის“ 10 ლარიან ჯარიმაზე à საურავი 150 ლარი.

·      სხვა კატეგორიის ჯარიმებზე - საურავი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ოდენობით.

თუ  საურავის გადახდაც არ მოხდა, საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც მოვალეს (დაჯარიმებულ პირს) გაფრთხილებას გაუგზავნის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისკენ, ანუ ჯარიმისა და საურავის გადახდისკენ. თუკი მოქალაქე მაინც არ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, ბიურო მის მიმართ შემდეგ ღონისძიებებს ატარებს:

  1. მოვალეთა რეესტრში“ რეგისტრაცია;
  2. საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება;
  3. დაყადაღებული ქონების იძულებითი რეალიზაცია;
  4. აღსრულების საფასურის დაკისრება.

ყოველივე ზემოთქმულის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ მიიღებთ  წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მისაღებია თქვენთვის, თუმცა, ჯარიმის/საურავის გადახდისთვის საკმარისი თანხა არა გაქვთ,  აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს, როგორც მოვალეებს, გთავაზობთ შესაძლებლობას,   მოითხოვოთ აღსრულების განწილვადება 12 თვემდე ვადით. 

ასე რომ, თუ გაქვთ ინფორმაცია დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ყურადღებით გაეცანით საჯარიმო ოქმით განსაზღვრულ თქვენს უფლება-მოვალეობებს და  ჯარიმები დროულად გადაიხადეთ, კანონით განსაზღვრული 30 კალენდარული დღის (და არა 1 თვისვადაში.

მაგრამ, თუ თვლით რომ თქვენი უფლებები დაირღვა ან დაუმსახურებლად დაგეკისრათ  ჯარიმა/საურავი გაასაჩივრეთ:

·      „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო აქტები -- მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.    

·      ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები -- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

·      ავტობუსის ჯარიმები -- მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

გასაჩივრების ვადები საჯარიმო ქვითრის უკანა მხარესაა მითითებული და 10 კალენდარულ დღეს შეადგენს.

არასდროს დაიზაროთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

გისურვებთ წარმატებას და ნაკლებ ჯარიმებს.