სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე

გასული თვეების განმავლობაში გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია და დასკვნები სახელმწიფოს მიერ ტყვიის შემცველობაზე სურსათის შემოწმების შესახებ. ვაგრძელებთ ამ საკითხის მონიტორინგს. სექტემბრის ბოლოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მივმართეთ ინფორმაციის მოთხოვნით და პირველი პასუხი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან მივიღეთ.

ჩვენ გვაინტერესებდა დაიწყო თუ არა საბაჟო დეპარტამენტმა იმპორტირებული სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმება. დეპარტმანტიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ლაბორატორიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები სუნელების შესამოწმებლად, განისაზღვრა იმ პროდუქტების კატეგორიები, რომლებიც დაბინძურების შედარებით დიდი რისკის შემცველია და ასეთი სუნელების იმპორტირებისას მათი ლაბორატორიული შემოწმება მოხდება. 

მისასალმებელია, რომ საზოგადოების აქტიურობის შედეგად, სახელმწიფო უწყებები ტყვიის შემცველობაზე სურსათის კონტროლს ამკაცრებენ.

მონიტორინგის ახალ შედეგებს, ინფორმაციის მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.  

-------------------------

მივიღეთ პასუხი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდანაც, რომლის მიხედვითაც, სამინისტრომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აწარმოა  სურსათის ტყვიით დაბინძურების ფაქტების შესწავლა, მაგრამ დაბინძურების პოტენციური წყაროები ვერ დაადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები სათანადოდ ვერ რეაგირებენ მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების აღსაკვეთათ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სისტემური გაუმჯობესება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში.