კამპანია „უსაფრთხო სათამაშო“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ სათამაშოების შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იწყებს საინფორმაციო კამპანიას „უსაფრთხო სათამაშო“. სახალხო დამცველის ინიციატივას შეუერთდნენ მეწარმეები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანასა და გავრცელებას საქართველოში. დაფუძნდა ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშო“ და მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითად პრინციპებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ რამდენიმე ეტაპად მოხდა თბილისის მაღაზიებში და აფთიაქებში გასაყიდი სათამაშოების შემოწმება: თოჯინებიჩვილთა სათამაშოები, საჭყიპინო და აბაზანის სათამაშოები და სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის. შემოწმების შედეგების მიხედვით 44 შემწომებული სათამაშოდან დარღვევა 21 სათამაშოში აღმოჩნდა. ინფორმაცია დარღვევების შესახებ გაეგზავნა როგორც საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს. 2017 წლის 09 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას - რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში.