არაჟანი 30% "აგროჰაბი"

2017 წლის 16 იანვარს მომხმარებელმა დაფარული საჩივარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა  მაღაზია "აგროჰაბში" გასაყიდი რძის პროდუქტების შემოწმება. 

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 20 იანვარს მაღაზია "აგროჰაბში"  შევიძინეთ "არაჟანი 30% ასაწონი "აგროჰაბი" და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობის განსასაზღვრად.

2017 წლის 23 იანვარს, შპს "აგროჰაბიდან" ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ წერილი, რომელშიც გვთხოვდნენ გვეცნობებინა რა პროდუქტი შევიძინეთ მათ მაღაზიაში და რა პარამეტრზე ვამოწმებდით, რომ კომპანიას პარალელურ რეჟიმში განეხორციელებინა იმავე პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზი შედარებისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით არაჟანში საერთო ცხიმი 31 %, ხოლო  ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის მასიური წილი 99,1% აღმოჩნდა.

2017 წლის 01 თებერვალს შპს "აგროჰაბიდან" მივიღეთ მათ მიერ შემოწმებული არაჟნის ანალიზის პასუხი, რომელის მიხედვითაც პროდუქტში საერთო ცხიმი 30,5%, ხოლო ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის მასიური წილი 98,8% აღმოჩნდა.