რძემჟავა პროდუქტები

[break] ყველამ ვიცით, რომ რძეს თუ სითბოში გავაჩერებთ, ამჟავდება. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რომელი მიკროორგანიზმები გამრავლდა ამ დროს რძეში, ამჟავებული პროდუქტი შესაძლოა ან საზიანო გამოვიდეს, ან ძალიან გემრიელი და სასარგებლო. ასე მზადდება ე.წ. „რძემჟავა პროდუქტები“ - შემთბარ რძეში შეაქვთ სპეციალურად შერჩეული, სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურა („დედო“), რომელიც გამრავლებისას ახდენს რძის შემადგენელი კომპონენტების გარდაქმნას გემრიელ და უფრო ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებში. ასე კეთდება მაწონი, იოგურტი, კეფირი, არაჟანი, ხაჭო და სხვა პროდუქტები - მსოფლიოში სხვადასხვა დასახელების ასობით რძემჟავა პროდუქტი იწარმოება.

ყველა რძემჟავა პროდუქტი სასარგებლოა. ყოველი მათგანი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით, სასიამოვნო გემოთი და ადვილად ათვისების უნარით. ამასთან ერთად ეს პროდუქტები ისევე მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, როგორც რძე. როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ რძემჟავა პროდუქტების სისტემატიური მომხმარება აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. უკვე რამდენიმე კვირაში ნაწლავებში წყდება ლპობის პროცესები, ხდება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის გაუმჯობესება. განსაკუთრებით კარგი შედეგები მიიღწევა დისბაქტერიოზის, შეკრულობის, კოლიტის და მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს. რძემჟავა პროდუქტები სასარგებლოა როგორც ბავშვებისათვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანებისათვის.

ყოველივე ამის მიზეზი ის არის, რომ შედედების პროცესში დედოს მიკროორგანიზმების გავლენით რძეში მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო გარდაქმნები:

თუმცა, ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ „ცოცხალ“ პროდუქტს გააჩნია, ანუ პროდუქტს, რომელიც თერმულად დამუშავებული (პასტერიზებული) არ არის და დედოს მიკროორგანიზმები მასში ცოცხალია. ასეთ პროდუქტებს შედარებით მოკლე შენახვის ვადა აქვს (არა უმეტეს 2 კვირისა, მაცივრის პირობებში). ცოცხალი მიკროორგანიზმები პროდუქტში ცხოველქმედებას განაგრძობენ, ამიტომ შენახვისას პროდუქტი თანდათან მჟავდება და სამომხმარებლო თვისებებს მალე კარგავს.

თუ გსურთ, რომ რძემჟავა პროდუქტებმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, მათი არჩევისას უნდა შეეცადოთ სწორედ ასეთი, „ცოცხალი“ პოდუქტი შეიძინოთ. ხშირად, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულიც არის, რომ იგი ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს. თუმცა, ამის გარკვევა სხვაგვარადაც შეიძლება - წაიკითხეთ ეტიკეტზე არის თუ არა პროდუქტი პასტერიზებული და რამდენი აქვს შენახვის ვადა. თუ პროდუქტს აწერია, რომ იგი პასტერიზებულია, ან მისი შენახვის ვადა 1 თვეზე მეტია, ეს პროდუქტი ცოცხალ ბაქტერიებს ნამდვილად არ შეიცავს და ზემოთ აღწერილ სამკურნალო თვისებებს მისგან ნუ მოელით. მოკლე შენახვის ვადიან (2 კვირამდე) პროდუქტში კი შემადედებელი მიკროორგანიზმები, როგორც წესი, ცოცხალია.

მიუხედავად იმისა, თუ რა აწერია პროდუქტს, თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ სახლში გადაამოწმოთ, „ცოცხალია“ ის თუ არა. უბრალოდ გახსენით პროდუქტი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღე. თუ ის ამჟავდა, ეს ნიშნავს, რომ მისი შემადედებელი მიკროორგანიზმები ცოცხალია. თუ სიმჟავე არ შეიცვალა და პროდუქტმა უბრალოდ ობი მოიკიდა, ეს პროდუქტი „მკვდარია“.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის, რომ თერმული დამუშავების გარეშე მომზადებული რძის პროდუქტი საფრთხის შემცველია, თუკი მასში დაავადებული და დაბინძურებული რძეა გამოყენებული. 

მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!