ბოლო ცვლილებები

სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
კანონმდებლობა,

15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის დონით ვერ დაიკვეხნიან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში ვერ მოხერხდა მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მომხმარებლის უფლებები არასოდეს ყოფილა ხელისუფლებისა და მთლიანად საზოგადოების ძირითად პრიორიტეტებს შორის. შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც 

• სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი.
• მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს. მეწარმე, მომხმარებელთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული.
• ეკონომიკური საქმიანობის მრავალ სფეროში არ მოქმედებს სახელმწიფო უწყება, რომელსაც მომხმარებელმა შეიძლება დასახმარებლად მიმართოს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევებში.

შექმნილი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას; ისევე, როგორც თანამედროვე, მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ ვალდებულება აიღო მომხმარებლის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. თუმცა, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით შემუშავებული გეგმები მეტად გრძელვადიანია. ამასთანავე, მათ განხორციელებას აფერხებს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული არაერთი სიღრმისეული, სისტემური პრობლემა, მათ შორის მეწარმეთა რიგი, გავლენიანი წრეების წინააღმდეგობა. ხელისუფლება ვერ იჩენს სიმტკიცესა და თანმიმდევრულობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც დასახული მიზნების მიღწევას, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გარდა ამისა, დღეისათვის დაგეგმილი რეფორმები საერთოდ არ ითვალისწინებს უსაფრთხოების კონტროლის დაწესებას სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე. გაურკვეველია, რამდენი ხანი შეიძლება მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაუცველი დარჩეს ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენისას, როგორებიცაა ტანსაცმელი, ტექსტილი, პარფიუმერია-კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი და სხვა.

2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კუთხით. ამ წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის მთელ რიგ ნორმატიულ აქტებთან, რამაც უნდა გააუმჯობესოს მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი დაცვის მექანიზმები. უკვე დაწესდა სამშენებლო მასალების ნაწილის სახელმწიფო კონტროლი. საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. ხელისუფლებამ ასევე უნდა შეიმუშავოს ნორმატიული ბაზა სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის დასაწყებად და სხვა.

ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ამოცანების მიღწევა და ზოგადად, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია, თუკი არ ჩამოყალიბდება შესაბამისი, მტკიცე საზოგადოებრივი დაკვეთა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიმდინარე წელი ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და 2020 წლის 15 მარტისათვის ქართველი მომხმარებლების უფლებები უკეთ იქნება დაცული.
 




print version
11:30:09 2019-03-15

კომენტარის დამატება

GeorGe   09:44:20 2019-04-19  უპასუხე   
მშვენიერია


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge