ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
მომხმარებელთა დაცვის ახალი კანონპროექტი
კანონმდებლობა, ევროკავშირში,

საქართველოს პარლამენტი მომხმარებელთა დაცვის ახალ კანონპროექტს იხილავს.

2012 წლის მაისში, საქართველოს მაშინდელი მთავრობის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი გაუქმდა, რის შედეგადაც საქართველოში მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის ფაქტები მნიშვნელოვნად გახშირდა.

2013 წლის დასაწყისიდან, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მომზადდა მომხმარებელთა დაცვის ახალი, ევროპული მიდგომების კანონპროექტი.  2015 წლის ივლისში მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება (იხ. კანონპროექტის განხილვის ამსახველი დოკუმენტაცია), 2016 წლის მარტში კი იგი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდეც (იხ. კენჭისყრის შედეგები, I მოსმენით მიღებული ვარიანტი).

2016 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით, სადაც ბ-ნმა ლევან ბერძენიშვილმა წარადგინა შენიშვნების ფურცელი და მის მიხედვით გასწორებული კანონის ახალი ვარიანტი:

განხილვაზე მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს კანონპროექტს (აგრეთვე იხილეთ: წარმოდგენილი დასკვნები,  კომიტეტის დასკვნა).

2016 წლის ივნისის დასაწყისში მოსალოდნელია კანონპროექტის სასესიო განხილვა.

-------------------------------

მომხმარებელთა დაცვის კანონპროექტის ძირითადი მიზანია მომხმარებელთა დაცვა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანისგან. კერძოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს შემდეგს:

  • ნაკლის მქონე ("ხელშეკრულების შეუსაბამო") საქონელი ექვემდებარება დაბრუნებას ან გამოცვლას - მიუხედავად იმისა, რა აკრძალვები წერია მაღაზიაში ან რაზე მოაწერინეს მომხმარებელს ხელი;
  • საქონელი, რომელზეც მომხმარებელს არასაკმარისი ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს (მათ შორის რეკლამის საშუალებით), მიიჩნევა ნაკლის მქონედ ("ხელშეკრულების შეუსაბამოდ") და ექვემდებარება დაბრუნებას ან გამოცვლას;
  • კანონით დგინდება მინიმალური საგარანტიო ვადა, რომელიც უდრის 2 წელს ან პროდუქციის მოხმარების ვადას (თუკი ეს უკანასკნელი მკაფიოდ არის მითითებული);
  • დგინდება ვალდებულებები, რომელსაც მოიცავს ეს "კანონისმიერი გარანტია". ესენია: პროდუქციის სრულიად უფასო შეკეთება (მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება), გამოცვვლა ან დაბრუნება;
  • მომხმარებელს ეძლევა უფლება შეძენილი საქონელი 2 კვირის განმავლობაში გადაცვალოს ან დააბრუნოს (თუკი არ უხმარია). თუ საქონელი ინტერნეტით ან სხვა დისტანციური საშუალებით არის შეძენილი, ამ პერიოდის ათვლა საქონლის მიღების დღიდან იწყება;
  • ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებლისთვის კანონით დადგენილი უფლებები იზღუდება, ცხადდება ბათილად;
  • თუ მომხმარებელმა ხელშეკრულება მოულოდნელად/მოუმზადებლად დადო (მაგალითად მას სახლში მიაკითხეს) 2 კვირის განმავლობაში მას უფლება აქვს ხელშეკრულება გააუქმოს.

მომხმარებლებისთვის მოგვყავს კანონპროექტის ცალკეული ფრაზების დამატებითი განმარტებები:

1. "სახელშეკრულებო ურთიერთობა" არ ნიშნავს მხოლოდ ისეთ ურთიერთობებს, როცა ფორმალური ხელშეკრულება ფორმდება და ხელი მოეწერება. "სახელშეკრულებო ურთიერთობა" ნიშნავს მომხმარებლის მიერ ნებისმიერი საქონლის ყიდვას, დაქირავებას, რაიმე მომსახურების შეკვეთას და მიღებას. შესაბამისად კანონპროექტი არეგულირებს ყველა იმ ურთიერთობებს, რომელშიც მომხმარებელი შედის რაიმეს გამყიდველ ან გამქირავებელ პირთან, ან ნებისმიერი მომსახურების შემთავაზებელთან თუ გამცემთან.

2. "ხელშეკრულების შესაბამისი საქონელი" არ ნიშნავს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც ამა თუ იმ ფორმალურ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული ან აღწერილი. რაიმე საგნის ყიდვისას "ხელშეკრულების შესაბამისი საქონელი" ნიშნავს ისეთ საქონელს, როგორსაც თქვენ ბუნებრივად მოელით, ან როგორსაც შეგპირდნენ, ან როგორი შთაბეჭდილება ან წარმოდგენაც შეგიქმნეს რეკლამის, ან ეტიკეტის, ან წარწერის, ან სხვა საშუალებით. კანონპროექტი ითხოვს, რომ თქვენ ზუსტად ასეთი საქონელი მოგაწოდონ ან მოგცენ. ხოლო თუ საქონელი სხვანაირი აღმოჩნდა (მაგალითად არ აქვს ის თვისებები, რაც სარეკლამო რგოლის მიხედვით უნდა ჰქონოდა), კანონის ამოქმედების შემდეგ თქვენ გექნებათ უფლება ის უკან მიიტანოთ და მოითხოვოთ, რომ ან გამოასწორონ ეს ნაკლი, ან დაიბრუნონ.




print version
15:11:25 2013-12-03

კომენტარის დამატება

nodari   13:07:07 2017-01-07  უპასუხე   
წავიკითხე კანონპროექტი და არასამთავრობოებზე მეტი დაკონკრეტებაა საჭირო,კერძოდ,რომ მათ უფლება ეძლევათ სასურსათო და არასასურსათო სავაჭრო ობიექტებში ჩაატარონ დამოუკიდებელი მონიტორინგი პროდუქტზე და დამრღვევები გადასცენ მაკონტროლებელ და სამართლდამცავ ორგანოებს. მე რამდენი შემთხვევა მქონდა ტექნიკასთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაცია მომეხმარა 2-ჯერ უშუალოდ რეალიზატორტან და ერთხელ სასამართლოში-საქმე ეხებოდა დიდ თანხას და უარზე იყვნენ დაბრუნებაზე,ასე,რომ დაკონკრეტება აუცილებელია.არასამთავრობოები ზოგიერთ მაღალჩინოსნები გულზე არ ეხატებათ,მაგრამ აუცილებელია თქვენი მეტი მონაწილეობა ამ საქმეში,რასაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა Hქვია

gia   10:33:16 2016-05-29  უპასუხე   
კანონპროექტი არ არის ცუდი! ზოგი რამის დაკონკრეტებაც შეიძლება. ყველაზე კარგია არასამთავრობოების ჩართულობა-იმიტომ ,რომ ისინი არ უშინდებიან დარღვევების მხილებას.მე რამდენი უსიამოვნება მქონია და ყოველთვის არასამთავრობოები დამეხმარნენ. სამწუხაროა რომ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა პარლამენტში-იმიტომ რომ თვითონ არიან დიდ ბიზნესებში. ზალიან უნდა იაქტიუროთ არასამთავრობებმადა მომხმარებლებმა ვინაიდან ძალიან ცუდი მდგომარეობაა პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

Eto Samniashvili   17:52:21 2015-04-30  უპასუხე   
გამარჯობა. მაინტერესებს ახალი კანონპროექტი, ახლა რომელიც არის წარდგენილი, სად შეიძლება ვნახო?
ლია, CSRDG   23:48:26 2016-05-25  უპასუხე   
პარლამენტის ვებ-გვერდზე არის კანონპროექტის განხილვის ამსახველი დოკუმენტაცია. იქ მითითებულია დოკუმენტები ინიცირების, I მოსმენის და II მოსმენის. თითოეულ ამ შემთხვევაში გახსენით მარჯვენა ფანჯარაში ბმული "ფაილები" და იქ ნახავთ კანონის იმ ვერსიას, რომელიც იმ ეტაპზე განიხილებოდა და მასზე მირებულ ოფიციალურ კომენტარებს


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge