2013 წლის 18 ნოემბერს, მომხარებელმა ვებ-გვერდზე დაგვიტოვა კომენტარი, რომელშიც მუხიანში მდებარე მაღაზია "ფრესკოში" გასაყიდი შაშხის ან ლორის შემოწმება გვთხოვა.

2013 წლის 18 ნოემბერს, მუხიანში მდებარე მაღაზია "ფრესკოში" შევიძინეთ მაცივარში არსებული შაშხებიდან ერთერთი - "ნიკორას" ფირმის დაპრესილი შაშხი. მართალია, მაღაზიაში გასაყიდი რამდენიმე სახეობის შაშხი და ლორი იყო, მაგრამ ვარჩიეთ ეს კონკრეტული შაშხი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შაშხი მთლიანი იყო - დაუჭრელი და იგი გამყვიდველმა ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაჭრა სამ თანაბარ ნაწილად.

სამივე ნაწილი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პარკებში. ლაბორატორიაში ჩასაბარებელ ნიმუშზე გადავშალეთ მაღაზიის მიერ მიწებებული ეტიკეტ: ფასის, დასახელების და მაღაზიის მითითებით და მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ჩვენი თხოვნით ლაბორატორიამ შეამოწმა პროდუქტის მიკრობიოლოგიური უვნებლობა ევროპული კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმა. კერძოდ, შემოწმდა ეშერიქია კოლის და რიგი პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით არც ერთი ეს მიკროორგანიზმი პროდუქტში არ აღმოჩნდა.
მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ვინაიდან საქართველო უახლოეს პერიოდში სურსათის მიკრობიოლოგიურ ევროპულ პარამეტრებზე გადადის, ჩვენი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი შეიცვალა: რამოდენიმე თვის წინ ჩვენ, მოქმედი სანიტარული ნორმის შესაბამისად, პროდუქტში კოლიფორმების გაზომვას ვითხოვდით, რაც ბაქტერიათა დიდი ჯგუფია. ამჟამად კი, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, კოლიფორმების გაზომვა აღარ ხდება! სანაცვლოდ, ამ დიდი ჯგუფიდან, ჩვენ ლაბორატორიებს მხოლოდ ერთი (პოტენციურად პათოგენური) ბაქტერიის _ ეშერიქია კოლის გაზომვას ვთხოვთ. აგრეთვე იზომება სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა ამ ტიპის პროდუქტში მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა ამჟამად ქართული ლაბორატორიები შესაძლო პათოგენური ბაქტერიების მთელ სპექტრს ჯერ-ჯერობით ვერ ზომავენ. ამიტომ სრული ინფორმაცია პროდუქტის მიკრობიოლოგიური უვნებლობის შესახებ არ გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის ევროპულ ნორმებზე გადასვლისა და ლაბორატორიათა შესაძლებლობების შესაბამის ზრდასთან ერთად ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც უფრო ამომწურავი გახდება.
| |