ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

ევროკავშირში ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ცხოველურ სურსათს აწარმოებს, ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ზოგადი წესები და აგრეთვე ე.წ. ჰიგიენის სპეციალური წესები, ანუ ჰიგიენური (და სხვა) მოთხოვნები, რომელიც ამ კონკრეტული ტიპის საქმიანობისთვის არის დადგენილი.

მაგალითად, ასეთი მეწარმეებისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნაა, რომ ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული ცხოველი და ფრინველი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას.  იკრძალება ადამიანის საკვებად ისეთი ცხოველის ხორცის გამოყენება, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ან სასაკლაოს გარეთ დაიკლა. გამონაკლისია ფრინველები, რომელთა დაკვლა ფერმაში დაიშვება, თუმცა ასეთ ფერმას საამისო უფლება უნდა ჰქონდეს აღებული, მას რეგულარულად უნდა ამოწმებდეს ვეტერინარი, რომელიც დაკვლის დღის შესახებ წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს და დაკლული და ნაწილობრივ გამოშიგნული ფრინველი საბოლოო შემოწმებისთვის (დაკვლიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში) სასაკლაოზე უნდა იყოს გადატანილი . გამონაკლისის სახით შესაძლებელია ფერმაში დაიკლას ფიზიკური ტრამვის მქონე ცხოველი, რომლის გადაყვანა სასაკლაოზე არაჰუმანურია - თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც ცხოველი დაკვლამდე ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს და დაკვლის შემდეგ ტან-ხორცი შესამოწმებლად სასაკლაოზე უნდა იქნეს გადატანილი.

სასაკლაოს ვალდებულებები კი ასეთია:

  • სასაკლაოზე მიიღება მხოლოდ სუფთა და ჯანმრთელი ცხოველები, დამაკმაყოფილებელი კეთილდღეობის მდგომარეობაში. სასაკლაომ, ცხოველის მიღებამდე, უნდა გაარკვიოს ცხოველის წარმომავლობა (ფერმა, რომლიდანაც იგზავნება ცხოველი), მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად ცხოველთა ჯანმრთელობა ფერმაში და რეგიონში, ცხოველის მიერ გადატანილი დაავადებები, აცრები, რომელიც მას ჩაუტარდა, ვეტერინარი, რომელიც ფერმას ზედამხედველობს/ემსახურება, ამავე ფერმიდან გაგზავნილი სხვა ცხოველების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ვეტერინარული შემოწმებების შედეგები (თუ ასეთი არსებობს). ამ ინფორმაციის საფუძველზე სასაკლაომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს ცხოველს თუ არა. 
  • სასაკლაოს უნდა გააჩნდეს მოსაცდელი სადგომი, სადაც ცხოველები განთავსდება დაკვლამდე. აქ ცხოველებს წყლის დალევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სადგომები რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს და ხდებოდეს მათი დაზინფექცია.
  • სასაკლაოებს სახელმწფო ვეტერინარი ემსახურება. იგი ამოწმებს ცხოველებს/ფრინველებს დაკვლამდე და დაკვლის შემდგომ. იგი ადგენს, გამოსადეგია თუ არა ხორცი ადამიანთა საკვებად და ასეთ ხორცს სპეციალურ დამღას ასვამს. ხორცი, რომელიც ვეტერინარმა ადამიანთა კვებისთვის უვარგისად ცნო, დაუყოვნებლივ გადატანილი უნდა იქნეს განცალკევებულ სათავსოში.
  • სასაკლაოზე ცხოველთა დაკვლა, გამოშიგვნა-გატყავება და შიგნეულობის დასუფთავება-დამუშავება ერთმანეთისგან (დროში ან სივრცეში) განცალკევებულად უნდა ხორციელდებოდეს (ანუ არ შეიძლება ერთი ცხოველი იკვლებოდეს ან ტყავდებოდეს იქ, სადაც ამ დროს მეორე ცხოველის შიგნეულობა ირეცხება), რათა მათ შორის ჯვარედინი დაბინძურება გამოირიცხოს.
  • სპეციალური მოთხოვნაა სასაკლაოს მომსახურე პერსონალის ხელსაბანებისადმი - ისინი მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გამოირიცხოს დაბინძურების გადასვლა მათი საშუალებით - მაგალითად ონკანის გახსნა-დახურვისას.
  • უნდა ხორციელდებოდეს ხელსაწყოების და მოწყობილობის რეგულარული დეზინფექცია მდუღარე წყლით ან იმავე ეფექტის მქონე სხვა საშუალებით.

რაც შეეხება რძის წარმოებას, აქ მოთხოვნები ასეთია:

  • ადამიანის საკვებად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები.  უფრო მეტიც, თუ რძე ნედლ მდგომარეობაში (პასტერიზაციის გარეშე) მოიხმარება ან გადამუშავდება, მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრდება - ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ის კონკრეტული ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი, რომელიც მოწველეს, არამედ ბრუცელოზის ან ტუბერკულოზის ნიშნები მთლიანად ნახირში (ფარაში) არ უნდა იყოს აღმოჩენილი. თუ ცხოველმა რაიმე სამკურნალო პრეპარატი მიიღო, მისი რძის მოხმარება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეპარატი მისი ორგანიზმიდან სრულად გამოიდევნება.
  • რძესთან შეხებაში მყოფი აღჭურვილობა, ჭურჭელი ან ნებისმიერი სხვა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, იოლად რეცხვადი და დამზადებული იყოს არატოქსიკური მასალისგან. ჭურჭლის, აღჭურვილობის და სხვა ზედაპირების გასუფთავება და დეზინფექცია უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად, სულ ცოტა დღეში ერთხელ (სასურველია ყოველი გამოყენების შემდეგ).
  • ყოველი ცხოველისგან მიღებული რძე უნდა შემოწმდეს ორგანოლეპტიკურად (ანუ სუნი, გემო, კონსისტენცია) და ფიზიკო-ქიმიურად. სულ ცოტა თვეში ორჯერ, შემთხვევით შერჩეული სინჯები უნდა შემოწმდეს მიკრობიოლოგიურადაც. თუ რომელიმე ამ მაჩვენებლებმა ნორმიდან გადახრა აჩვენა, რძე ადამიანთა კვებისთვის გამოყენებული არ უნდა იყოს.

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.




print version
15:05:05 2013-10-05

კომენტარის დამატება

giorgi   22:58:47 2015-09-23  უპასუხე   
ქალაქ ლაგოდეხის მოსახლობის დიდი თხოვნა იქნება შემოწმდეს ქალაქ ლაგოდეხში არსებული სასმელი წყალი

eka   15:22:51 2014-07-13  უპასუხე   
გამარჯობა. რა სტანდარტებს უნდა აკვაყოფილებდეს თონე? (რამდენი მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი კორპუსიდან?რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ფართი და კიდევ რა სტანდარტები არსებობს?)
თამარ, CSRDG   09:46:23 2014-07-14  უპასუხე   
ეკა სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. დარეკეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში 2919167 და ისინი დაგეხმარებიან


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge