ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

წინა საუკუნის 50-ანი წლების ბოლოს NASA კოსმოსში ასტრონავტების გასაგზავნად ემზადებოდა. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მათ უნდა გადაეჭრათ, კოსმოსში ასტრონავტების კვებას ეხებოდა. გადაწყდა, რომ საკვები, რომელსაც ასტრონავტებს გაატანდნენ, არა მარტო ნოყიერი უნდა ყოფილიყო, არამედ _ აბსოლუტურად უვნებელიც. ეს ბუნებრივიცაა _ თუნდაც ერთი ასტრონავტის შეუძლოდ ყოფნა ხომ 2-3-კაციანი კოსმოსური მისიის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. 

ასრონავტების საკვების მოსამზადებლად NASA-მ  იმ პერიოდში ამერიკაში ერთ-ერთი მსხვილი სურსათის მწარმოებელი კომპანია, Pillsbury დაიქირავა. NASA-ს დავალების შესასრულებლად Pillsbury-ს კომპანიამ სურსათის კონსერვების უვნებლობის იმ პერიოდში მოქმედი მიდგომები გულდასმით განიხილა და დაასკვნა, რომ უვნებლობის მაღალი სტანდარტის მიღწევა მათი საშუალებით შეიძლებელი იყო. რაღაც ახალი მიდგომის მოძებნა იყო საჭირო.

საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ტრადიციულ მანუფაქტურაში წუნის გამოხშირვის მეთოდს ეფუძნებოდა. მოგეხსენებათ, ბევრ დიდ საწარმოში საბოლოო პროდუქტს ე.წ. წუნის აღმომჩენი ამოწმებს - ვიზუალურად ათვალიერებს, ჩართავს-გამორთავს, მოძრავ ნაწილებს აამოძრავებს და ა.შ. ზოგჯერ მოწმდება არა ყველა პროდუქტი, არამედ ყოველი მე-5, ან მე-10. ამ მეთოდით ხდებოდა სასურსათო პროდუქტების შემოწმებაც. მაგრამ ვინაიდან სურსათში მიკრობების ან ქიმიური დამბინძურებლების დანახვა შეუძლებელია, ტარდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული ტესტები. თუმცა, როცა საქმე ეხებოდა ჰერმეტულად დახუფულ სასურსათო პროდუქტს (სურსათის კონსერვებს), ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელი იყო მათი გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმებული პროდუქტი გამოსაყენებად უვარგისი ხდებოდა. თუმცა ითვლებოდა რომ ეს დანაკარგი მისაღებია, თუკი 5-10 კონსერვის გახსნისა და შემოწმების შედეგად მთელი დანარჩენი პარტიის (მაგ 10 ათასი კონსერვის) უვნებლობა იქნება უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ იყო - ერთი და იმავე პარტიიდან 10 შემთხვევით შერჩეული კონსერვის შემოწმება მთელი პატიის უვნებლობის გარანტიას არ იძლეოდა. დეფექტი აუცილებლად მთელ პატიას არ სჭირს, იგი შეიძლება მხოლოდ 1 ან 2 კონსერვს სჭირდეს და მათი აღმოჩენა ამ გზით ვერ მოხდეს - ყოველთვის არის შანსი, რომ დაბინძურება მოხდა იმ კონსერვში, რომელიც შესამოწმებლად არ აირჩიეს. თუმცა, ცხადია, რაც მეტი კონსერვი მოწმდება თითო პარტიიდან, მით ნაკლებია შანსი რომ დანარჩენი დაბინძურებულია. მაგრამ თუკი უვნებლობის ძალიან მაღალი სტანდარტის მიღწევა გინდა, მაშინ პრაქტიკულად ყველა კონსერვის გახსნა და შემოწმება მოგიწევს და კოსმოსში გასაგზავნად პროდუქტი უბრალოდ აღარ დარჩება!

აშკარა იყო, რომ სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად სხვა გზა იყო მოსაძებნი.

ამ პრობლემის გადაწყვეტაში სურსათის ტექნიკოსებს NASA-ში იარაღისა და ამუნიციის (მაგალითად ყუმბარების) საიმედოობაზე მომუშავე ჯგუფების გამოცდილება დაეხმარა. აქ მწარმოებლები იმავე პრობლემის წინაშე იდგნენ - მაგალითად საბრძოლო ყუმბარის წუნის შემოწმება ხომ მხოლოდ მისი აფეთქებით არის შესაძლებელი, _ აფეთქებული ყუმბარა კი გამოუდეგარი ხდება. შესაძლებელია პარტიიდან რამოდენიმე, შემთხვევით შერჩეული ყუმბარის გამოცდა და შედეგების მიხედვით პარტიის მიღება ან დაწუნება, თუმცა ეს მეთოდი (გარდა იმისა რომ ძვირია) საიმედო არ არის - ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დეფექტი სწორედ იმ ყუმბარებს ჰქონდათ, რომელიც არ გამოუცდიათ. ამიტომ ამგვარი ნაწარმისთვის აუცილებელია წუნის კონტროლმა საწარმოო ხაზის ბოლოდან წარმოების კონკრეტულად იმ სტადიებზე გადაინაცვლოს, სადაც წუნი/დეფექტი წარმოიშობა (ან შეიძლება წარმოშვას). ამ სტადიებს კრიტიკული სტადიები, ან "კრიტიკული წერტილები" ეწოდება.

სწორედ ეს მიდგომა იქნა გაზიარებული და გამოყენებული Pillsbury კომპანიის მიერ ასტრონავტების საკვების წარმოებისას. უფრო მეტიც, კომპანია მალე მიხვდა, რამდენად გონივრული და მომგებიანი იყო სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ეს მეთოდი და იგი სხვა საწარმოო ხაზებზეც დანერგა. 1970-71 წლებში კი, აშშ-ში ბოტულიზმის აფეთქებების შემდეგ, ეს მეთოდი, რომელსაც პილსბურის კომპანიამ "ჰასპი" დაარქვა, აშშ-ს „სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ“ შეისწავლა და მისი შესრულება სასურსათო კონსერვების ყველა მწარმოებელს მოსთხოვა. 1975 წლიდან „ჰასპის“  დანერგვა დაიწყეს არა მხოლოდ კონსერვის მწარმოებელმა, არამედ სხვა პროგრესულად მოაზროვნე სასურსათო კომპანიებმაც. შემდეგი წლების განმავლობაში მეთოდმა თანდათან სულ უფრო მეტი მომხრე მოიპოვა და 1997 წლიდან იგი სურსათის ჰიგიენის საერთაშორისო მოთხოვნების შემადგენელი ნაწილი გახდა.

„ჰასპის“ მიდგომის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ხდება მასში ისეთი სტადიების („წერტილების“) გამოვლენა, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ, უნიათობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დეფექტი (დაბინძურება, გაფუჭება) გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს (საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის) „კრიტიკულ წერტილს“, რომელზეც მუდმივი კონტროლი უნდა დამყარდეს, ანუ უნდა შემუშავდეს პროცედურა, რომლითაც მუდმივად, რუტინულად შემოწმდება, მოხდა თუ არა ის შეცდომა (მოუფრთხილებლობა, შემთხვევითობა და ა.შ.), რომელიც ამ ეტაპისთვის კრიტიკულია და დადგინდეს რუტინული პროცედურა წუნის გაუვნებელყოფისთვის.

კოდექს ალიმენტარიუსის“ მიხედვით, საწარმოში „ჰასპის“ სისტემის დანერგვა 7 ლოგიკური ნაბიჯისგან შედგება:
1. პროდუქტის და მისი მომზადების ტექნოლოგიის შესწავლა, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო საფრთხე (დეფექტი), რაც ამ პროდუქტს შეიძლება სჭირდეს;
2. პროდუქციის წარმოების ხაზზე იმ სტადიების გამოვლენა, როცა ეს დეფექტი შეიძლება წარმოიშვას _ ე.წ. კრიტიკული სტადიების/წერტილების დადგენა;
3. ყოველი "კრიტიკული წერტილისთვის" რაიმე ისეთი პარამეტრის შერჩევა, რომლის საშუალებით შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, წარმოიშვა პროდუქტის დეფექტი (ანუ დაირღვა უვნებლობა) თუ არა _ მაგალითად ვიზუალური დათვალიერება, ტემპერატურის გაზომვა, სწრაფი მიკრობიოლოგიური ან ფიზიკო-ქიმიური ტესტი, ან თუნდაც სამაცივრო კამერის კარის ღიაობის ხანგრძლივობა.  ამ პარამეტრს "კრიტიკული პარამეტრი" ეწოდება. უნდა დადგინდეს ამ პარამეტრის ზღვრული მნიშვნელობა, რომლის გადაჭარბებისას ჩაითვლება, რომ პროდუქტი დეფექტურია (აღარ არის უვნებელი);
4. ყოველ კრიტიკული წერტილში უნდა აეწყოს წუნის კონტროლის სისტემა - ანუ ოპერატორი, ან ავტომატი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს კრიტიკულ პარამეტრს და თუკი იგი დადგენილ ზღვარს აჭარბებს - დაიწუნებს პარტიას;
5. იმ ღონისძიების დადგენა, რომელიც ხორციელდება დაწუნებული პარტიის მიმართ _ ეს შეიძლება იყოს მთელი პარტიის ხელახლა მოხარშვა, ან სხვაგვარი გადამუშავება, ან განადგურება ან სხვა;
6. მეტი საიმედოობისთვის უნდა დაწესდეს ორმაგი დაცვა - შემმოწმებელთა კონტროლი - რეგულარული, რუტინული პროცედურა, რომლითაც მოწმდება, თუ რამდენად გულდასმით და უწყვეტად მუშაობს წუნის კონტროლის სისტემა ყოვწელ კრიტიკულ წერტილზე;
7. და ბოლოს, კიდევ უფრო მეტი საიმედოობისთვის და აგრეთვე შესაძლო პრეტენზიების განსახილველად ან თუნდაც ბაზარზე მავნე სურსათის მოხვედრის ყველა ფაქტის გამოსაძიებლად აუცილებელია ყველა ეტაპის დოკუმენტირება-აღრიცხვა - ვინ და როდის შეამოწმა, რა პარამეტრი, რა მნიშვნელობა მიიღო, რა ზომები განახორციელა. გულდასმით უნდა იწარმოებოდეს აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ეს ყველაფერი იწერება. ეს ჟურნალები, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.




print version
14:35:24 2013-09-29

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge