ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში
ევროკავშირში, სურსათის ჰიგიენა,

სურსათის ჰიგიენა მოიცავს სურსათის წარმოება-დისტრიბუცია-მოხმარების განმავლობაში გასატარებელ ყველა იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც სურსათის უვნებლობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის კანონმდებლობით სურსათის წარმოებაში, გადამუშავებაში ან დისტრიბუცია-რეალიზაციაში ჩართული ყველა საწარმო ვალდებულია დაიცვას სამი ძირითადი მოთხოვნა:

  1. იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული, როგორც სასურსათო ბიზნესი;
  2. დაიცვას ზოგადი ჰიგიენის წესები;
  3. (გარდა პირველადი საწარმოებისა) დანერგოს ე.წ."საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა".

დამატებით, ის მეწარმეები, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებენ, ვალდებულნი არიან:

  1. გაიარონ საქმიანობის ოფიციალური დამტკიცების პროცედურა. ამისთვის აუცილებელია საწარმო ერთხელ მაინც შემოწმდეს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. 
  2. მათი საწარმოდან გასულ ყველა პროდუქტზე დაიტანონ საიდენტიფიკაციო ნიშანი, სადაც საწარმოს საქმიანობის ნებართვის ნომერია მითითებული. ცხოველების ტან-ხორცზე საიდენტიფიკაციო ნიშნის მაგივრად დაიტანება ჯანმრთელობის დამღა, ოღონდ არა თავად მეწარმის მიერ, არამედ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ (ან მისი ზედამხედველობიშ ქვეშ). ცხოველის ტან-ხორცზე დატანილი ჯანმრთელობის დამღა იმის დამადასტურებელია, რომ ცხოველის დაკვლისას ყველა დადგენილი მოთხოვნა დაცული იყო და ხორცი ჯანმრთელია.
  3. დაიცვას ჰიგიენის სპეციალური წესები.

ისეთი საწარმოებისთვის, რომელიც წარმოების ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, ან გეოგრაფიული თვალსაზრისით რთულ რეგიონშია განთავსებული, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეარბილონ ზოგადი და სპეციალური ჰიგიენის მოთხოვნები. მაგალითად, შესაძლოა გაუქმდეს იატაკის, კედლებისა და ჭერის სიგლუვისა და კოროზიაგამძლე მასალისგან დამზადების მოთხოვნა და დაიშვას მიწის ან ქვის ზედაპირები. დასაშვებია დასუფთავებისა და დეზინსექციის ღონისძიებათა შერბილება და მათი სიხშირის შემცირება ადგილობრივი ფლორის შესანარჩუნებლად. ასევე დაიშვება მოთხოვნათა შერბილება იმ მასალისადმი, რომლისგანაც დამზადებულია ასეთ საწარმოებში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობა. თუმცა ინსტრუმენტების სისუფთავისა და მოწყობილობის გამართულობის მოთხოვნები ყველა შემთხვევაში ძალაში რჩება.

აგრეთვე შესაძლებელია ჰიგიენის მოთხოვნების შერბილება პირველადი წარმოების პროდუქტების მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე (და ისიც მცირე ოდენობით) მიწოდების შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც თავად ფერმერი ყიდის თავის პირველად პროდუქტს (მაგალითად, თაფლს, ნედლ რძეს, სოკოს, ხილ-ბოსტნეულს ) ან ახალდაკლული ფრინველის ან კურდღლის ხორცს, ან ნანადირევს, ან აწვდის ამ პროდუქტებს ახლომახლო მდებარე ადგილობრივ ბაზარს ან მაღაზიას (თუკი მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა მცირეა). ასეთი შემთხვევები არა ევროკავშირის, არამედ ეროვნული დონის რეგულაციებს ექვემდებარება (თუკი ასეთი არსებობს) . თუმცა, თუკი პირველადმა პროდუქტმა გადამუშავება გაიარა, მაგალითად, იგივე ფერმერი თავის მეზობლებს აწვდის მის ფერმაში მომზადებულ ყველს, წნილს, მურაბას, წვენს , ან თუნდაც ადუღებულ რძეს ან შეფუთულ/დაფასოებულ კვერცხს, ეს უკვე პირველად წარმოებად აღარ ითვლება, გამონაკლისი აღარ მოქმედებს და ფერმერი ვალდებულია ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები სრულად დაიცვას.

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.




print version
15:18:15 2013-09-19

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge