გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენ მომხარებელების საჩივრების საფუძველზე 2013 წლის მარტი-მაისში შევამოწმეთ სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული და ხილი (შემოწმების შედეგები იხილეთ ამ სტატიებში: "ნიტრატების შემოწმება ბოსტნეულში" და "ნიტრატები ხილ-ბოსტნეულში"), ჩვენს მიერ შემოწმებულ ყველა პროდუქტში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა.
ჩვენ გავითვალისწინეთ მომხარებლის განსაკუთრებული ინტერესი ბაზარში ახლადშემოსულ ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით და გავაგრძელეთ შემოწმების პროცესი.
2013 წლის 16 მაისს, ვაკეში მდებარე ერთერთ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში შევიძინეთ შემდეგი ბოსტნეული და მწვანილი: კომბოსტო, ბოლოკი, ჭარხალი, ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, სალათის ფოთოლი, ოხრახუში, ქინძი და ნიახური.
        
პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული ნიტრატების შემცველობა მხოლოდ ჭარხლის ფოთოლში აღმოჩნდა.
მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ ბოსტნეულის ხარშვისას ნიტრატების 50% ან მეტი ნახარშში გადადის. შესაბამისად, მოხარშვისა და გაწურვის შემდეგ ეს ჭარხლის ფოთოლი მოხმარებისთვის უსაფრთხო იქნება. თუმცა უმად, სალათებში, ამ ფოთლის გამოყენებას არ გირჩევთ.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ნიტრატების უსაფრთხო დღიურ ნორმად ითვლება 3,7 მგ ნიტრატი ადამიანის წონის ყოველ კილოგრამზე.
მზადდება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში გასაგზავნად.
|