ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე

სულ ნიუსები: 21
ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
კანონმდებლობა, პუბლიკაცია, ევროკავშირში, სურსათის ჰიგიენა,

ევროკავშირის 178/2002 რეგულაციას სურსათის ძირითად კანონს უწოდებენ. იგი ადგენს ევროკავშირში სურსათის კანონმდებლობის ე.წ. ჰორიზონტალურ ჩარჩოს: პრინციპებს, ძირითად მოთხოვნებს, მიდგომებს და პროცედურებს, რომელსაც როგორც ევროკავშირის, ასევე თითოეული მისი წევრის სურსათის კანონმდებლობა უნდა ეფუძნებოდეს. და ეს ეხება სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის და რელიაზაციის ყველა ეტაპს, მათ შორის ე.წ. ”პირველად წარმოებას”, აგრეთვე იმ ცხოველების საკვების წარმოება-გადამუშავება-დისტრიბუციას, რომელიც სურსათის მისაღებად გამოიყენება.

პირველ რიგში რეგულაცია ადგენს სურსათის კანონმდებლობის მიზნებს და პრინციპებს.

სურსათის კანონმდებლობას ორი მიზანი აქვს:

  1. ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა;
  2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;

სურსათის კანომდებლობა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

  1. (Risk analysis) ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს  რისკების ანალიზს. ეს იმას ნიშნავს, რომ რესურსები და ძალისხმევა პირველ რიგში უნდა მიიმართის იქით, სადაც ადამიანთა ჯანმრთელობისთვის მეტი რისკია. ამ რისკების გამოვლენა და შეფასება კი ობიექტურად და გამჭირვალედ უნდა ხდებოდეს.
  2. (Precautionary principle) დროებითი წინმსწრები ზომების მიღება აუცილებელია მაშინაც, როცა შესაძლო საშიშროების შესახებ საბოლოო მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არსებობს.
  3. (Protection of consumers' interests) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კანონმდებლობამ უნდა მოახდინოს მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის პრევენცია.
  4. (Public consultation) სურსათის კანონმდებლობის შემუშავება, შეფასება ან ცვლილება ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით უნდა ხდებოდეს.
  5. (Public information) თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული სურსათი ჯანმრთელობისთვის საშიშია, საჯარო ორგანოებმა ამის შესახებ ფართო საზოგადოებას უნდა აცნობონ. ასეთ შემთხვევაში რაც შეიძლება ზუსტად უნდა აღიწეროს სურსათი, რომელიც საშიშია, კონკრეტული რისკები და ის ზომები, რომელიც ტარდება მათ შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.

რეგულაცია ადგენს ძირითად მოთხოვნებს სურსათის სფეროში, კერძოდ:

  1. ბაზარზე მხოლოდ უვნებელი სურსათი შეიძლება განთავსდეს. ეს ნიშნავს, რომ გასაყიდად გამოტანილი სურსათი არ შეიძლება იყოს: ა) ჯანმრთელობისთვის საზიანო, ან ბ) სხვა მიზეზით უვარგისი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის. თუ მავნე სურსათი აღმოჩნდა ბაზარზე, იგი დაუყოვნებლივ ამოღებული უნდა იყოს, ხოლო თუ გაიყიდა - გამოთხოვილი იყოს მომხმარებლისგან.
  2. სურსათის წარდგენას (განთავსება, ფორმა, შეფუთვა), ეტიკეტს, რეკლამას მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს;

ამ მოთხოვნების შესრულების პასუხისმგებლობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ძირითად მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისობის უზრუნველყოფა პირველ რიგში ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესოპერატორების ვალდებულებაა. ეს ეხება სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის (რეალიზაციის) ყველა სტადიას - ყველა ამ საქმიანობაში მონაწილე ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან სურსათის უვნებლობის და მომხმარებლისთვის ადეკვატური წარდგენის მოთხოვნები. თუ ბიზნესოპერატორი აღმოაჩენს, რომ მავნე სურსათი მოხვდა ბაზარზე ან უკვე გაიყიდა კიდეც, მან დაუყოვნებლივ, თავისი საქმიანობის ფარგლებში, უნდა მოახდინოს ამ სურსათის ბაზრიდან ამოღების და მომხმარებლებისგან გამოთხოვის ინიცირება.

    გარდა ამისა, პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილების და მავნე სურსათის ბაზრიდან დროულად და ეფექტურად ამოღებისთვის ბიზნესოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ სურსათის და მისი კომპონენტების წარმომავლობის მიკვლევადობა. ამისათვის სურსათის ბიზნესში მონაწილე ყველა ოპერატორს უნდა შეეძლოს იმ ბიზნესოპერატორების იდენტიფიცირება,  ა) ვისგანაც შეიძინა და ბ) რომელსაც მიაწოდა სურსათი ან მისი ცალკეული კომპონენტი და ეს ინფორმაცია მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს.

  2. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის კანონის მოთხოვნების შესრულება სურსათის სფეროში მომუშავე ყველა ბიზნეს-ოპერატორის მიერ. ამისთვის მას დანერგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო კონტროლის (ინსპექტირების) სისტემა, მონიტორინგი, ზედამხედველობა და ადეკვატური (ეფექტური, პროპორციული) სანქციები მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

უფრო დეტალურად 178/2002 რეგულაციის შინაარსი და წინაისტორია იხილეთ ამ სტატიაში

ჩვენი სხვა პუბლიკაციები ევროკავშირში სურსათის რეგულირების თემაზე:

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.




print version
10:08:05 2013-09-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge