ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
ჩატარდა განხილვა თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოში

2009 წლის 16 დეკემბერს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოში გაიმართა კარაქის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საკითხის განხილვა.განხილვაში აგრეთვე მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები:

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მიმართა სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე);
  • სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სააგენტო;
  • ეკონომიკის სამინისტრო;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

განხილვა ატარებდა საკმაოდ ცხარე დებატების ხასიათს. ძირითადი საკითხები, რომელზეც მიმდინარეობდა კამათი შემდეგი იყო:

  1. აუცილებელია თუ არა მეწარმისთვის სტანდარტის ქონა საქართველოში კარაქის წარმოების ან გაყიდვისთვის? კანონმდებლობა ამ მხრივ ბუნდოვანია: ერთის მხრივ, სტანდარტები სავალდებულო არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, სასურსათო პროდუქტზე უნდა იყოს მითითებული სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის დასახელება, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი. გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ასეთ ტექნიკურ  რეგლამენტად ნებისმიერი სასურსათო პროდუქტისთვის გამოდგება სანიტარული ნორმები. გამოითქვა აგრეთვე კონტრარგუმენტი იმის თაობაზე, რომ ასეთ შემთხვევაში არაფერი იცავს ბაზარს იმისგან, რომ მაგალითად პური "კარაქის' დასახელებით გაიყიდოს. საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე მხარეთა შორის მიღწეული ვერ იქნა. თუმცა ყველა მხარე დათანხმდა იმაზე, რომ ეს ბუნდოვანი მდგომარეობა დროებითია და იგი აღმოიფხვრება, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს და დაამტკიცებს კონკრეტული ტიპის სასურსათო პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი საქმიანობა სამინისტროში დაგეგმილია.
  2. კრძალავს თუ არა "კოდექს ალიმენტარიუსი" სიტყვა "კარაქის" გამოყენებას მცენარეული პროდუქტების დასახელებაში? განხილული იქნა კოდექს ალიმენტარიუსის სხვადასხვა სტანდარტები. ისინი ერთის მხრივ კრძალავენ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტებისთვის დასახელება "კარაქის" გამოყენებას, მეორეს მხრივ კი იყენებენ სიტყვა "კარაქს" როგორც მცენარეული პროდუქტის დასახელების შემადგენელ ნაწილს (მაგალითად, არსებობს კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტი "კაკაოს კარაქი" პროდუქტისთვის, რომელიც მთლიანად მცენარეული (კაკაოს) ცხიმისგან შედგება). მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოშიც დაშვებული უნდა იყოს სიტყვა "კარაქის" გამოყენება პროდუქტის დასახელების შემადგენელ ნაწილად. 
  3. უნდა შეესაბამებოდეს თუ არა მეწარმე სუბიექტის სტანდარტები ეროვნულ სტანდარტს? მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა არაფერს ადგენს, მხარეები დაეთანხმნენ იმას, რომ შესაბამისი ტექნიკური პირობების არარსებობისას მეწარმე სუბიექტის სტანდარტის შეფასების ერთ-ერთ რეალურ კრიტერიუმს ეროვნული სტანდარტი წარმოადგენს. ანუ მეწარმე სუბიექტების სტანდარტი "კარაქი" უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტს "კარაქი".
  4. შესაძლებელია თუ არა მეწარმეს დაუმტკიცდეს სტანდარტი ისეთ პროდუქტზე, რომელზეც არ არსებობს არც ეროვნული და არც საერთაშორისო სტანდარტი? მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონმდებლობა დღესდღეობით არ კრძალავს ასეთი სტანდარტების დემტკიცებას (რეგისტრაციას). შესაბამისად, კანონიერია მეწარმეებისთვის სტანდარტების რეგისტრაცია პროდუქტზე "კომბინირებული კარაქი" (ასეთი პროდუქტი არც ეროვნული და არც საერთაშორისო სტანდარტებით არ რეგულირდება).
  5. შესაძლებელია თუ არა ერთი დოკუმენტით დამტკიცდეს სტანდარტი ორი სხვადასხვა პროდუქტისთვის? (ამ შემთხვევაში ლაპარაკია პროდუქტებზე "კარაქი" და "კომბინირებული კარაქი"). მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთ შესაძლებლობას.
  6. წარმოადგენს თუ არა მეწარმე სუბიექტის სტანდარტი ეროვნულ სტანდარტს და შესაბამისად, უნდა ეცნობოს თუ არა ამ სტანდარტების შინაარსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საინფორმაციო ცენტრს?სტანდარტიზაციის სამინისტროს აზრით მეწარმე სუბიექტის სტანდარტები ეროვნული სტანდარტის ტოლფასი არაა (არგუმენტი იყო ის, რომ ერთსა და იმავე პროდუქტზე შეიძლება არსებობდეს მეწარმე სუბიექტის რამოდენიმე ათეული სტანდარტი, ეროვნული სტანდარტი კი მხოლოდ ერთი უნდა იყოს). ამიტომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ინფორმირება ამ სტანდარტებზე სავალდებულო არ არის. სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.
  7. რამდენად მკაფიოა მეწარმე სუბიექტების სტანდარტების ტექსტებში გამიჯვნა კარაქის და "კომბინირებული კარაქის" შემადგენლობას შორის? განხილული იქნა კონკრეტული სტანდარტების ტექსტები, რომლებშიც აშკარა იყო ორაზროვნება. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომარასამთავრობო ორგანიზაცია ცამოაყალიბებს კონკრეტულ პრეტენზიებს თითოეული მეწარმე სუბიექტის სტანდარტის ტექსტისადმი და სტანდარტიზაციის სააგენტო უზრუნველყოფს მათ გათვალისწინებას. გარდა ამისა, ყველა მეწარმე სუბიექტის სტანდარტს დაემატება ტექსტი, რომელშიც განმარტებული იქნება, რომ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტზე აუცილებელია სრულად მიეთითოს მისი დასახელება "კომბინირებული კარაქი" (და არა "კარაქი"). აქვე აღინიშნა, რომ დასახელება "მცენარეული კარაქი" მიუღებელია, ვინაიდან ეროვნული სტანდარტის მიხედვით მთლიანად მცენარეული შემცველობის პროდუქტის დასახელება მარგარინია.
  8. არსებულ პირობებში, ზღუდავს თუ არა თავისუფალ კონკურენციას მეწარმე სუბიექტების კარაქის და კომბინირებული კარაქის ქართული სტანდარტები? მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი სტანდარტების ტექსტები სათანადოდ გასწორდება (იხ. ზემოთ), თავისუფალი კონკურენცია კარაქის, კომბინირებული კარაქის და მარგარინის ბაზარზე საქართველოში არ შეიზღუდება.

შეხვედრის ოფიციალური ოქმი.




print version
14:37:13 2010-01-12

კომენტარის დამატება

ქეთევან დადიანი   21:33:26 2009-12-17  უპასუხე   
ქალბატონო ლია, მთელი პრობლემა იმაშია, რომ კარაქი სხვადასხვა დასახელებისა და ასორტიმენტული შემადგენლობის პროდუქტია. მაგალითად კარაქი "ნაღების" -უნდა შეესაბამებოდეს "ნაღების" კარაქისთვის დადგენილ სტანდარტს, კარაქი "გლეხური" - კი მისთვის დადგენილ სტანდარტს და ა.შ. სხვაგვარად შეუძლებლია ექსპერტმა დაადგინოს მისი ფალსიფიკაცია და ხარისხი.
მართალი, დღეს საქართველოში მეცარმეებს შეუძლიათ გამუშვან ნებისმიერი ხარისხის პროდუქტი და შეიმუშავონ თავიანთი "მსტ", მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი შეიძლება იკოს "უხარისხო" და "შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი".
თავის დროზე, ევროპაც და ამერიკაც წააწყდა მსგავს პრობლემებს, მაგრამ მათ ძალიან სწრაფად შემიღეს ამ ჯგუფის პროდუქტების მეტად მკაცრი კლასიფიკაცია და ამით უშველეს პრობლემას.
კომბინირებული ცხიმები ევროპაში არ იწერება როგორც "butter", არამედ იგი არის - "mix" , "spread" და ა.შ. და არაქისის კარაქი ეს "არაქისის კარაქია" და არა კარაქი. . ამიტომ მომხმარებელმა იცის ტუ რას ყიდულობს და შეცდომაში არ შედის.
Codex Alimentarius –ის სტანდარტებში ძლიან კარგად არის განსაზღვრული, რომ თუ კომბინირებული ცხიმი შეიცავს 50%-ზე უფრო მეტ რძის ცხიმს მაშინ იგი არის რძიანნი-მცენარეული ცხიმი, ხოლო თუ 50%-ზე ნაკლებს, მაშინ მცენარეულ-რძიანი პროდუქტი. ანუ ეტიკეტზე პირველ სიტყვად მიდის ძირითადი კომპონენტის დასახელება, რაც მეტად საჭიროა იცოდეს მომხმარებელმა და იგი არ ტყუვდება.
მაგრამ დღეს საქართველოში, არსებული ქაოსური სიტუაციიდან გამომდინარე, მომხმარებელის მოტყუება (რომელიც ისედაც უცოდინარია) მეწარმეს ადვილად შეუძლია, რადგან არ არის განსაზღვრული სცორი ტერმინოლოგია, კოდირება თუ ნიშანდება. მაგრამ ვტყუვდებით ჩვენც, რომელთაც შესაძლოა ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე შეგვიძლია რაღაც გაგვეგებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის ნამდვილ კარაქს მაინც ვერ ვყიდულობდეთ.
პატივისცემით ქეთი დადიანი
ლია, CSRDG   12:16:11 2009-12-21  უპასუხე   
ქეთი, იქნებ მიგვითითოთ, კოდექს ალიმენტარიუსის რომელ სტანდარტშია ეგ დებულებები (50% მცენარეულ ცხიმზე მეტი და მაკლები შემცვლები პროდუქტის სხვადასხვა დასახელებას ვგულისხმობ)? ვერ ვპოულობ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge