ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

შოკოლადი სრესილი კაკაოს მარცვლებისა და შაქრისგან მომზადებული ტკბილი მასაა. მასში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი არა მარტო შაქარს, არამედ ცხიმებსაც (კაკაოს ზეთს) შეიცავს - ამიტომ შოკოლადი არა მხოლოდ ”სწრაფი” არამედ ”გრძელვადიანი” ენერგიის წყაროა. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ნახშირწყლებს, მიკრო და მაკროელემენტებს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოფეინი და თეობრომინი. შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებენ ადამიანს, ზრდიან მის შრომისუნარიანობას, ხსნიან დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს, აუმჯობესებს მახსოვრობას, დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თეობრომინი საწამლავია ცხოველებისთვის და აღნიშნულია ამ ნივთიერებით მოხუცი ადამიანების მოწამვლის შემთხვევებიც. ამიტომ შოკოლადის მოხმარებისას ჯობს ზომიერება დაიცვათ - 25-50 გრამი დღეში ნამდვილად უსაფრთხო დოზაა.

შოკოლადის შენახვის ვადა 16-21°C ტემპერატურაზე 1-დან 10 თვემდეა. ამაზე უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შოკოლადი ”ჭაღარავდება”: მაღალ ტემპერატურაზე დნება შოკოლადში შემავალი კაკაოს ზეთი, გამოდის ზედაპირზე და თეთრ ცხიმოვან დადებს (ნაფიფქს) წარმოქმნის; მაცივარში შოკოლადის შენახვისას კი შოკოლადში შემავალი შაქარი კრისტალდება, რაც შოკოლადის მთელ მასაში თეთრ წინწკლებად ჩანს. ”გაჭაღარავებული” შოკოლადი მავნე არ არის, უბრალოდ არასასიამოვნოა.

გაითვალისწინეთ: სასარგებლოა მხოლოდ ნამდვილი შოკოლადი. ამიტომ შოკოლადის შეძენისას კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. გაითვალისწინეთ:

  • ნამდვილია შოკოლადი, რომელიც დამზადებულია არა კაკაოს ფხვნილისგან (cocoa, cocoa powder, cacao, cocoa solids), არამედ უშუალოდ სრესილი კაკაოსგან (cocoa mass), რომელსაც თხევადი კონსისტენციის გამო ხშირად შოკოლადის ლიქიორსაც (chocolate liquor, cocoa liquor) უწოდებენ. შეეცადეთ ასეთი შოკოლადი შეიძინოთ.
  • ლეციტინის შემცველობა შოკოლადში საშიში არ არის - იგი უვნებელი ბუნებრივი ემულგატორია და შოკოლადის მასას მეტი ერთგვაროვნებისათვის და ტემპერატურისადმი მეტი მდგრადობისთვის ემატება.
  • შოკოლადი, რომელიც შეიცავს სოიოს, ან რამე ცხიმს კაკაოს ზეთის გარდა - დაბალი ხარისხის პროდუქტია. მის შეძენას არ გირჩევთ.

კაკაოს ფხვნილის ფალსიფიკაციის გავრცელებული მეთოდებია მისი ჩანაცვლება კაკაოს ფერის მქონე შემდეგი პროდუქტებით:

  • კაკაოს მარცვლების გადამუშავების ნარჩენით, ე.წ. კაკაო-ველას ფხვნილით. კაკაო-ველა წარმოადგენს კაკაოს მარცვლების ნაჭუჭს. ხშირად მას ბაღის ბილიკების მოსაკირწლად ან სასუქად იყენებენ. თუმცა არ არის გამორიცხული მისი ფხვნილის დამატება კაკაოში, იაფფასიანი შოკოლადის ან მინანქრის მისაღებად. ჯანმრთელობისთვის მავნე ეს ფხვნილი არ არის.
  • ტროპიკული მცენარის კერატის ხის (Cepatonia siliqua) ლობიოსმაგვარი ნაყოფის ფხვნილით - კერობით. არც ეს ფხვნილი არის მავნე, ის მოტკბოა, არ შეიცავს კოფეინს და თეობრომინს, საკმაოდ დიდი ოდენობით (8%) შეიცავს ცილებს, აგრევე შეიცავს ვიტამინებს, მიკრო და მაკრო-ელემენტებს. ამიტომ ბავშვთა და დიეტურ კვებაში კაკაოს ჩანაცვლება კერატით რეკომენდებულიც კი არის. თუმცა, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული.



print version
18:11:43 2013-05-15

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge