ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

ალბათ მოგიკრავთ ყური, რომ არსებობს რაღაც ძალიან მავნე ნივთიერებები, რომლებსაც ტრანს-ცხიმები ეწოდება და რომლის შემცველ პროდუქტებსაც ზოგი ქვეყანა კრძალავს. აქ შევეცდებით ავხსნათ, რას წარმოადგენენ ეს ტრანსცხიმები და რატომაა ისინი მავნე.

ზოგადად ცხიმები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმში. ყველამ ვიცით, რომ ცხიმი ენერგიის წყაროა. მაგრამ ხშირად გვავიწყდება ცხიმების გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია - ცხიმები (უფრო ზუსტად - ლიპიდები) წარმოადგენენ ცოცხალი უჯრედის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტის - ბიოლოგიური მემბრანების შემადგენელ ნაწილს. ბიოლოგიური მემბრანები ფაქტობრივად თავისებური ცხიმოვანი აფსკებია, რომელიც უჯრედს არა მხოლოდ გარედან ეკვრის, არმედ ყველა მისი ფუნქციონალური ორგანოს გამომყოფ და ხშირად საყრდენ მასალას წარმოადგენს. 

მოკლედ, სიღრმეებში რომ არ ჩავძვრეთ, დაგვიჯერეთ - ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის უჯრედის მემბრანების სიჯანსაღე ძალზე მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, და მათ შორისაა იმ ცხიმების ბუნება, რომლითაც აგებულია მემბრანა. ცხიმების ბუნებას კი ძირითადად მისი შემადგენელი ცხიმოვანი მჟავები განაპირობებენ.

ეხლა ცოტა ქიმია: ცხიმოვანი მჟავები გრძელი მოლეკულებია, მჟავური ”თავით” (ქვემოთ სურათზე წითლად) და გრძელი, ცხიმოვანი ”კუდით”, რომელიც ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისგან შედგება.

ნაჯერი ცხიმოვანი მჟავის სქემატური გამოსახულება  ნაჯერი ცხიმოვანი მჟავის 3D-მოდელი

ცხიმოვანი მჟავები არის ორი ტიპის: ნაჯერი - სწორედ იგი არის ნაჩვენები ზედა სურათზე, და უჯერი, ანუ ასეთი, ”მოღუნული” მოლეკულა:

უჯერი ცხიმოვანი მჟავის (ცის-იზომერი) 3D-მოდელი

უჯრედის მემბრანის ასაგებად ცალკე აღებული არც ერთი ტიპის ცხიმოვანი მჟავა არ ვარგა. მხოლოდ ნაჯერი ცხიმებისგან შემდგარი მემბრანა ჭრილში ასე გამოიყურება:

მხოლოდ უჯერი ცხიმებისგან შემდგარი კი ასე:

არც ერთი ეს სტრუქტურა რეალური ცოცხალი უჯრედის მემბრანისთვის არ ვარგა - ერთი ძალიან მჭიდრო და მაგარია, მეორე - ზედმეტად ფუყურო და დენადი. რეალური უჯრედის მემბრანა მკვრივი, მაგრამ მოქნილი უნდა იყოს, რაც ცხიმოვანი მჟავების ნაჯერი (სწორხაზოვანი) და უჯერი (მოღუნული) ვერსიების კომბინირებით მიიღწევა. ყველა ცოცხალ უჯრედს აქვს მექანიზმი მემბრანაში ამ ორი ტიპის ცხიმების თანაფარდობის ცვლით მემბრანის სიმკვრივის და მოქნილობის რეგულირებისათვის.

მოკლედ, შევთანხმდეთ: იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, გვჭირდება ორივე ტიპის ცხიმები: ნაჯერიც და უჯერიც. საიდან ვიღებთ მათ? ნაჯერი (სწორხაზოვანი) ცხიმების წარმოება ჩვენ ორგანიზმსაც შეუძლია. მაგრამ აი მოღუნული (უჯერი) ცხიმოვანი მჟავების ნაწილი კი ჩვენს ორგანიზმში არ სინთეზირდება. მათ შეუცვლად ანუ ესენციალურ ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ და ისინი მხოლოდ მცენარეებში წარმოქმნება - ყველა ცხოველური ორგანიზმი მათ მცენარეებისგან იღებს. მაგალითად მზესუმზირის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების 90% სწორედ ასეთი, ”მოღუნული”, უჯერი ცხიმებია. ყველა ბუნებრივი ცხოველური ცხიმი აგრეთვე შეიცავს უჯერ ცხიმებს - კარაქში მათი შემცველობა 33%-ია, თევზის ქონში - 48-90%, ღორის ქონში - 64% -მდე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ადამიანისთვის ბუნებრივი ცხიმების შემცველი საკვების მიღება.

თუ ნორმალური, ბუნებრივი საკვებით ვიკვებებით, ზემოთ აღწერილი ორივე ტიპის ცხიმებს საკმარისად ვიღებთ და ჩვენი უჯრედებიც ჯანსაღადაა. პრობლემები იწყება იქ, სადაც ამ ბუნებრივი პროდუქტების თერმული და ქიმიური დამუშავება ხდება.

შეგიმჩნევიათ, რომ ყოველი გაცხელების შემდეგ მცენარეული ზეთი სქელდება? არა, ეს წყლის აორთქლების გამო არ ხდება (ზეთი არ შეიცავს წყალს). გასქელების ერთ-ერთი მიზეზი არის იმ ”მოღუნული” ბუნებრივი უჯერი ცხიმების ფორმის შეცვლა, ”გადაგრეხვა”. წარმოიქმნება ასეთი, თითქმის სწორხაზოვანი ფორმის მოლეკულა:

 

და სწორედ ეს არის ის ყბადაღებული ტრანს-ცხიმი. ეს არის მახინჯი, არაბუნებრივი მოლეკულა, რომელიც შემადგენლობით უჯერი ცხიმია, ფორმით კი _ (თითქმის) ნაჯერი. ზეთის გასქელების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ასეთი მოლეკულები უფრო მკვრივად ეკვრიან ერთმანეთს, ვიდრე ბუნებრივი, ”მოღუნული” მოლეკულები.

რა შედეგებს იწვევს ასეთი მოლეკულების ორგანიზმში მოხვედრა, ჯერ სრულად გამოკვლეული არ არის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მახინჯი მოლეკულა არღვევს უჯრედის მემბრანის მოქნილობის რეგულირების მექანიზმს, რომელიც თავის მხრივ ბევრი დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ტრანს-ცხიმები ამცირებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, ზრდიან დიაბეტის, უნაყოფობის, დეპრესიების, ალცჰეიმერისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სიტუაცია მძიმდება იმით, რომ ვინაიდან ეს მოლეკულები არაბუნებრივი წარმოშობისაა, ორგანიზმს არ გააჩნია მათი ძირითადი ნაწილის გამოვლენის, დაშლის ან ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.

დადგენილია, რომ ტრანს-ცხიმები აქვეითებენ ე.წ.“კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდიან ე.წ. „ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობას, რისი შედეგიცაა ათეროსკლეროზი და გულის კორონარული უკმარისობა.  შეფასებულია, რომ საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.

2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანს-ცხიმების შემცველი პროდუქტები. რიგ ქვეყნებში (მაგალითად დანია) ტრანს-ცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა უკვე აიკრძალა, სხვებში შეიზღუდა (მაგალითად, არგენტინასა და ბრაზილიაში დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში, რუსეთში - 8%) ან დაწესდა ეტიკეტზე მითითების ვალდებულება (აშშ). ევროკავშირში ერთიანი პოზიციის და საკანონმდებლო ცვლილების მომზადება 2014 წლისთვის არის დაგეგმილი. საქართველოში ტრანს-ცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა დღესდღეობით საერთოდ არ რეგულირდება.

რომელი საკვები შეიცავს ტრანს-ცხიმებს? მარგარინები, სპრედები და მათი გამოყენებით დამზადებული პროდუქტები. მარგარინი არის ქიმიურად დამუშავებული მცენარეული ზეთი. დამუშავების მიზანი არის ცხიმის თხევადიდან მყარ (უფრო სწორედ კარაქის-მაგვარ) ფორმაში გადაყვანა. ამისთვის კი უჯერი ცხიმები ქიმიურად უნდა გარდაიქმნას ნაჯერ ცხიმებად - ყოველ უჯერ ბმაზე ცხიმის მოლეკულას ორი წყალბადის ატომი უნდა დაემატოს (ამ პროცესს ჰქვია ჰიდროგენიზაცია). ეს პროცესი, თუკი ბოლომდე და სრულად განხორციელდა (ანუ ყველა უჯერი მოლეკულა თუ ნაჯერად გარდაიქმნა), საშიშ ნივთიერებებს არ წარმოქმნის. მაგრამ, როგორც ადრე ვთქვით, მარტო ნაჯერი ცხიმებისგან შემდგარი მასა მაგარი და უხეშია (საცხისებური მასაა). იმისთვის, რომ ეს მასა კარაქივით რბილი გამოვიდეს, საჭიროა მასში ზეთის შეზელვა. თუმცა უფრო იაფია ჰიდროგენიზაციის პროცესის „შუა გზაზე“ შეჩერება, როცა უჯერი ცხიმების მხოლოდ ნაწილია ნაჯერ ფორმაში გადასული, და ცხიმის მასა ჯერ არ გაუხეშებულა. მეწარმეთა უმრავლესობა სწორედ ასეთ, არასრული ჰიდროგენიზაციის პროცესს იყენებს მარგარინის მისაღებად. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი პროცესის შედეგად ცხიმის მასაში დარჩენილი უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაწილი (ტემპერატურისა და კატალიზატორის ზემოქმედებით) „გადაიგრიხება“, ანუ ტრანს-ცხიმებად იქცევა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, თუ რამდენად მავნეა ტრანს-ცხიმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რიგმა მეწარმეებმა შეცვალეს ტექნოლოგია და უსაფრთხო მარგარინების წარმოებაზე გადავიდნენ (სრული ჰიდროგენიზაცია+ წარმოქმნილ მასაში ზეთის შეთქვეფა-ჰომოგენიზირება ). თუმცა ასეთი პროცესით მიღებული მარგარინი და სპრედი უფრო ძვირია. იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტში შემავალი ტრანს-ცხიმების შესახებ ინფორმაციის ეტიკეტზე დატანა სავალდებულო არ არის (როგორც ეს საქართველოშია), ასეთი უვნებელი მარგარინი უფრო იაფიანი პროცესის შედეგად მიღებულ მავნე, ტრანს-ცხიმების შემცველ მარგარინს კონკურენციას ვერ უწევს - მომხმარებელი ხომ უბრალოდ ვერ არჩევს მათ ერთმანეთისგან!

სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ქართველ მომხმარებლებს დავხმარებოდით იმის გარკვევაში, რა რაოდენობის ტრანს-ცხიმებს შეიცავს ის მარგარინები და სპრედები, რომელიც საქართველოში იყიდება. შედეგები იხილეთ ამ სტატიაში.




print version
17:23:37 2012-06-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge