ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
თუ საქონელი ნაკლიანი აღმოჩნდა
რჩევები, კანონმდებლობა,

2012 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა მომხმარებელთა დაცვის კანონი გააუქმა. ამით მომხმარებელთა უფლებები საქონლის დაბრუნებასთან ან გამოცვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა. განსაკუთრებით ეს ეხება უნაკლო საქონელს, რომელიც მომხმარებელს სურს იმავე ტიპის, მაგრამ სხვა ზომის ან ფერის საქონელში გადაცვალოს - ასეთი ზოგადი უფლება საქართველოში მომხმარებელს აღარ აქვს. ასე რომ, საქონლის შეძენისას ყოველთვის წინასწარ შეათანხმეთ მისი გამოცვლის ან დაბრუნების პირობები!

თუმცა ნაკლიანი საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული რიგი უფლებები ქართველ მომხმარებელს კვლავ გააჩნია. ამ უფლებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს.

კერძოდ, თუ თქვენს მიერ შეძენილი საქონელი ნაკლიანი აღმოჩნდა, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გამყიდველს (მაღაზიას) მოსთხოვოთ:

  • ამ ნაკლის გამოსწორება, ან
  • (თუ საქონელი ე.წ. გვაროვნულ ნივთს წარმოადგენს) მსგავსი უნაკლო საქონლით შეცვლა, ან
  • საქონლის უკან მიღება და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ;
  • საქონლის ფასის შემცირება ან შეკეთებისათვის საჭირო დანახარჯების ანაზღაურება.

ეს თქვენი მოთხოვნები მაღაზიამ უნდა დააკმაყოფილოს დროულად, იმ ვადაში, რაც შესაბამის საქმიანობებს ობიექტურად ესაჭიროება.

თუ თქვენს მიერ შეძენილი საქონლის გადაზიდვა  სატრანსპორტო ხარჯებთან არის დაკავშირებული, ნაკლის გამო მის შესაკეთებლად, გამოსაცვლელად  ან დასაბრუნებლად გადაზიდვის ხარჯები იმ სავაჭრო პუნქტმა უნდა გაიღოს, რომელმაც მოგყიდათ ნაკლიანი საქონელი. თუ იგი ამაზე უარს ამბობს, შეგიძლიათ განახორციელოთ ეს გადაზიდვა თქვენი ხარჯებით და შემდეგ სასამართლოს ძალით მოითხოვოთ მაღაზიისგან თქვენს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება

მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს საქონლის ”ნაკლი” - ეს ნიშნავს რომ საქონელი არ არის გამოსადეგი იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი თქვენ შეიძინეთ, ან რისთვისაც ამ ტიპის საქონელს ზოგადად იძენენ. საქონლის დაბალი ხარისხი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი ნაკლიანია. თუ თქვენ, საქონლის შეძენამდე, გამყიდველმა გაგაფრთხილათ მისი დაბალი ხარისხის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ საქონელი შეიძლება მოსალოდნელზე მალე გაფუჭდეს, და თქვენ მაინც შეიძინეთ ეს ნივთი _ ეს ნიშნავს, რომ თქვენ იცოდით ნივთის ნაკლის შესახებ და თქვენთვის ეს მისაღები იყო. ამიტომ ამ შემთხვევაში ამ ნაკლის გამო ნივთის დაბრუნებას ან გამოცვლას ვეღარ მოითხოვთ.

ბუნებრივია, შეძენილი ნივთის გამოცვლის ან დაბრუნების უფლება მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუკი ნივთის ნაკლი თქვენი ბრალი არ არის, ანუ ნივთი თქვენ არ დაგიზიანებიათ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მოგიწიოთ იმის მტკიცება, რომ ნივთის შენახვის ან მოხმარების პირობები არ დაგირღვევიათ. აგრეთვე ვერ დააბრუნებთ ან გამოცვლით ნივთს, რომლის ნაკლი შენახვის ან მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა.

თუ საქონლის წუნის აღმოჩენის მომენტიდან სამი წლის განმავლობაში თქვენ მაღაზიას პრეტენზია არ წარუდგინეთ, ამ ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გამოცვლას ან დაბრუნებას ვეღარ მოითხოვთ

გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ხშირად, საქონლის საგარანტიო მომსახურება მაღაზიას სხვა ფირმისთვის აქვს დაკისრებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია მომხმარებელთა უკმაყოფილება ამ ფირმებით. ამიტომ, დაბეჯითებით გირჩევთ:

  • საქონლის შეძენამდე წინასწას გაარკვიეთ, რომელი ფირმა უზრუნველყოფს ამ საქონლის საგარანტიო მომსახურებას. ”დაგუგლეთ” ფირმის სახელწოდება ინტერნეტში და გაეცანით მომხმარებელების აზრს ამ ფირმის სანდოობის და მომსახურების ხარისხის შესახებ. 
  • დეტალურად გაეცანით საგარანტიო ხელშეკრულების პირობებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც საგარანტიო ტალონში გაწერილია იმაზე უარესი პირობები, ვიდრე კანონი ითვალისწინებს. მაგალითად, მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ამ საგარანტიო ტალონში ნაკლიანი ნივთის უკან დაბრუნება იკრძალება და ნივთის ტრანსპორტირების ხარჯები მომხმარებელს ეკისრება - თუმცა კანონით, მომხმარებელს ყოველთვის აქვს ნაკლიანი ნივთის უკან დაბრუნების უფლება და ასეთი ნივთის შეკეთების მიზნით ტრანსპორტირების ხარჯი არა მყიდველმა, არამედ გამყიდველმა უნდა გაიღოს.

და ბოლოს: იმის გამო, რომ კანონი ითვალისწინებს გამყიდველი იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ნაკლის მქონე საქონლის გამო, აუცლებლად შეინახეთ საქონლის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ქვითარი, ჩეკი, ზედნადები) - ამ დოკუმენტებზე მითითებული ინფორმაცია პასუხისმგებელი იურიდიული პირის უტყუარი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მან უარყოს თქვენთვის საქონლის მოყიდვის ფაქტი.




print version
21:52:11 2013-04-26

კომენტარის დამატება

maka   21:10:57 2016-10-26  უპასუხე   
გამომრცჰა ამ სჰესანისჰნავი მაგაზიის დასახელება , GB მარტინი, მდებარეობს პეკინის და მიცკევიცჰის ქუცჰების გადაკვეტაზე

maka   21:06:40 2016-10-26  უპასუხე   
გამარჯობა, გტხოვტ მიპასუხოტ , 6 ოქტომბერს სჰევიდზინე ფეხსაცმელი, გადავიხადე 261 ლარი, სიტკვიერად დამიდასტურეს, რომ იკო კარგი ხარისხის პროდუქცია, მაგრამ რამდენიმე ცჰაცმის სჰემდეგ გაფუცჰდა, მაქვს ქვიტარი, მივიტანე, უარი მიტხრეს კველაფერზე, როგორ მოვიქცე, ხელსჰეკრულებას არავინ დებს ასეტი სახის პროდუქციის სჰედზენაზე და პასუხი როგორ მოვტხოვოტ, ხომ უნდა იკოს ვიგაც პასუხისმგებელი უხარისხო პროდუქტის გაკიდვის გამო
თამარ, CSRDG   09:51:41 2016-10-31  უპასუხე   
მაკა ტელეფონზე გელაპარაკეთ და აგიხსენით რისი გაკეთება შეგიძლიათ

სნ   21:27:52 2015-11-10  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებს შეუძლია თუ არა მყიდველს დააბრუნოს უკან უნაკლო ნივთი, რომელიც შეძენის შემდეგ სახლში აღარ მოეწონა. არსებობს თუ არა კანონი, რომელიც გამყიდველს ავალდებულებს უნაკლო ნივთის უკან დაბრუნებას?
თამარ, CSRDG   12:59:37 2015-11-11  უპასუხე   
არა, ასეთი კანონი ჯერ არ არსებობს

nino   22:38:56 2015-06-29  უპასუხე   
მოგესალმებით, გუშIნ მაგაზია ბალდში შევიძინე სანდლები, დგეს მეცვა და ექვს ადგილას აქვს გადატეხილი ძირი. რისი მოთხოვნის უპლება მაქვს ვერ დამეხმარებით??
თამარ, CSRDG   12:16:28 2015-07-01  უპასუხე   
ნინო ვინაიდან დღეს საქართველოში არ არსებობს კანონი მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მაღაზიებს აქვთ უფლება თვითონ განსაზღვრონ დაბრუნება/შეცვლის პროცედურა უნაკლო პროდუქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაკლიან პროდუქციას - ასეტ შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაცვალოს მაინც პროდუქტი ახალში თუ მყიდველს ექნება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ჩეკი. იმისათვის რომ რაიმე გირჩიოთ ჩვენს იურისტს სწირდება შემდეგი ინფორმაცია: მაღაზიის გაყიდვის პირობები, მინიმალური ინფორმაცია და დაბრუნება/შეცვლის წესები როგორია მაღზიაში. ამასთანავე, ამ ყველაფრის და შეძენის დოკუმენტები უნდა არსებობდეს.

თეა   15:28:38 2014-11-28  უპასუხე   
მოგესალმებით,
ორი კვირის წინ მაღაზია "ელექტრონიკაში" შევიძინე მაცივარი Hotpoint-Ariston, სახლში როცა მოიტანეს და შეფუთვა მოვხსენით, მაცივრის კარებს ეტყობოდა ლაქები. რომელიც სავარაუდოდ ცუდად გამშრალ მასალაზე გადაკრული ცელოფნის შედეგია. დავრეკეთ მაღაზიაში, მათ გადამამისამართეს სერვისში, არცერთს არ გაკვირვებია ამ ლაქების არსებობა, თუმცა გამოცვლაზე უარზე არიან, მეუბნებიან რომ თავისიდ გაივლის, ხან 2 დღეში, ხან ერთ კვირაში, ახლა უკვე 2 კვირა გავიდა და არაფერი შეცვლილა (ან როგორ შეიცვლებოდა), მირჩიეთ როგორ მოვიქცე, როგორც ვიცი, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
თამარ, CSRDG   16:01:30 2014-12-01  უპასუხე   
თეა არეკეთ ნომერზე 2424440 და უფასოდ მოგემსახურებიან იურისტები. უთხრაით რომ მომხარებელი.ჯი-ზე მოგცეს მათი ნომერი

lali   10:47:09 2013-07-01  უპასუხე   
გამარჯობათ,
08.04.2013-ს მაღაზია „კომპი შოპ“-ში, საბურთალოს ქუჩაზე 59 ლარად შევიძინე WiFi-ის აპარატი-როუტერი( მოდელი TP-Link TL-W841N), რომელიც გამოიყენება ინტერნეტის უსადენო მოხმარებისთვის. აპარატის შერჩევა მოხდა „კავკასუს ონლაინის“ პროფესიონალი თანამშრომლის რჩევით და დამონტაჟებაც მის მიერ მოხდა. აპარატს 6 თვიანი გარანტია ჰქონდა. ნივთის ყიდვის დროს მოვითხოვე საგარანტიო ფურცელი, მაგრამ მაღაზიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საგარანტიო მტკიცებულება არის ნივთის ყიდვის ჩეკი.
3,5 თვეში ინტერნეტი გამეთიშა. რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოვიძახე „კავკასუს ონლაინ“-იდან ტექნიკოსი, რომელმაც დაადგინა, რომ WiFi-ის აპარატი იყო დაზიანებული. რადგან აპარატს გარანტიის ვადა ჯერ გასული არ ჰქონდა, მივიტანე მაღაზიაში. მაღაზიამ ჩაიბარა და გადააგზავნა თავისსავე სერვის ცენტრში.მეორე დღესვე დამირეკეს და მაცნობეს,რომ აპარატი გაკეთებას არ ექვემდებარებოდა, რადგან განზრახ იყო დაზიანებული და ამიტომ აპარატი საგარანტიო ვადიდან მოხსნეს. ასეთი ახსნა-განმარტების გამო, ვთხოვე და „კავკასუს-ონლინის“ ტექნიკოსი წამყვა მაღაზიის სერვის ცენტრში,რათა კითხვებზე პროფესიონალურ ენაზე გაგვეცა პასუხი. სერვის ცენტრის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ ან მე ან ვინმე სხვა პირმა განზრახ დააზიანა აპარატი, კერძოთ კი მასში ჩავწერეთ რაღაც უცხო პროგრამა, რომელიც განსხვავებულია ქარხნული პროგრმაისაგან და ამიტომ აპარატი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. რა თქმა უნდა ასეთი მტკიცება აბსურდულია, რადგან გასაგებია, რომ მე ასეთი კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ აპარატში რაიმე პროგრამა ჩავწერო . ნივთის ახლით შეცვლაზე უარი მითხრეს.
ამჯერად მოვითხოვე ფირმის საგარანტიო მომსახურების წესდება, რომელშიც გარკვევით წერია ასეთი პუნქტი:
„საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო ან აუცილებელ შეკეთებას )ან ანალოგიური/მსგავსი ნივთით შეცვლას, შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) .“
მიუხედავად ასეთი პუნქტის არსებობისა ნივთი მაინც არ გამომიცვალეს.
გთხოთ,მირჩიოთ როგორ მოვიქცე.
წინასწარ დიდი მადლობა.
ლია, CSRDG   12:37:37 2013-07-01  უპასუხე   
ლალი, office@csrdg.ge-ზე მოგვწერეთ თქვენი ტელეფონი და იურისტი დაგირეკავთ

nata   14:17:59 2013-05-10  უპასუხე   
ძალაინ გთხოვთ შეამოწმოთ მეტრო,,სამგორის,, პურის საცხობი რომელიც მეტროს თვაზეა კეხეთის გზატკეცილზე. ცხვება უვარგისი პურ/ფუნთუშეული წინაწარ დიდი მადლობა
თამარ, CSRDG   16:20:02 2013-05-10  უპასუხე   
ნატა სამწუხაროდ ჩვენ საცხობს ვერ შევამოწმებთ. არავინ შეგვიშვებს საცხობში შესამოწმებლად ვინაიდან არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო. ეს საკითხი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. მათი საკონტაქო ნომერია 2919167

ნინი   16:49:18 2013-01-26  უპასუხე   
პს გალანტში, ავეჯის სახლი საბა, მაღაზია 7. შევიძინე პოლონური სამზარეულო 20 დეკემბერს.მოტანა და მონტაჟი მოხდა3 დღის შემდეგ, დიდი ნერვიულობის ფასად, რაშიც 70 ლარი დამატებით გადავიხადე და არანაირი ჩეკი არ მომცეს. სამზარეულო 755 ლარი დამიჯდა, ამის ჩეკი მაქვს. წინასაახალწლოდ რაიონში წავედით და 15 იანვარს ჩამოვედით. უკვე ერთი უჯრა და ორი კარი არ იკეტება წესიერად, საწყობის გამგის ნომერი მომცეს, ვრეკავ მაგრამ უშედეგოდ არავინ მოდის. რისი უფლება მაქვს და ვის მოვმართო, მირჩიეთ რამე , წინასწარ მადლობა.
ლია, CSRDG   12:17:01 2013-01-28  უპასუხე   
ნინი, ვინ განახორციელა მონტაჟი, რომელმა იურიდიულმა პირმა? იგივე მაღაზიამ თუ ცალკე იქირავეთ ვინმე?

NatiaZ   11:34:20 2012-11-28  უპასუხე   
მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხართ დაკავებული და მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდით.
აღნიშნული კანონის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ ჩემს უფლებებს ვერ ვიცავდი, ისეთ შემთხვევებში, როდესაც აშკარად მჭირდებოდა დაცვა.

კარგად მახსოვს ერთი საშინელი შემთხვევა, როდესაც პეკინის ქ.ზე ერთ-ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში (დღეს ეს მაღაზია აღარ არსებობს და არც მიკვირს, რომ დაიხურა)შევიძინე ფეხსაცმელი. სახლში რომ მივიტანე, აღმოჩნდა რომ ყუთში იდო ერთი ფეხსაცმელი 40 ზომა, მეორე კი 37 ზომა და ორივე მარჯვენა ფეხის. ძალიან შეშფოთებული დავბრუნდი მაღაზიაში, რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა და მოვითხოვე ფეხსაცმლის უკან დაბრუნება. მაღაზიის კონსულტანტებმა ჯერ სიცილი ატეხეს აღნიშნულ ფაქტზე (ფაქტი მართლაც კურიოზულია) და შემდეგ კატეგორიული უარი განაცხადეს როგორც თანხის უკან დაბრუნებაზე, ისე მენეჯერთან დაკავშირებაზე და აღშფოთებულები განაცხადებდნენ, რომ ვერ გაეგოთ, რატომ მოვითხოვდი ფულის დაბრუნებას და რატომ არ მსურდა ფეხსაცმლის გადაცვლა. მოკლედ, ჩემი გაღიზიანება, გაბრაზება და ნერვიულობა ფეხებზე ეკიდათ. ე.წ. ინტრიგან კლიენტად შემრაცხეს და აქეთ დამადანაშაულეს, რომ ჩხუბი მსურდა და არ მსურდა პრობლემის მოგვარება.

ნამდვილად არ ვარ ინტრიგანი, მაგრამ მსგავს შემთხვევებს მწყობრიდან გამოვყავარ. რატომ არ შეიძლება ასეთ დროს გამყიდველმა უბრალოდ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი შეცდომა აღიაროს და მომხმარებელს თხოვოს, რომ საშუალება მისცეს შეცდომა გამოასწოროს. როგორც ევროპაში და ამერიკაში ხდება, ჩვენთან ოდნავ მიახლოებული მომსახურებაც კი არ შემხვედრია არასდროს. და ასეთი შემთხვევების შემდეგ კიდევ მომხმარებლის უკმეხი ხასიათის გამო პირიქით წუწუნებენ და რათქმაუნდა ყველაფერში მომხმარებელს ადანაშაულებენ

თამუნა   13:33:49 2012-08-23  უპასუხე   
მაინტერესებს თქვენ მხოლოდ თბილისის მაშტაბით მოქმედებთ? მაგალითად ქუთაისში თუ აღმოაჩინა მომხმარებელმა მაღაზიაში დარღვევა შეგეძლებათ იმ მაღაზიის შემოწმება?
ლია, CSRDG   14:01:13 2012-08-23  უპასუხე   
თამუნა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ რეგიონების დაფარვის შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ქსელის შექმნაზე...

nino   11:04:06 2012-06-06  უპასუხე   
თუ არ არტყავენსალაროს ჩეკს მაშინ რა ვქნათ? ჩვენთან ყველა მომხმარებლის მოტყუებაზეა განსაკუთრებით აღვნიშნავ ტექნოლუქსისა და ინტერტექნიკსის საგარანტიო სერვისს. გარანტიის ფურცლები გადაცემული აქვთ ინდმეწარმეებზე, რომლებიც საქონლის რეალიზაციისას არ არტყავენ ჩეკს, საგარანტიო სერვისს რომ ითხოვ ჩეკის უქონლობის გამო არ გემსახურებიან. რა მნიშვნელობა აქვს ჩეკის არსებობას საგარანტიო სერვისისათვის, უფასოდ ხომ არავის გამატანდა 1000 ლარიან ნივთს, მაგრამ ეს შეგნებულად ხდება, რომ არ მოემსახურონ მომხმარებელს. არადა 9 თვეა ნერვები დამაწყვიტეს ვიყიდე კონდეციონერი რომელიც ბრაკია და არ მიცვლიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არაფერი არ იყიდოთ ტექნოლუქსის საგარანტიოთი და ცაბაძის მაღაზიებიდან ი.მ ,,სალომე მზარეულიშვილისაგან" სამწუხაროდ მოტყუებულები დარჩებით
ლია, CSRDG   11:30:24 2012-06-06  უპასუხე   
ნინო, თუ შეიძლება ცოტა უფრო დეტალურად მოყევით, რა გადაგხდათ. საგარანტიო მომსახურებით უკმაყოფილო მართლაც ბევრი მომხმარებელია და ამ საკითხში უფრო დეტალურად ჩახედვაა საჭირო.

თუ ტელეფონით (მაგალითად ცხელი ხაზით 2194242) დაგვეკონტაქტებით, შეგვიძლია წაგყვეთ მაღაზიაში ან საგარანტიო მომსახურების ობიექტზე და ადგილზე დაგეხმაროთ (შეძლებისდაგვარად) თქვენი უფლებების დაცვაში. ჩვენი შესაძლებლობები ამ მხრივ ძალიან დიდი არ არის ( იხ. აქ) მაგრამ მაინც.

nazi   15:19:39 2011-09-29  უპასუხე   
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. დიდი მადლობა, აწი მაინც მეცოდინება ჩემი უფლებები.
natia   03:55:02 2012-01-12  უპასუხე   
ასეთი საინტერესო და სარგებელი ინფორმაციისთვის დიდ მადლობას გიხდით!


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge