momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ჯანსაღი კვება, უალკოჰოლო სასმელები, რჩევები,

სიტყვას „წვენი“ უალკოჰოლო სასმელების დიდი ნაწილის მიმართ ვიყენებთ. სინამდვილეში, ბევრ ასეთ პროდუქტს, რომელსაც სავაჭრო ქსელში შევხვდებით, „წვენი“ არც კი აწერია.

2018 წელს საქართველოში ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ, რითაც საქართველო საერთაშორისო პრაქტიკას დაუახლოვდა. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომლებიც ქვეყანაში გასაყიდად განკუთვნილმა წვენებმა და სხვა მსგავსმა პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილოს.

პირველ ყოვლისა, საყურადღებოა, რომ პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს „ხილის წვენის“ სახელწოდებით, თუკი იგი უშუალოდ მწიფე ხილის გამოწურვის შედეგადაა მიღებული. ხოლო ყველა იმ პროდუქტს, რომელიც სხვა ტექნოლოგიისა, თუ ნედლეულის გამოყენებით მიიღება, განსხვავებული სახელწოდებები უნდა ჰქონდეს, ესენია:
• ხილის კონცენტრირებული წვენი, ანუ წვენის კონცენტრატი;
• კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი;
• წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი (დიფუზური წვენი);
• ხილის ნექტარი;
• სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი;
• მორსი.

თითოეული ამ პროდუქტის ზუსტ განმარტებას და მის მიმართ წაყენებულ კონკრეტულ მოთხოვნებს შეგიძლიათ ტექნიკურ რეგლამენტში გაეცნოთ. ზოგადად, ზემოთ დასახელებული სახეობების წვენები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. ხოლო ძირითადი განსხვავება წვენებსა და დანარჩენ სასმელებს შორის, უშუალოდ ხილის ოდენობაშია. ნექტარში, მორსში და ხილის სასმელებში ხილის შემცველობა უფრო ნაკლებია. მეტია წყალი და სხვა ინგრედიენტები.

ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული რიგი პროდუქტებისა შეიძლება გაიყიდოს ალტერნატიული დასახელებებით, რომლებიც რეგლამენტშია ჩამოთვლილი, მაგალითად, „vruchtendrank“ - ხილის ნექტარისათვის; „mosto“ - ყურძნის წვენისათვის და სხვა.

ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“ ან/და „100 %-იანი“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს.

გასაყიდი წვენებისა და სხვა მსგავსი სასმელებისათვის დაშვებულია სხვადასხვა სახის შაქრების, ვიტამინების, მინერალების, ზოგ შემთხვევაში (ტომატის წვენში) აგრეთვე მარილის, სუნელებისა და სხვა დამატება. თუმცა ყველა ინგრედიენტი, რომელიც ასეთ სასმელებს დაუმატეს, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს. ამიტომ კარგად გაეცანით პროდუქტების ეტიკეტს!

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი წვენი გამჭვირვალეა, ზოგი კი - მღვრიე. ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი ხილისა და კენკრის წვენი რბილობს საკმაოდ ცუდად შორდება (მაგალითად ატამი, გარგარი, ქლიავი, ალუბალი, მოცხარი), ამიტომ დაშვებულია, რომ წვენი ამ ხილის რბილობს შეიცავდეს. ასეთი წვენები მღვრიე გამოდის, მაგრამ ეს მათ ხარისხს არ ამცირებს, პირიქით - ისინი გამჭვირვალე წვენებზე უფრო სასარგებლოა.

შესაძლებელია წვენების ფალსიფიკაცია - მათი განზავება წყლით ან სხვა, უფრო იაფფასიანი წვენით (მაგ. ვაშლის, მანდარინის, გრეიფრუტის წვენით), ან წვენის დამზადება ხილის დაწნეხვის შემდეგ დარჩენილი მასის გამორეცხვით. ასეთ „წვენებს“ ნატურალური ფერისა და გემოს მისაცემად უმატებენ სხვადასხვა საღებავებს, არომატიზატორებს, დამატკბობლებს. სამწუხაროდ, ასეთი ფალსიფიკაციის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად არის შესაძლებელი.

თუმცა, წვენებში ზოგიერთი არასასიამოვნო დანამატის გამოვლენა სახლის პირობებში მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ძალიან იოლია გაარკვიოთ, შეიცავს თუ არა წვენი კონსერვანტებს: გადმოასხით წვენი ჭიქაში და გააჩერეთ თბილ ოთახში. თუ პროდუქტი კონსერვანტს არ შეიცავს, მან მეორე დღესვე „დუღილი“(იგულისხმება ბაქტერიული დუღილი, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა და პროდუქტის ამჟავება) უნდა დაიწყოს. თუ წვენში 2-3 დღის განმავლობაში დუღილი არ დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში კონსერვანტია დამატებული. მოერიდეთ ასეთი წვენის შეძენას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის (ბავშვებში კონსერვანტებმა დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს).

არსებობს აგრეთვე რამდენიმე მარტივი მეთოდი წვენებში ხელოვნური საღებავების აღმოსაჩენად. მაგალითად:
• ცოტაოდენ წითელი ფერის წვენს დაუმატეთ სოდა და აანჯღრიეთ. თუ წვენის ფერი შეიცვალა (მოლურჯო გახდა), ეს ნიშნავს რომ წვენის ფერი ნატურალურია. თუ წვენის ფერი არ შეიცვალა და კვლავ ისეთივე წითელი დარჩა, როგორიც იყო - ეს ხელოვნური საღებავის მაჩვენებელია.
• კიდევ ერთი მარტივი ცდა: აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვენი და დაამატეთ 3-4 წვეთი 10%-იანი ამიაკის წყალხსნარი (ანუ ნიშადურის სპირტი. იყიდება აფთიაქებში) და ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე. თუ წვენი ნატურალურია, იგი გამუქდება, ხოლო თუ წვენს სინთეზური საღებავი აქვს დამატებული, მისი ფერი არ შეიცვლება.

და კიდევ ერთი რჩევა: არ მოგატყუოთ წვენზე წარწერამ მასში დიდი ოდენობით C ვიტამინის შემცველობის თაობაზე. C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა, თავისთავად კონსერვანტიცაა და მას ხშირად ამ მიზნით უმატებენ პროდუქტებს. ამიტომ მისი დიდი ოდენობა პროდუქტში ყოველთვის ნატურალურობის მაჩვენებელი არ არის. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კონსერვანტად (ანტიოქსიდანტად) დამატებული ასკორბინის მჟავის მითითებას ეტიკეტზე, როგორც C ვიტამინის.

მასალის გამოყენებისას სავალდებულოა ვებსაიტის მითითება!




print version
15:06:03 2012-05-15

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge