ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21

მაწონი, იოგურტი და კეფირი რძეში სხვადასხვა მიკროორგანიზმების შეტანისა და ცხოველქმედების შედეგად მიღებული რძემჟავა პროდუქტებია. ყველა მათგანი სასარგებლო და გემრიელია, თუმცა თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულზე.

საერთო რჩევა ასეთია: ყოველთვის შეეცადეთ, შეიძინოთ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი, ანუ არა-პასტერიზებული პროდუქტი _ ის ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.

მაწონი

მაწონი ქართული ნაციონალური რძემჟავა პროდუქტია. დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მაწონი მთლიანად საქართველოში დამზადებულია. პროდუქტი სწრაფად (1-2 კვირაში) იყიდება და ამიტომ, ქარხნული წარმოების მაწვნებსაც კი პასტერიზაციას არ უკეთებენ. შესაბამისად, მაწონი „ცოცხალი” რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ბაზარზე იყიდება როგორც ქარხნული, ასევე კუსტარული წესით მომზადებული მაწონი. რომელი ჯობია? რთული სათქმელია. ქარხნული მაწონი სუფთა კულტურით და შესაბამის ჰიგიენურ პირობებშია მომზადებული და ამდენად უფრო უვნებელია. რა თქმა უნდა, ქარხნული მაწონის ძირითადი მასა არა ნატურალური რძისგან, არამედ რძის ფხვნილისგან არის დამზადებული. კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პროდუქტს ეტიკეტზე უნდა იყოს წარწერა „დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით”.

სხვათა შორის, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ რძის ფხვნილი კუსტარულად მომზადებული მაწვნის დამზადებისასაც იყოს გამოყენებული. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, თუ კუსტარულად მომზადებულ მაწონს ყიდულობთ, შეიძლება მისი მომზადებისას ჰიგიენური მოთხოვნები დაცული არ იყოს.

ამიტომ გირჩევთ, სოფლის მაწონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მისი მომზადება საკმარისად სუფთად ხდება. არ გირჩევთ, ბაზარში უცნობი ადამიანებისგან მაწვნის შეძენას.

სამწუხაროდ, კუსტარულად მომზადებული მაწვნის ფალსიციფირების შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია. ყველაზე ხშირად მაწვნისათვის წყლით განზავებულ რძეს იყენებენ, შემდეგ ამ ნაკლის დასაფარად და მაწვნისათვის სისქის მისაცემად კი პროდუქტს სახამებელს უმატებენ. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა ძალიან იოლია - ჩააწვეთეთ მაწონში ერთი წვეთი იოდის ხსნარი. თუ ის გალურჯდა - ესე იგი მაწონი ფალსიფიცირებულია.

გაითვალისწინეთ: ვინაიდან მაწონი ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახვისას იგი თანდათან სულ უფრო მჟავდება. ძალიან მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის (განსაკუთრებით მომატებული მჟავიანობის, წყლულების, ეროზიული გასტრიტის, პანკრეატიტისა და ჰეპატიტის დროს). ამიტომ გადამჟავებულ მაწონს ნუ მიირთმევთ. თუმცა ის შესაძლებელია გამოიყენოთ საკონდიტრო ან ფქვილოვანი ნაწარმის მოსამზადებლად

ვადაგასულმა და არასათანადო პირობებში შენახულმა მაწონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ნუ გამოიყენებთ დაძველებულ ან გაფუჭებულ მაწონს.

იოგურტი

თანამედროვე იოგურტის სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულია. თუმცა იგი დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს.

ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს.

„ცოცხალი” იოგურტის (ანუ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივრის პირობებში არ აღემატებს 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15ºC პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია.

ბაზარზე ვხვდებით ფალსიფიცირებულ პროდუქტებსაც, ასეთი „იოგურტები" იწარმოება რძის, სახამებლის, რძემჟავის, სხვადასხვა ხილფაფების ან არომატიზატორების და კონსერვანტების შერევით. მათი წარმოებისას არანაირი მიკრობიოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს. ამ პროდუქტების შენახვის ვადა ხშირად 6 თვემდეა. გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ ეტიკეტზე დატანილ მონაცემებს და თავი შეიკავოთ ასეთი პროდუქტის შეძენისაგან.

კეფირი

კეფირის სამშობლოდ იალბუზის მისადგომები ითვლება. დღესდღეობით ეს პროდუქტი ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იწარმოება და მოიხმარება. კეფირი ძალიან გემრიელი პროდუქტია, რომელიც, ისევე როგორც მაწონი, ძირითადად არაპასტერიზებულ მდგომარეობაში იყიდება. კეფირის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა პრობიოტიკების (ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე და ნივთიერებათა ცვლაზე) მაღალი შემცველობაა.

მართალია კეფირი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მოხმარებისას, მისი თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ:

  • მაწვნისა და იოგურტისგან განსხვავებით, კეფირი მცირე ოდენობით (1%-მდე) ალკოჰოლს შეიცავს. ამიტომ ის არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ბავშვებისა და ეპილეფსიით დაავადებულთათვის. გარდა ამისა, კეფირი ხასიათდება სუსტი საფაღარათო ეფექტით, შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დიარეისადმი, თავი უნდა შეიკაონ კეფირის მოხმარებისაგან;
  • ზოგადად, სასურველია ჯანმრთელმა ადამიანმაც კი კეფირი დღეში 400 გრამზე მეტი არ მოიხმაროს.
  • კეფირი იწვევს ნერვული და კუნთოვანი სისტემების რელაქსაციას (მოდუნებას), ამიტომ დაძაბული სამუშაოს წინ ჯობს თავი შევიკავოთ მისი დალევისაგან.

მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
19:35:46 2012-02-21

კომენტარის დამატება

ანუკ   14:43:08 2014-05-16  უპასუხე   
აი როგორ უნდა გააკეტო კეფირი უყურეტ, ან ტავადა დაგოგლეტ

რკინა არ იხმაროტ!

https://www.youtube.com/watch?v=wHlcswbgqVk

ლია   22:04:23 2013-07-31  უპასუხე   
როგორ შეიძლება კეფირის მომზადება სახლის პირობებში, იქნებ შეძლოთ და მისი მომზადების რეცეპტი მოგვაწოდოთ, მადლობას მოგახსენებთ წინასწარ და ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, პატივისცემით ლია.
თამარ, CSRDG   13:50:53 2013-08-01  უპასუხე   
სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით ლია. კეფირის მომზადების რეცეპტი არც ჩვენ ვიცით და ვერც ინტერნეტში ვიპოვეთ

ლია   22:01:29 2013-07-31  უპასუხე   
როგორ შეიძლება კეფირის მომზადება სახლის პირობებში, იქნებ შეძლოთ და მისი მომზადების რეცეპტი მოგვაწოდოთ, მადლობას მოგახსენებთ წინასწარ და ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, პატივისცემით ლია.

nino   14:01:44 2013-03-28  უპასუხე   
მოგესალმებით. ჰუმანას იოგურტი რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის? თუ მიპასუხებთ მადლობელი ვიქნები
ლია, CSRDG   12:25:37 2013-03-29  უპასუხე   
შევიძენთ და ვთხოვთ კომენტარს სურსათის ექსპერტს მის შემადგენლობაზე. მადლობთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge