ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
რძემჟავა პროდუქტები
რჩევები, რძის ნაწარმი, ჯანსაღი კვება,

ყველამ ვიცით, რომ რძეს თუ სითბოში გავაჩერებთ, ამჟავდება. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რომელი მიკროორგანიზმები გამრავლდა ამ დროს რძეში, ამჟავებული პროდუქტი შესაძლოა ან საზიანო გამოვიდეს, ან ძალიან გემრიელი და სასარგებლო. ასე მზადდება ე.წ."რძემჟავა პროდუქტები" - შემთბარ რძეში შეაქვთ სპეციალურად შერჩეული, სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურა (”დედო”), რომლებიც გამრავლებისას ახდენს რძის შემადგენელი კომპონენტების გარდაქმნას გემრიელ და უფრო ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებში. ასე კეთდება მაწონი, იოგურტი, კეფირი, არაჟანი, ხაჭო და სხვა პროდუქტები - მსოფლიოში სხვადასხვა დასახელების ასობით რძემჟავა პროდუქტი იწარმოება.

ყველა რძემჟავა პროდუქტი სასარგებლოა. ყოველი მათგანი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით, სასიამოვნო გემოთი და ადვილად ათვისების უნარით. ამასთან ერთად ეს პროდუქტები ისევე მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, როგორც რძე. როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ რძემჟავა პროდუქტების სისტემატიური მომხმარება აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. უკვე რამდენიმე კვირაში ნაწლავებში წყდება ლპობის პროცესები, ხდება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის გაუმჯობესება. განსაკუთრებით კარგი შედეგები მიიღწევა დისბაქტერიოზის, შეკრულობის, კოლიტის და მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს. რძემჟავა პროდუქტები სასარგებლოა როგორც ბავშვებისათვის ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანებისათვის.

ყოველივე ამის მიზეზი ის არის, რომ შედედების პროცესში დედოს მიკროორგანიზმების გავლენით რძეში მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო გარდაქმნები:

  • ნაწილობრივ იხლიჩება რძის ცილები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ მათ შეთვისებას: ასე, რძის ცილების შეთვისება 1 სთ-ის განმავლობაში არ აღემატება 32%-ს, რძემჟავა პროდუქტების ცილების შეთვისება, იგივე დროის განმავლობაში, 91%- ის ტოლია;
  • იშლება რძის შაქარი – ლაქტოზა, რომელიც ასაკოვანი ადამიანებისთვის ძნელი ასათვისებელია. ამის გამო რძემჟავა პროდუქტები, რძისაგან განსხვავებით, კარგად აითვისება ყველა ასაკის ადამიანის მიერ;
  • შედედების პროცესში წარმოიქმნება რძემჟავა, რომელიც ამუხრუჭებს ლპობის ბაქტერიების განვითარებას და ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალური, ორგანიზმისათვის სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას, მათ შორის ბიფიდობაქტერიებისას, რომლებიც ანადგურებენ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. იცავენ ნაწლავების ლორწოვან გარს ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისაგან;
  • რძემჟავა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის, რკინისა და ფოსფორის შეთვისებას. ამის გამო რძემჟავა პროდუქტები აუცილებელია ანემიითა და რაქიტით დაავადებული ბავშვებისათვის;
  • შედედებულ პროდუქტში მატულობს B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა, განსაკუთრებით ვიტამინ B2-ს;
  • შედედების (ფერმენტაციის) პროცესში გამომუშავდება ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რომლებიც თრგუნავენ ზოგიერთი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, მათ შორის ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებსაც;

თუმცა ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ ”ცოცხალ” პროდუქტს გააჩნია - ანუ პროდუქტს, რომელიც თერმულად დამუშავებული (პასტერიზებული) არ არის და დედოს მიკროორგანიზმები მასში ცოცხალია. ასეთ პროდუქტებს შედარებით მოკლე შენახვის ვადა აქვს (არა უმეტეს 2 კვირისა მაცივრის პირობებში) - ცოცხალი მიკროორგანიზმები პროდუქტში ცხოველქმედებას განაგრძობენ, ამიტომ შენახვისას პროდუქტი თანდათან მჟავდება და სამომხმარებლო თვისებებს მალე კარგავს.

თუ გსურთ, რომ რძემჟავა პროდუქტებმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, მათი არჩევისას უნდა შეეცადოთ სწორედ ასეთი, "ცოცხალი" პოდუქტი შეიძინოთ. ხშირად, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულიც არის, რომ იგი ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს. თუმცა ამის გარკვევა სხვაგვარადაც შეიძლება - წაიკითხეთ ეტიკეტზე არის თუ არა პროდუქტი პასტერიზებული და რამდენი აქვს შენახვის ვადა. თუ პროდუქტს აწერია, რომ იგი პასტერიზებულია, ან მისი შენახვის ვადა 1 თვეზე მეტია - ეს პროდუქტი ცოცხალ ბაქტერიებს ნამდვილად არ შეიცავს და ზემოთ აღწერილ სამკურნალო თვისებებს მისგან ნუ მოელით. მოკლე შენახვის ვადიან (2 კვირამდე) პროდუქტში კი შემადედებელი მიკროორგანიზმები, როგორც წესი, ცოცხალია.

მიუხედავად იმისა, თუ რა აწერია პროდუქტს, თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ სახლში გადაამოწმოთ, "ცოცხალია" ის თუ არა _ უბრალოდ გახსენით პროდუქტი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღე. თუ ის ამჟავდა _ ეს ნიშნავს, რომ მისი შემადედებელი მიკროორგანიზმები ცოცხალია. თუ სიმჟავე არ შეიცვალა და პროდუქტმა უბრალოდ ობი მოიკიდა - ეს პროდუქტი "მკვდარია".

სამწუხაროდ სამომხმარებლო ბაზარზე აგრეთვე იყიდება რძემჟავა პროდუქტების ფალსიფიკაციები - პროდუქტები, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა შემასქელებლების, უცხო ცხიმების, დამატკბობლების შერევით. დამახასიათებელი გემოს მისაცემად ასეთ პროდუქტს უმატებენ რძემჟავას, სხვადასხვა არომატიზატორებს, ზოგჯერ რძემჟავა ბაქტერიებსაც. ასეთი პროდუქტი შესაძლოა გემრიელი იყოს, მაგრამ სასარგებლო ის არ არის.

კოდექს-ალიმენტარიეუსის სტანდარტი CODEX STAN 206-1999 კრძალავს რძის პროდუქტის დასახელების გამოყენებას ისეთ პროდუქტზე, რომელიც რძისგან მიღებული არ არის. სამწუხაროდ, საქართველოს ეს საერთაშორისო სტანდარტი ეროვნულ სტანდარტად აღიარებული არ აქვს. ამიტომ  საქართველოში რძის პროდუქტების დასახელებით ხშირად სრულებით სხვა ნედლეულისგან მიღებული პროდუქტები იყიდება.

მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდიმითითება სავალდებულოა!




print version
15:17:24 2012-02-14

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge